მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ.
მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, უვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.
ჩვენი მომდევნო დანიშნულების პუნქტია ბაღდათის რაიონის სოფელი მეორე ობჩა. ქუთაისიდან 30 კმ-ის მოშორებით, ჩხეიძეების მარანი მდებარეობს. აქ, ნინი ჩხეიძე ოჯახთან ერთად უძღვება მემკვიდრეობას, რომელიც დაიწყო მისი ბაბუა სიმონ ჩხეიძით – მეღვინით, რომელიც ერთ დროს, დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ღვინის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი იყო.

ჩხეიძეებთან შეგიძლიათ ტრადიციულ იმერულ გარემოში აღმოჩნდეთ, დაათვალიეროთ ღია მარანში განთავსებული ქვევრები, დააგემოვნოთ ბუნებრივი ღვინო, მოისვენოთ ცაცხვის ქვეშ, მიირთვათ იმერული კერძები და აღმოაჩინოთ არა მხოლოდ ადგილობრივი ვაზის ჯიშისგან წარმოებული ღვინოები, არამედ ვაზთან ურთიერთობის კულტურა. აქ, ღვინის საუკუნოვან ტრადიციებს ნინი ჩხეიძე ოჯახთან ერთად ინარჩუნებს. მან ღვინის სიყვარული, ახალ პროფესიად აქცია, სიღრმისეულად შეისწავლა და კვლავაც მუდმივ ძიებაშია. მარნის სტუმრებს ნინი პირადად მასპინძლობს და ღვინის სიყვარულს უზიარებს. ვაზთან ურთიერთობა ჩხეიძეებისთვის ცხოვრების ფილოსოფიაა – ბუნებასთან ჰარმონიაში, მინიმალური ჩარევითა და ამ კულტურისადმი ღრმა პატივისცემით.

მეორე ობჩის საგვარეულო კარმიდამოში, ქართული ვაზის ისეთ ადგილობრივ ჯიშებს ზრდიან, როგორებიცაა: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა და ოცხანური საფერე. იმ დროს, როცა ვაზის არაერთი ჯიში თითქმის დავიწყებას მიეცა, ჩხეიძეების ოჯახმა მათი აღდგენა გადაწყვიტა. ჩხეიძეების მარანი ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრია მისი დაფუძნების დღიდან და ქვევრში დაყენებულ ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. მარანში წლიურად 3000-5000 ბოთლამდე ისხმება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში იყიდება.
ჩხეიძეებთან სტუმრობა, იმერეთის გარდა, სამეგრელოს სოფელ ზანასა და წყნეთშიც შეგიძლიათ. სამეგრელოში, სოფელი ზანის ვენახებში ჩხეიძეები უვლიან მეგრულ ჯიშებს – ოჯალეშს, ეგურძგურსა და ჭვიტილურს. ასევე გაშენებული აქვთ საკოლექციო ვენახი, სადაც მივიწყებული მეგრული ჯიშების აღდგენაზე მუშაობენ. აქ დაგხვდებათ მეგრული ატმოსფერო, დიდი ხასხასა მწვანე ეზო, პატარა ტბა, ხეზე სახლი და მშვიდი მოსასვენებელი ატმოსფეროთ. ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ვაზის მეგრულ ჯიშებს და გასინჯონ ადგილობრივი სამზარეულო. ნინი სიამოვნებით გაგიზიარებთ ტრადიციული კერძების – ღომის, მეგრული ხაჭაპურის თუ სხვა კერძების – მომზადების კულტურას. აქ ყველაფერი ადგილობრივია – ბოსტნეულით დაწყებული, მწვანილით, ხილითა და სოფლის ყველით დამთავრებული.

თბილისთან ახლოს კი, წყნეთის თანამედროვე სადეგუსტაციო სივრცე ურბანული და თანამედროვეა, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიულად არის შერწყმული. ტყის პირას მდებარე სახლი დედაქალაქიდან მხოლოდ ნახევარი საათის სავალზეა, თუმცა სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადაგიყვანთ. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ ღვინო, ისიამოვნოთ იმერულ-მეგრული სამზარეულოთი, გაისეირნოთ ახლომდებარე ტყეში ან უძოს მონასტერი მოინახულოთ.












