in

Simple Steps – გასაუბრება დამსაქმებელთან, რომელიც ერთობლივი ბიზნესის საფუძვლად იქცა

ბიზნესის დაწყებისას, ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების სწორად შერჩევაა, ვისთან ერთადაც გვინდა შევუდგეთ საქმეს. სწორედ მათ ვეყრდნობით, ვუზიარებთ იდეებს და ხანდახან, ჭეშმარიტების ძიებაში, ვეკამათებით კიდეც. თანამოაზრეების პოვნა კი არც ისე მარტივია და არასოდეს ვიცით, სად აღმოვაჩენთ პოტენციურ პარტნიორს, ვისთან ერთადაც საქმის კეთების სურვილი გაგვიჩნდება. ეს ამბავიც ასეთია – ციფრული მარკეტინგის სააგენტო Simple Steps-ის დამფუძნებლებმა ერთმანეთი გასაუბრებაზე აღმოაჩინეს, თაზო დამსაქმებელი იყო, ნიკა – კანდიდატი. ერთობლივი ბიზნესის წამოწყებიდან ერთი წლის შემდეგ, თვლიან, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ერთმანეთი დაინახეს და როგორც მათსავე სააგენტოსთვისაა დამახასიათებელი, მარტივი ნაბიჯებით გადაწყვიტეს დამკვეთებისთვის ციფრული ყოველდღიურობის გაუმჯობესება. დღეს, Simple Steps კომპანიებს ციფრულ სამყაროში ადაპტირებასა და კომუნიკაციაში ეხმარება. სანამ სააგენტოს შესახებ გიამბობთ, Simple Steps-ის დაფუძნების ისტორიას გაგიზიარებთ, რომელიც რაღაცით ფილმის სიუჟეტს მოგვაგონებს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანი, დამსაქმებელი და მომავალი თანამშრომელი გასაუბრების პროცესში სხვა თემებზე საუბარმა გაიტაცა და დავალების შესრულების ნაცვლად, შეთანხმდნენ მომდევნო შეხვედრისთვის განეხილათ ბიზნეს-გეგმა, რომელიც ციფრული მარკეტინგული კომპანიის ქმედებებს წარმოადგენდა 1 წლის ჭრილში. ყველაფერი ძალიან მალე და მოულოდნელად განვითარდა – დასაქმებულის ხელში ოფისის გასაღები აღმოჩნდა რომელიც პირველ რიგში შესაბამისი ინვენტარითა და თანამშრომლებით უნდა დაეკომპლექტებინა, სანამ დამსაქმებელი თავის იმჟამინდელ საქმიანობას მიატოვებდა. ამგვარად, ერთ თვეში, დამსაქმებელი თაზო – გაყიდვებისა და ადამიანური რესურსების მართვის დიდი გამოცდილებით და ახლადდასაქმებული ნიკა – სტარბაქსის ანალიტიკოსთა ჯგუფთან ერთად ნამუშევარი მარკეტერი, სათავეში ჩაუდგნენ ციფრული მარკეტინგის კომპანია Simple Steps-ს და დამკვეთების მომსახურებაც დაიწყეს.

M: როგორ ჩამოყალიბდა Simple Steps-ის კონცეფცია, რა პრობლემის გადაჭრა განიზრახეთ მომხმარებლისთვის?

თავდაპირველი ჩანაფიქრი საკმაოდ მარტივი იყო. მოცემული პერიოდისთვის, 2021 წელს, საკმაოდ ბევრი ადამიანი ცდილობდა საკუთარი თავისა და ბიზნესის დამკვიდრებას სოციალურ ქსელებში, თუმცა ყველა პლატფორმა იმაზე პრობლემური აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, ამიტომაც გვსურდა მარტივი კომუნიკაციით, ჩვენი გამოცდილების გაზიარება და პროფესიონალური მომსახურების შეთავაზება, რაც მათ დროსა და ფინანსებს დაზოგავდა და გრძელვადიან პერსპექტივაში, მეტ შედეგს მოუტანდა.

Simple Steps-ის კონცეფცია დამყარებულია მარტივ კომუნიკაციაზე, დამკვეთი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს და აკეთებდეს იმ საქმეს, რაშიც თავად არის პროფესიონალი, ხოლო პროდუქტის გარეკლამება, რეკლამის შედეგების ანალიზი, კრეატიულ კონტენტზე მუშაობა და ციფრული არხების ტექნიკური გამართულობა ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

M: მოდით, მიმოვიხილოთ, ვისთვის არის გათვალისწინებული თქვენი სერვისები?

თითოეული ჩვენგანი აგროვებს კომპანიასთან ერთად გამოცდილებას და ეს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კომპანიები გარკვეულ კატეგორიებად იყოფა – ზოგიერთ მათგანს საერთოდაც არ ესაჭიროება პროფესიონალთა გუნდის მომსახურება დისტანციურად, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ჰყავდეს შიდა მარკეტინგული გუნდი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი კმაყოფილი დამკვეთია, ზოგჯერ უარის თქმაც გვიწევს სწორედ მსგავსი კომპანიებისათვის, როდესაც ვიცით, რომ მათ ბიზნესს აუცილებლად შიგნითვე ესაჭიროება თანამშრომლები. ასეთ დროს, მაქსიმალურად სწორი რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით. ჩვენი სერვისი, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ მზაობა სარეკლამო მხარე ჩააბარონ კომპანიას, რომელიც ფიზიკურად მათთან არ იქნება მუდმივი მუშაობის პროცესში.

M: გვესაუბრეთ გუნდზეცვის აერთიანებს Simple Steps?

Simple Steps-ის გუნდი საერთო ინტერესების გარშემო აერთიანებს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულ ადამიანებს. თითოეული ჩვენგანის მისწრაფებები გამოიხატება, როგორც პერსონალური, ასევე კომპანიის განვითარებით. ყველა ერთად ვზრუნავთ კომპანიის სახელსა და კეთილდღეობაზე. ერთად ვტკბებით გამარჯვებით და ღირსეულად ვხვდებით სირთულეებსაც. განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, გვაქვს საქმის მიმართ სიყვარული და ერთიანობა, რაც გვაძლევს თავისუფლებას, ვისწავლოთ მეტი და ვასწავლოთ ერთმანეთსაც.

M: კომპანიის დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ, როგორ შეაფასებდით მიღწეულ შედეგებს?

სულ ცოტა დროა გასული, რაც კომპანიას ერთი წელი შეუსრულდა. გასული წელი იყო სიახლეებითა და სირთულეებით დატვირთული, ჩქარ მდინარეში ცურვას ჰგავდა, სადაც შენთან ერთად, სხვებიც მიცურავენ, ზოგი სწრაფად, სხვები საერთოდაც – ნავით და არ უნდა ჩამორჩე არცერთ მათგანს. რამდენჯერმე ჩანჩქერის პირსაც მივადექით და გადავეშვით, ხან კარგად გამოგვივიდა, ხან – ცუდად. ახლა კი, თითქოს, დიდი ნახტომი განვახორციელეთ, რომლის შემდგომაც დამდგარი წყალია და ჩვენზეა დამოკიდებული, საით გავცურავთ, რა მიმართულებას ავირჩევთ.

 

[R]

საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემების მოწოდება იგეგმება

შეგვიძლია თუ არა ფიქრი სასაუბრო ენის გარეშე?