სიმელოტე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომლის მიზეზად უმეტესად გენეტიკა სახელდება. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით FDA მხოლოდ ორ წამალს გვთავაზობს, რომლებიც პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს. ახლა კი ვიგებთ, რომ მეცნიერებმა პოტენციურ სამკურნალო საშუალებას მიაგნეს, რომლებიც ქალებსაც დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში და კაცებსაც.
მართალია, ჯერ ექსპერიმენტის ფაზაშია, მაგრამ თუ ეს მეთოდი ადამიანებშიც გაამართლებს, ალოპეციის სამკურნალოდაც გამოვიყენებთ. მეტიც, მისი დახმარებით პაციენტები ქიმიოთერაპიის შემდეგ დაკარგული წარბებისა თუ წამწამების გაზრდასაც კი შეძლებენ…
ყველაფერი შაქრის კვლევით დაიწყო, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად გვხვდება და გვეხმარება დნმ-ის ფორმირებაში, უფრო ზუსტად დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის დეოქსირიბოზის ნაწილის ჩამოყალიბებაში. მეცნიერები შეისწავლიდნენ, როგორ კურნავს ეს შაქარი თაგვებში ჭრილობებს ადგილობრივად გამოყენებისას და სწორედ მაშინ შენიშნეს შეფილდისა და COMSATS-ის უნივერსიტეტების მკვლევრებმა, რომ დაზიანების გარშემო ბეწვმა ჩვეულებრივზე სწრაფად ზრდა დაიწყო. სწორედ ამ ფაქტმა დააინტერესა ისინი, ამიტომ ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტეს.
ამგვარად, ექსპერიმენტებიც გაგრძელდა — მამრ თაგვებს ყოველდღიურად დეზოქსირიბოზის შაქრის გელს უსვამდნენ და ბეწვის ზრდას აკვირდებოდნენ. თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, გელი იმდენად ეფექტური იყო, როგორც მინოქსიდილი, თმის ცვენის სამკურნალო საშუალება, რომელიც Rogaine-ის ბრენდის სახელითაა ცნობილი.
„კვლევა გვეუბნება, რომ თმის ცვენის მკურნალობაზე პასუხი ისეთივე მარტივი შეიძლება იყოს, როგორც დეზოქსირიბოზის შაქრის გელის წასმა უთმო ადგილზე, რათა მეტი სისხლი მიეწოდოს თმის ფოლიკულებს ზრდისთვის“, — აცხადებს შეილა მაკნილი, მეცნიერი.
მემკვიდრეობითი სიმელოტე ან ანდროგენული ალოპეცია ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელსაც გენეტიკა, ჰორმონალური ცვლილებები თუ ასაკი იწვევს, განსხვავებული ფორმით ვლინდება მამაკაცებსა და ქალებში. ზემოთ ხსენებული მინოქსიდილის გარდა, FDA-მ ფინასტერიდი დაამტკიცა, რომელიც მამრობითი სქესის პაციენტებში თმის ცვენას 80-90%-მდე ამცირებს, თუმცა საკმაოდ ცუდი უკუჩვენებები ახლავს თან… ამიტომაც, სიმელოტის მკურნალობა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს.
აი, რაც შეეხება მეცნიერების მიერ შემოთავაზებულ შაქრის გელს, მამრ თაგვებში თმის 80-90% გაზარდა. 20-დღიანი ექსპერიმენტის შედეგები თავადაც შეგიძლიათ ნახოთ:
მართალია, სისხლის ნაკადის მატებაზე საუბრობენ, მაგრამ ჯერ ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვთ — „ჩვენი კვლევა საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა, შედეგები დამაიმედებელია და მეტ შესწავლას საჭიროებს“.
გამოდის, სანამ სიმელოტეს დავემშვიდობებით, ცოტა კიდევ უნდა მოვიცადოთ…