აორთქლება მუდმივად ხდება, დაწყებული ჩვენი სხეულის ოფლიდან, რომელიც სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში გვეხმარება, დამთავრებული დილის მზით აორთქლებული ნამით… თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროცესის მეცნიერულ გააზრებას მთელი ამ დროის მანძილზე რაღაც აკლდა. ამ რაღაცამ კი მკვლევრებს ექსპერიმენტებისკენ უბიძგა, რომლის დასკვნაც შემდეგია:
„კონკრეტულ გარემოებებში, იქ, სადაც წყალი ხვდება ჰაერს, სინათლემ, შესაძლოა, აორთქლება გამოიწვიოს, სითბოს საჭიროების გარეშე. ფაქტობრივად, ის ამას უფრო ეფექტურად აკეთებს, ვიდრე სითბო“, — ვკითხულობთ MIT-ის სამეცნიერო ნაშრომში.
საინტერესოა ისიც, რომ ექსპერიმენტებში წყალი ჰიდროგელის მასალაში ინახებოდა, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ფენომენი, შესაძლოა, სხვა პირობებშიც მოხდეს. ამან მნიშვნელოვანი როლი შეიძლება, შეასრულოს როგორც ნისლისა და ღრუბლების ფორმირებაში, ისე მათ ევოლუციაში. და თუ ეს სიმართლე გამოდგება, მათი ჩართვაც მნიშვნელოვანი იქნება კლიმატურ მოდელებში, რათა იგი უფრო ზუსტი გახდეს. მეტიც, მას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ბევრ ინდუსტრიულ პროცესშიც, მაგალითად მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის დეზალიზაციის სისტემისთვის…
ახალი აღმოჩენა კი გასაოცარია, რადგან თავად წყალი არ შთანთქავს სინათლეს რაიმე მნიშვნელოვანი ხარისხით. სწორედ ამიტომ ვხედავთ ზედაპირს სუფთა წყლის მეშვეობით… ამგვარად, მრავალი ტექნიკისა თუ პროცესის შერწყმის შემდეგ, მკვლევრებმა წყლის ზედაპირი სხვადასხვა ფერის შუქს შეუსაბამეს და აორთქლების სიჩქარეც გაზომეს. დაადგინეს, რომ ეფექტი ფერის მიხედვით იცვლებოდა და პიკს მწვანე შუქის კონკრეტული ტალღის სიგრძეზე აღწევდა. ფერზე ამგვარ დამოკიდებულებას არავითარი კავშირი ჰქონდა სითბოსთან, რაც კვლავ ადასტურებს აზრს, რომ აორთქლების ნაწილს მაინც თავად სინათლე განაპირობებს.
მკვლევრები განმარტავენ, რომ სტანდარტულად „ეს ორი ნაბიჯისგან შედგება, პირველი ჩვენ წყალს ორთქლად ვაქცევთ, შემდეგ კი ორთქლის კონდენსაციას მივმართავთ, რათა იგი მტკნარ წყლად გათხევადდეს, ასე კი პოტენციურად შეგვიძლია, აორთქლების მხრივ, მაღალ ეფექტურობას მივაღწიოთ. შესაძლოა, ეს მასალების შრობის პროცესშიც გამოგვადგეს“.
ამ ეტაპისთვის კი მეცნიერები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვა ჯგუფებთან, რათა მიღებული დასკვნები გაიმერონ და არსებული ჰიპოთეზაც დაადასტურონ…