in

სილქნეტი წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონს წარადგენს

ინტერვიუ წინანდლის ფესტივალის გენერალურ დირექტორთან დავით საყვარელიძესთან

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წელს უკვე მერვედ აჩუქებს დაუვიწყარ დღეებს. 3–13 სექტემბერს, სილქნეტის წარდგენით, ჭავჭავაძეების ისტორიული მამული მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, დირიჟორებსა და ახალგაზრდა შემსრულებლებს უმასპინძლებს. 11-დღიანი პროგრამა 23 კონცერტს აერთიანებს და მუსიკალურ დღესასწაულად აქცევს ფესტივალის დღეებს.

წინანდალი ერთგულად ემსახურება თავისი მისიას — ხელოვნების ენით შექმნას სივრცე კულტურებს შორის ურთიერთობის გაღრმავების და ახალი კავშირების დამყარებისთვის. ფესტივალის პროგრამისა და მისიის შესახებ წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე გვესაუბრება:

ბატონო დავით, წინანდლის ფესტივალი წელს უკვე მერვედ მოუწყობს ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულს მსმენელს. რა ეტაპზეა ფესტივალისთვის მზადება?

ფესტივალისთვის მზადება ძალიან ადრე იწყება – ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და საქართველოშიც ასე მუშაობს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფესტივალი. წელს წინანდალი უპრეცედენტოდ ბევრ მუსიკოსს ელოდება. ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლავთ ჯანანდრეა ნოზედა, რომელსაც ისევე, როგორც მსოფლიოს წამყვან დირიჟორთა უმრავლესობას, კონცერტების განრიგი 3-4 წლით ადრე აქვს დაგეგმილი. ჩვენთან თანამშრომლობს ავი შოშანი, რომელიც 50 წლის განმავლობაში ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი იყო. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მარტინ ენგსტრომია – მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი.

ჩვენი მთავარი მიღწევა და განსაკუთრებული სიამაყეა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი. პროექტის ფარგლებში ცხრა მეზობელი ქვეყნიდან ვიწვევთ 27 წლამდე ასაკის გამორჩეულ მუსიკოსებს. მთელი წლის განმავლობაში ამ ქვეყნებში ტარდება შესარჩევი მოსმენები, რათა საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლები გამოვავლინოთ და ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობა მივცეთ მათ.

ამ პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან – კონსერვატორიებთან, მუსიკალურ სკოლებთან, ორკესტრებთან და მათ ხელმძღვანელებთან. ეს მასშტაბური და მრავალსაფეხურიანი სამუშაოა, რომელიც მუდმივ კოორდინაციასა და საერთაშორისო პარტნიორობას მოითხოვს. ფესტივალის არსებობაში განსაკუთრებული როლი აქვს კერძო სექტორს. რამდენიმე წელია სახელმწიფო დაფინანსებას აღარ ვიღებთ, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავება. ჩვენი უწყვეტი წარმდგენია კომპანია სილქნეტი, გენერალური პარტნიორი გახლავთ თიბისი კონცეპტი. ერთგულ მხარდაჭერას გვიწევს არაერთი კომპანია, მათ შორის სილქ დეველოპმენტი. განსაკუთრებით დასაფასებელია კერძო პირების წვლილი. ფესტივალის მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს გაიზიაროს ამ დღეების განსაკუთრებული ატმოსფერო და საკუთარი წვლილი შეიტანოს პროექტის განვითარებაში.

როგორია ფესტივალის წლევანდელი პროგრამა?

რეპერტუარი ყოველთვის რამდენიმე წლით ადრე იგეგმება, თუმცა წლევანდელი ფესტივალი თავისი მასშტაბითა და პროგრამის მრავალფეროვნებით ჩვენთვის გამორჩეულია. ფესტივალში 300-ზე მეტი მონაწილე იქნება ჩართული, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ასევე რეკორდულია საერთაშორისო სტუმრების რაოდენობაც.

ფესტივალს ქართველი ვირტუოზი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი გახსნის. პან კავკასიური ორკესტრის მონაწილეობითა და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით შესრულდება პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის პირველი სავიოლინო კონცერტი და რიმსკიკორსაკოვის სიმფონიური სიუტაშეჰერეზადა”. მსმენელს დაუვიწყარი საღამო ელის.

წლევანდელი ფესტივალის ერთერთი მთავარი მოვლენაა  ჟორჟ ბიზესკარმენი”, რომელიც დმიტრი კრიმოვმა დადგამსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა რუსეთის დატოვების შემდეგ საქმიანობა ნიუიორკში განაგრძო. მისი სპექტაკლი ეფუძნება პიტერ ბრუკის 1983 წლის ცნობილ ინტერპრეტაციას, რომელიც ოპერის კამერულ ფორმატს გვთავაზობს. წარმოდგენაში 15 მუსიკოსი და ოთხი სოლისტი მონაწილეობს. ესენი არიან: ანიტა რაჭველიშვილი, ნიკა ლაგვილავა, მიხეილ შეშაბერიძე და ანა ფალავანდიშვილი.

სპექტაკლი თანამედროვე ვიზუალური ტექნოლოგიებით იქნება გამდიდრებული – სცენაზე დიდი ეკრანები და ინსტალაციები განთავსდება. ამ პროექტმა უკვე გამოიწვია განსაკუთრებული საერთაშორისო ინტერესი. სტუმრებს ველოდებით დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

10 სექტემბერს შესრულდება გუსტავ მალერის მეორე სიმფონია – „აღდგომა“, რომელიც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ვოკალურსიმფონიური ნაწარმოები გახლავთ. პროექტს თბილისის ოპერის გუნდი შეუერთდება, ხოლო ორი გამორჩეული საოპერო სოლისტი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვა. მალერის ეს შედევრი, რომელიც ერთდროულად რთული, ემოციური და გრანდიოზულია, მსმენელზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს.

ფესტივალის დახურვაც არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება. წელს გვეწვევიან მსოფლიო დონის სოლისტები და მუსიკოსები. მათ შორისაა ბრწყინვალე ჩელისტი კიან სოლტანი. ასევე ველოდებით გამორჩეულ პიანისტებსა და მევიოლინეებს. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი კამერული მუსიკის დღეებს დაეთმობა. ზოგიერთ კონცერტზე ბილეთები უკვე სრულად გაყიდულია.

რამდენად აქცენტირებულია ფესტივალის საგანმანათლებლო კომპონენტი?

საგანმანათლებლო პროგრამებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ფესტივალი მხოლოდ საკონცერტო სივრცე არ არის – ის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს. ახალგაზრდა მუსიკოსები ფესტივალის დაწყებამდე თითქმის ერთი თვით ადრე ჩადიან წინანდალში. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ პროფესორმასწავლებლებთან, რომლებიც მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ინსტიტუციებს წარმოადგენენ. მათ შორის არიან სპეციალისტები ნიუიორკის მეტროპოლიტენ ოპერიდან, იტალიის წამყვანი ორკესტრებიდანასევე საერთაშორისო კლასის კონცერტმაისტერები. ისინი მთელი თვის განმავლობაში ატარებენ მასტერკლასებსა და ჯგუფურ მეცადინეობებს.

წინანდალის მამული XIX საუკუნიდან კულტურულსაგანმანათლებლო კერა იყო და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. აქ გამართული ყოველი ღონისძიება – იქნება ეს კონცერტი, გამოფენა, ლიტერატურული შეხვედრა თუ პოეზიის საღამო – კულტურული ცხოვრების გამდიდრებას და განათლების პოპულარიზაციას ემსახურება. სწორედ ეს ქმნის პროექტის მთავარ ღირებულებას. იმ სამუშაოს დაახლოებით 70 პროცენტი, რომელსაც მსმენელი ვერ ხედავს, საგანმანათლებლო პროცესებს, პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას ეთმობა. ეს ეხება არამხოლოდ სახელოვნებო მიმართულებებს, არამედ კულტურის მენეჯმენტს, ორგანიზაციულ პროცესებსა და განათლების სფეროსაც.

ჩვენი მიზანია, წინანდალი საქართველოში ხელოვნების ნამდვილ ეპიცენტრად ჩამოყალიბდეს. უკვე დაწყებულია ახალი, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ვენახების მიმდებარედ აშენდება 1200-ადგილიანი მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი. ეს სივრცე წლის ყველა სეზონზე იმუშავებს და მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლებს. წინანდლის მამულის განვითარების გეგმაზე მსოფლიოში აღიარებული იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი სტუდია მუშაობს, რაც პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

განვითარების რა ეტაპზეა წინანდლის ფესტივალი? ამჟამად რა გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება

ზოგადად, კლასიკური მუსიკა და აკადემიური ხელოვნება არ მიეკუთვნება იმ სფეროებს, რომლებიც მაღალი კომერციული მოგებით გამოირჩევა. პოპმუსიკის თუ სხვა კომერციული შემოქმედებითი ინდუსტრიებისგან განსხვავებით, ეს ხელოვნება დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ჩვენი დამფუძნებლები, მათ შორის სილქნეტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, რაც ჩვენი განვითარების ერთერთი მთავარი საფუძველია.

ქართველი მუსიკოსებისთვის ჩვენი ფესტივალი უკვე გარკვეულწილად იქცა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ერთგვარ ტრამპლინად. ჩვენი მიზანია, მომავალში ეს შესაძლებლობა არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ფესტივალის უცხოელი მონაწილეებისთვისაც შეიქმნას. საქართველოს უნდა ჰქონდეს ისეთი კულტურული და პროფესიული მნიშვნელობა, რომ აქ ჩამოსვლა ხელოვანებისთვის საინტერესო იყოს არამხოლოდ ადგილობრივი მაყურებლის წინაშე წარდგომის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენი ქვეყანა მათ ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებსა და კავშირებს გაუხსნის. სწორედ მაშინ გახდება საქართველო მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, რომელსაც მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში რეალური გავლენა ექნება. ეს მიზანი სრულიად რეალისტურია – უბრალოდ დროს, თანმიმდევრულ მუშაობასა და სწორი მიმართულებით განვითარებას მოითხოვს.

რას ნიშნავს წინანდლის ფესტივალი პირადად თქვენთვის? 

ჩემი დამოკიდებულება წინანდლის მიმართ ღრმად პატრიოტულია. ამ პროექტის მეშვეობით მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება საქართველოს, ჩემი სამშობლოს მიმართ. სწორედ ამიტომ, ყველა მიმართულებით ვეძებთ იმ ცოდნას, ტექნოლოგიებსა და გამოცდილებას, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო და უნიკალურ პრაქტიკებს წარმოადგენს.

საზღვარგარეთ არაერთი მეგობარი და პარტნიორი გვყავს, რომლებიც ძალიან აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებთ. მათ კარგად ესმით, რამდენად რთულია მსგავსი პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, სადაც მუდმივად ვაწყდებით სხვადასხვა გეოპოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევას. ჩვენ რთულ და ხშირად არასტაბილურ გარემოში ვმუშაობთ, რაც თითოეულ მიღწევას კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

ჩვენ თვალწინ გვაქვს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ფესტივალების მაგალითები – ვიცით, როგორ ვითარდებიან ისინი, რა პრინციპებით მუშაობენ და რა სიმაღლეებს აღწევენ. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მდგრადი წარმატება დროს, მოთმინებასა და თანმიმდევრულ მუშაობას მოითხოვს. სწორედ სილქნეტის, Silk Road Group-ისა და ფესტივალის გუნდის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შევძელით გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება. ვისწავლეთ, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და მუდმივად ვეძებოთ განვითარების ახალი შესაძლებლობები.

ფესტივალის წარმატება – იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვინც წლების განმავლობაში გვერდით გვიდგას, გვენდობა და ზურგს გვიმაგრებს.

წინანდლის ფესტივალის პროგრამა სრულად იხილეთ ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

კვლევა: რამდენი აპლიკაციის გამოყენებას ვასწრებთ, სანამ ვისაუზმებთ?

Mattel-მა Uno-ს მომხმარებლების მოთხოვნა მასშტაბურ მარკეტინგულ გამოცდილებად