21
Jan
2019

ტარიფები და სააბონენტო – კიდევ რა იცვლება „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთათვის

21 Jan 2019

„სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთათვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთის“ განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „სილქნეტის“ („ჯეოსელი“) აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან. „ჯეოსელის“ აბონენტებს მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასურის გადახდა მოუწევთ. 20 თეთრი თითოეულ აბონენტს ყოველი თვის პირველ რიცხვში ჩამოეჭრება. „მაგთის“ შემთხვევაში კი სააბონენტო გადასახადი 180 დღეში 1 ლარი იქნება.

 

პაკეტები
„ჯეოსელის“ 5-ლარიან პაკეტ „მეტი S“-ის ღირებულება შვიდი ლარი ხდება, თუმცა პაკეტში 100 MB ინტერნეტის ნაცვლად 300 MB, 100 SMS-ის ნაცვლად კი 300 SMS იქნება. პაკეტი „მეტი M“, რომელიც აქამდე 10 ლარი ღირდა, 15 ლარი ხდება (1 GB ინტერნეტით და ულიმიტო SMS-ებით). ცვლილებები შეეხება „მეტი უსასრულო“ პაკეტსაც – ის 25-დან 30 ლარამდე გაიზრდება და 500 MB-ით მეტ ინტერნეტს მოიცავს.

„მაგთის“ აბონენტებისთვის პაკეტი „მარტივის“ ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება (მობილური ინტერნეტის მოცულობა იზრდება 1.5 GB-მდე).

ინტერნეტპაკეტები
იცვლება „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების მოხმარების პირობები. თუ აქამდე აბონენტებს 500 MB ინტერნეტის შეძენა 3 ლარად შეეძლოთ, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – ხუთ ლარად. მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი – 1 MB-ის ფასი 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი იქნება.

„ჯეოსელში“ ამცირებენ მობილური ინტერნეტის ერთი მეგაბაიტის საშუალო ფასს, ასევე პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ მეგაბაიტის ფასი 15 თეთრიდან 10 თეთრამდე მცირდება.

„მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტი
იზრდება „მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასიც და 27 ლარის ნაცვლად 30 ლარი ხდება, თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ ორმაგდება ინტერნეტის სიჩქარე.

„სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტი
„სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი უქმდება. შესაბამისად, აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +“).

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] და „მაგთის“ განცხადების საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ აბონენტთათვის მომსახურების […]