in

„სიმფოლიუმის“ ქართულ პროგრამას ამერიკის, კანადისა და ევროპის არქიტექტურული ვიზუალიზაციის წამყვანი სტუდიები იყენებენ“

„3D პროგრამა არქიტექტურული ვიზუალიზაციის სამუშაოს 40%-მდე ავტომატიზაციას უზრუნველყოფს“

Startauperi
Startauperi

მშენებლობის დასრულებამდე, ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნება საბოლოო შედეგი. დამკვეთს კი წინასწარ სურს ზედმიწევნით ზუსტად იცოდეს, რაში აბანდებს ფულს. სწორედ ამიტომ შეიქმნა არქიტექტურული ვიზუალიზაციის მიმართულება, რომელიც პროექტის რეალისტურად წარმოჩენას ემსახურება, მათ შორის, მარკეტინგული მიზნებისთვის. ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად ვითარდება. იმასაც ვარაუდობენ, რომ 2021 წლის ბოლოს, ბაზრის მოცულობა 6 მლრდ დოლარს გადააჭარბებს მაშინ, როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.91 მლრდ იყო.

თუმცა, ზრდასთან ერთად, ინდუსტრია სხვა გამოწვევის წინაშე დადგა:

„კომპლექსური ურბანული სივრცის 3D მოდელირება საკმაოდ შრომატევადი პროცესია და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს საჭიროებს. ამასთანავე, ძალიან ხშირად, დამკვეთები თავდაპირველი პროექტის დასრულების შემდეგ ითხოვენ ძირეულ ცვლილებებს, რაც ამ ყველაფრის ხელით გადაკეთებას მოითხოვს. ამაზე უზარმაზარი დრო, ფული და ენერგია იხარჯება.“

არქიტექტურული ბაზრისთვის დამახასიათებელმა ამ პრობლემამ მარიამ და ალექსანდრე ჯაფარიძეების ყურადღება მიიპყრო. გამოცდილებაც უწყობდათ ხელს – ალექსანდრე ათ წელზე მეტხანს მუშაობდა კანადაში, არქიტექტურული ვიზუალიზაციის სფეროში, 3D სპეციალისტად, მარიამი კი, კომპიუტერული გრაფიკისა და პროგრამირების მიმართულებით მუშაობდა საზღვარგარეთ. ერთობლივი გამოცდილებაც რომ დააგროვა, და-ძმამ გადაწყვიტა ერთობლივი ცოდნითა და ძალისხმევით, კომპიუტერული გრაფიკის სფეროსთვის სრულიად ახალი ინსტრუმენტები შეექმნა.

Simpolium-მდე არ არსებობდა ხელსაწყო, რომელიც რუტინული 3D მოდელირების სამუშაოს ამ დონეზე ავტომატიზაციას შეძლებდა და ამასთან, მიღებული შედეგი სტანდარტულზე ბევრად მაღალი ხარისხის იქნებოდა.“

პროგრამაზე დაახლოებით 2 წლის მანძილზე მუშაობდნენ, რამდენიმე სასაათო სარტყლის დაშორებით – ალექსანდრე კანადიდან, მარიამი – უკრაინიდან. სრულგანაკვეთიანი სამსახურების მიუხედავად, პოულობდნენ დროს და საკუთარი რესურსებით ქმნიდნენ ახალ პროდუქტს.

„ჩვენი პროგრამა Cityscape Pro („სითისქეიფ პრო“) ურბანული მოდელირების ყველა არსებულ პრობლემას ჭრის. პროგრამას მხოლოდ ნახაზის და სასურველი პარამეტრების მიწოდება სჭირდება, რისგანაც მას მაღალი ხარისხის 3D მოდელის შექმნა შეუძლია, ლანდშაფტით, გზებით, ტროტუარებითა და გზის სხვა მრავალი ელემენტით. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მხოლოდ ამ ნახაზის ჩასწორებაა საჭირო, ახალი მოდელი კი ავტომატურად გამოითვლება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. „სითისქეიფ პრო“ უკვე გამოიყენება მსოფლიოს არქიტექტურული ვიზუალიზაციის ბევრ სტუდიაში და მისი დახმარებით პროფესიონალებს წარმოუდგენლად გაუადვილდათ სამუშაო პროცესი.“

იმის გამო რომ ინდუსტრიაში მსგავსი ხელსაწყო არ არსებობდა, ჯაფარიძეები უამრავ სირთულეს წააწყდნენ. თუმცა, კვლავინდებურად დაუღალავად განაგრძობდნენ ღამეების თენებას:

„ვათენებდით ღამეებს, რადგან გვჯეროდა, ეს პროგრამა არსებულ რეალობას მნიშვნელოვნად შეცვლიდა. ბეტა ტესტირებაში მონაწილეობას იღებდა კანადური კომპანია, რომელმაც რეალურ, მასშტაბურ პროექტებში გამოიყენა „სითისქეიფ პრო“. ეს ძალიან დაგვეხმარა რომ საბოლოო პროდუქტი მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული ყოფილიყო. დღეს კი, „სითისქეიფ პრო“ მათი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია.“

მალე, პანდემია დაიწყო…

„პატარა ბავშვების და სამსახურების ფონზე იზოლაციაში წარმოუდგენლად რთული გამოწვევების წინაშე დავდექით. ბევრჯერ ვიყავი მოტივაციის დაკარგვის ზღვარზე. მაგრამ, ერთმანეთს ხელი შევუწყვეთ, არ დავნებდით და 2020 წლის ზაფხულში საერთაშორისო ბაზარზე დავიწყეთ „სითისქეიფ პროს“ კომერციული გაყიდვები.“

პანდემიური კრიზისთან გამკლავება Simpolium-სად მოუწია. თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე შესვლიდან სულ რამდენიმე თვეში, 2200-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი დააგროვა

„ძირითადი სამიზნე აუდიტორია არის არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიები ამერიკაში, კანადასა და ევროპის ქვეყნებში. ჩვენს პროგრამას ასევე იყენებენ ფრილანსერები და არქიტექტურული კომპანიები.“

სტარტაპმა განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა 500 Georgia-ში, სადაც რჩეულ ათეულს შორის მოხვდა:

„სიმფოლიუმისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო 500 Startups აქსელერატორში მონაწილეობა, რადგან, საერთაშორისო ბაზარზე დიდი გამოცდილების მქონე უცხოელმა მენტორებმა სწორი მიმართულებები მოგვცეს მარკეტინგის, გაყიდვების და ბიზნესის განვითარების კუთხით და მათი რეკომენდაციები გლობალური ხედვის ჩამოყალიბებაში ძალიან დაგვეხმარა.“

Simpolium-ის ხედვა მომავლისკენ:

„ამჟამად, Cityscape Pro წარმოდგენილია როგორც ინდუსტრიაში წამყვანი 3D პროგრამის, 3ds Max-ის გაფართოება. მომავალში, ვგეგმავთ უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლას, Sketchup-ისა და სხვა მსგავსი პლატფორმების მხარდაჭერას.

ასევე, საგანმანათლებლო მიმართულებაზეც ვმუშაობთ და მიზნად გვაქვს, მომავალში Cityscape Pro მსოფლიოში არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტანდარტად იქცეს.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

სიხარულის ალქიმია, ანუ მოგზაურობა სამი კოენის ცნობიერებაში

მედიცინის სრულად ციფრული მიმართულება და ქართული პლატფორმა, Radiolo.ge ფრილანსერი ექიმებით