როგორი სამუშაო გარემო ეხმარება გუნდებს მაქსიმალური შედეგების მიღწევაში? გამორჩეული გუნდების საიდუმლოს ამოსაცნობად ჩატარდა კვლევა. მასშისხვადასხვა ინდუსტრიის ექვსი ათასზე მეტი ინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანი მონაწილეობდა, განსაკუთრებულად ეფექტური ჯგუფები გამოავლინა. მათი წარმატების ანალიზისას მკვლევრებმა შეისწავლეს ლიდერობის პრაქტიკა, შიდა ჩვევები, სამუშაო გრაფიკი და ოფისის ბენეფიტები. მონაცემებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთი ფაქტორი განასხვავებდა სუპერგუნდებს სხვებისგან და ეს არის მშვიდი ადგილი ფოკუსირებული მუშაობისთვის. ასეთი გუნდების წევრებს ორმოცდათორმეტი პროცენტით უფრო ხშირად ჰქონდათ წვდომა სივრცეზე, სადაც შეუფერხებლად კონცენტრირებას ახერხებდნენ.
ეს იმიტომ ხდება, რომ ეფექტური კოლაბორაცია მხოლოდ მუდმივ ერთად ყოფნას არ ნიშნავს. გუნდებს სჭირდებათ დრო იდეების განსახილველად და გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოსაყვანად თითოეულ წევრს კრიტიკული აზროვნება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა მოეთხოვება. ეს პროცესი კი შეუფერხებელ კონცენტრაციას, მშვიდ სამუშაო გარემოს მოითხოვს.
დებატები დისტანციურ მუშაობაზე
ფოკუსირების სურვილი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დისტანციური მუშაობა ასეთი მიმზიდველი გახდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისი ოფისებიც კონცენტრაციის საშუალებას არ იძლევა. სახლიდან მუშაობა აქრობს საოფისე ცხოვრების ბევრ ხელისშემშლელ ფაქტორს, ფონურ ხმაურს, მოულოდნელ სტუმრებსა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის განცდას.
წარსულში ინდივიდუალურ პროდუქტიულობაზე ჩატარებულმა კვლევებმა არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა – ზოგან ოცპროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა, ზოგან კი მცირე კლება. ამიტომ, მიმდინარე პროექტში აქცენტი არა ინდივიდუალურ, არამედ გუნდურ ეფექტურობაზე გაკეთდა. მკვლევრებს აინტერესებდათ, სად ჩნდებიან სუპერგუნდები, აძლევს თუ არა მათ უპირატესობას პირისპირ ინტერაქცია, მოაქვს თუ არა უკეთესი შედეგი სახლიდან მუშაობას, ან იქნებ საუკეთესო არჩევანი ოფისის სტრუქტურისა და სახლის მოქნილობის კომბინაცია, ანუ ჰიბრიდული მოდელია.
აღმოჩნდა, რომ წარმატებული გუნდები თანაბარი ალბათობით იქმნება როგორც დისტანციურ, ისე ჰიბრიდულ ან სრულად ფიზიკურ გარემოში. ეს მიგნება არალოგიკური ჩანს, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ სამუშაოს ნებისმიერი ფორმატი ქმნის საკუთარ ბარიერებს ფოკუსირებისთვის. ფიზიკური გუნდები ხშირ შეწყვეტებსა და ხმაურს ებრძვიან, ხოლო ჰიბრიდულ გარემოში თანამშრომლები შეტყობინებებისა და ვიდეოზარების რაოდენობას ზრდიან ოფისში ყოფნის დღეებშიც კი. შედეგად ვიღებთ ორივე სამყაროს უარეს მხარეს: ადამიანები მიდიან ოფისში მხოლოდ იმისთვის, რომ მთელი დღე ვირტუალურ შეხვედრებსა და პასუხების წერაში გაატარონ, რაც ფოკუსირებული მუშაობისთვის დროს საერთოდ არ ტოვებს.
როგორ და არა სად
კვლევამ აჩვენა, რომ წამყვანი გუნდები მიზანმიმართულად ქმნიან ფოკუსირების შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მუშაობენ წევრები. ისინი აწესებენ სპეციალურ საათებს, როდესაც შეტყობინებებზე მყისიერი პასუხის მოლოდინი არ არსებობს, და ნერგავენ უშეხვედრო დღეებს, რაც დიდ უწყვეტ დროს ათავისუფლებს მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს გუნდები ამცირებენ ყოველდღიური შეფერხებების საჭიროებას. ისინი დეტალურად აკეთებენ რუტინული დავალებების დოკუმენტირებას და იყენებენ თასქ-მენეჯმენტის სისტემებს, სადაც პროექტის სტატუსის შემოწმება კოლეგების შეწუხების გარეშეა შესაძლებელი. სუპერგუნდები მუდმივი თათბირებისა და მიმოწერა-ჩატების ნაცვლად ქმნიან სისტემებს, სადაც ინფორმაციის პოვნა და პროგრესის თვალყურის დევნება მარტივია. მოკლედ რომ ვთქვათ: ის, თუ როგორ მუშაობს გუნდი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ საიდან მუშაობს იგი.
მომავლის სტრატეგია ლიდერებისთვის
მაღალ პროდუქტიულობაზე მონოპოლია არცერთ სამუშაო მოდელს არ აქვს. გამორჩეული გუნდები თავს იმით იმკვიდრებენ, რომ იცავენ ფოკუსირებულ მუშაობას ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ. ეს მიგნებები სამ მთავარ რჩევას აძლევს ლიდერებს უკეთესი პირობების შესაქმნელად.
უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებული მუშაობა კოლაბორაციის განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. საუკეთესო თანამშრომლობა იშვიათად იბადება მუდმივი ინტერაქციით. გუნდს სჭირდება დამოუკიდებელი ფიქრის სივრცე იდეების დასახვეწად. ბრეინსტორმინგის კვლევებიც ადასტურებს, რომ ჯგუფები, რომლებიც ერთად გენერირებენ იდეებს, ხშირად ნაკლებად ორიგინალურ შედეგებს იღებენ, ვიდრე ისინი, სადაც წევრები ჯერ ინდივიდუალურად მუშაობენ და იდეები საერთო განხილვაზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვთ. ამ პრაქტიკას იდეების წინასწარ ჩაწერასაც უწოდებენ. ეფექტური თანამშრომლობა ჯგუფურ პროცესში მათ ინდივიდუალურ წვლილს ეყრდნობა. საუკეთესო ლიდერები აცნობიერებენ, რომ გუნდური მუშაობა თანაბრად არის დამოკიდებული როგორც ცალკეული ადამიანის ძალისხმევაზე, ისე საერთო განვითარებაზე.
მეორე ნაბიჯია ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც კონცნტრაციის დროს იცავს. ყოველი შეხვედრა და შეტყობინება გარკვეულ საოპერაციო ფასს აწესებს. ერთი შეხედვით, მცირე შეფერხება უმნიშვნელოა, თუმცა დღის განმავლობაში მათი დაგროვება ყურადღებას ფრაგმენტულს ხდის და კომპლექსურ საქმეზე პროგრესს თითქმის შეუძლებელს ხდის. გლობალური რეფორმების ნაცვლად, უმჯობესია მცირე ექსპერიმენტებით დაწყება: კვირაში ერთხელ ან ორჯერ სამოცწუთიანი ფოკუს-ბლოკების დაწესება, როდესაც შეხვედრები და შეტყობინებები იზღუდება, შემდგომ კი ამ გამოცდილების გუნდური ანალიზი. საუკეთესო გუნდები ეფექტურ მოდელებს შემთხვევით კი არ პოულობენ, არამედ მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს, სწავლობენ და ადაპტირდებიან.
მესამე პრინციპია თანამშრომლებისთვის მეტი კონტროლის მიცემა იმაზე, თუ სად შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს. წერა, რთული ინფორმაციის ანალიზი და სტრატეგიული ფიქრი უწყვეტ სიმშვიდეს მოითხოვს, ხოლო პრიორიტეტების შეჯერება და გადაწყვეტილებების მიღება საერთო დისკუსიებით უფრო პროდუქტიულია. ამ მოქნილობისთვის ოფისის სრული გადაკეთება საჭირო არ არის, საკმარისია გარკვეულ საათებში საკონფერენციო ოთახების მშვიდი მუშაობისთვის დაჯავშნა, ნაკლებად ხმაურიანი ზონების შექმნა ან თანამშრომლების წახალისება, რათა სივრცე მიმდინარე დავალების სპეციფიკის მიხედვით აირჩიონ.
წყარო: HBR











