in

„ჩვენ გავიმარჯვეთ, ქართულმა ჯგუფმა და ვაცხადებთ, რომ „სილქნეტმა” შეიძინა „ჯეოსელი”! – გიორგი რამიშვილი

„ჩვენ მოვაწერეთ ხელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რამდენიმე დღის წინ, Telia Company-სთან და Turkcell-თან და შევიძინეთ „ჯეოსელი“ ამ ორი სერიოზული კომპანიისგან, 7 თვიანი ტენდერის ჩატარების შემდეგ, ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული შედეგის დადება, ძალიან დიდი ბრძოლა ამისათვის. ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ქართულმა ჯგუფმა, ქართული საბანკო კონსორციუმით, თიბისი ბანკთან ერთად, ამ სინერგიამ, ამ თანამშრომლობამ გამოიღო ასეთი კარგი შედეგი და დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ „სილქნეტმა“ შეიძინა „ჯეოსელი“ (…) ეს არის ძალიან სერიოზული მესიჯი სილქნეტისა და ჯეოსელის უკვე ერთიანი აბონენტებისთვის, რომ ისინი მიიღებენ ყველაზე თანამედროვე, ყველანაირი სერვისით აღჭურვილ მომსახურებას. ეს იქნება როგორც ფიქსირებული, ასევე, მობილური სერვისები“, – ასე დაიწყო „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის „სილქ როუდ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა დღეს, 29 იანვარს გამართული პრესკონფერენცია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფისა” და თიბისი ბანკის წარმომადგენლებმა, მედიასაშუალებებს ოფიციალურად გააცნეს „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვის დეტალები და მიზნები.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შესახებ 26 იანვარს გახდა ცნობილი, 153 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციის შედეგად, შეიქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც „სილქნეტის” ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან გააერთიანებს. ტრანზაქცია დაფინანსდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონალური ბანკების სესხითა და „სილქნეტის“ საკუთარი კაპიტალით.

„ეს არ არის რიგითი ტრანზაქცია, ეს არის ყველაზე დიდი ტრანზაქცია, რაც მომხდარა ბიზნეს სექტორში, საქართველოში, დამოუკიდებლობის დღიდან და თავისთავად, ეს ტრანზაქცია არის ისტორიული ამ სექტორისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს მისცემს მომხმარებლებს, რომ მიიღონ ყველაზე თანამედროვე პროდუქტები, რაც კი დღეს მსოფლიოში არსებობს ტელეკომუნიკაციის სექტორში. ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ქართულ კომპანიას როდესაც შეუძლია ამხელა რესურსის მობილიზება, ეს მიუთითებს ამ კომპანიის დიდ შესაძლებლობებზე, დიდ პოტენციალზე, იმაზე, რომ ეს კომპანია აკმაყოფილებს კორპორატიული მმართველობის სტანდარტებს და მენეჯმენტი არის მზად ნებისმიერი გამოწვევისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, როგორც მათი პარტნიორებისათვის და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში, ეს ტრანზაქცია გამოიტანს ძალიან კარგ შედეგებს, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე, ჯეოსელისა და სილქნეტის თანამშრომლებისთვის“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ – ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვის პროცესის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.

Coca-Cola Zero-მ ესპანეთისთვის განსხვავებული შეფუთვა შექმნა!

„თაროებზე დაგვიცარიელდა სათამაშოები და გაყიდვებმაც იკლო“ – „თამაშობანას“ #შეცდომები