ქალაქებს, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებს, არასდროს სძინავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინათლე და ხმაური მუდმივი თანამგზავრებია. საცობების ხმაური, ქუჩის განათებები და სხვა, მხოლოდ იმ მომენტში კი არ გვიქმნის დისკომფორტს, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაშიც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ამას სინათლითა და ხმაურით დაბინძურებას უწოდებენ და ის თანამედროვე ურბანული ცხოვრების ორი თანმდევი ასპექტია, რომელზეც იშვიათად საუბრობენ, თუმცა გარემოს დამცველები მიგვითითებენ, რომ ყურადღება მივაქციოთ.
ქრონიკული ხმაური და სტრესი
ქალაქის ცხოვრება ხმაურიანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გარემოს ხმაურს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს და მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, მაღალ არტერიულ წნევასთან, ინსულტთან და ნაადრევ სიკვდილთანაც კი აკავშირებს.
მისი გავრცელებული წყაროებია:
- მოძრაობა (მანქანები, მატარებლები, თვითმფრინავები)
- მშენებლობისა და სამრეწველო ხმაური
- ღამის ცხოვრება და მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი უბნები
ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედება ნერვულ სისტემას მომატებულ აგზნებადობაში ამყოფებსრაც სტრესის ჰორმონების, როგორიცაა კორტიზოლი და ადრენალინი, გამოყოფას იწვევს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს:
- გულისცემისა და არტერიული წნევის მომატება
- ძილის დარღვევა და ძილის ხარისხის დაქვეითება
- კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის შემცირება
- შფოთვისა და დეპრესიის მომატებული რისკი
ამ სიტუაციაში ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან. კვლევები აჩვენებს სწავლის დარღვევებს, კოგნიტიური განვითარების შეფერხებასა და კოგნიტიური დაქვეითების უფრო მაღალ რისკს.
ხელოვნური სინათლე და ძილის დარღვევა
ხელოვნურმა განათებამ, რომელიც იწყება ქუჩის განათების და სმარტფონებით მთავრდება, შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მან დაარღვია ადამიანის ბუნებრივი რიტმები, რომლებიც არეგულირებდა ძილს, ჰორმონების გამომუშავებას, საჭმლის მონელებას და სხეულის ტემპერატურას. ღამის საათებში ლურჯი ფერის ხელოვნური სინათლის მუდმივი ზემოქმედება აფერხებს ორგანიზმში მელატონინის გამომუშავებას, ჰორმონს, რომელიც ძილის დროზე მიუთითებს. შედეგად კი, ძილის ხანგრძლივობა მცირდება, ხოლო უძილობის რისკი იზრდება. მელატონინის ციკლების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბწონიანობა, დიაბეტი, კიბო და მენტალური დარღვევები.
კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მკრთალი განათებაც კი გავლენას ახდენს მელატონინის დონეზე.
სახიფათო დუეტი: ხმაური + სინათლე = უძილობა, სტრესი და ავადმყოფობა
მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურების თითოეული ფორმა თავისთავად მავნებელია, თუმცა მათი კომბინირებული ეფექტი შეიძლება კიდევ უფრო სავალალო იყოს. მაგალითად, ხმაურიან გზასთან ახლოს ცხოვრება, სადაც ქუჩის განათება კაშკაშაა, ზრდის ძილის პრობლემებს, რაც ქრონიკული დაღლილობისა და იმუნური ფუნქციის დაქვეითების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.
ცუდი ძილი მხოლოდ დაღლილობის შეგრძნებას არ ნიშნავს. ის ჯანმრთელობის მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული: გულის დაავადება, მე-2 ტიპის დიაბეტი, დეპრესია და შფოთვა, კოგნიტიური დაქვეითება.
ვინ არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ
მიუხედავად იმისა, რომ სინათლითა და ხმაურით დაბინძურება გარკვეულწილად თითქმის ყველას აწუხებს, გარკვეული ჯგუფები უფრო დაუცველები არიან ბიოლოგიური, გარემოსდაცვითი ან სოციალური ფაქტორების გამო. უფრო დეტალურად განვიხილავთ, თუ ვის ემუქრება ყველაზე დიდი რისკები:
გზატკეცილების, აეროპორტების ან ღამის ცხოვრების ზონების მახლობლად მცხოვრები ადამიანები
ასეთი ადგილების მცხოვრებლები მუდმივად განიცდიან ხმაურისა და სინათლის ცვალებადი დონის ზემოქმედებას. საგზაო ხმაური, განსაკუთრებით, მძიმე სატვირთო მანქანების, გვიან ღამით მოძრავი მანქანების ან ხშირი სირენების ხმაური, შეიძლება ღამითაც გაგრძელდეს, რაც ხელს უშლის ღრმა ძილს.
ამასობაში, კაშკაშა ქუჩის განათებამ, განათებულმა აბრებმა ან ახლომდებარე ადგილებმა შეიძლება საძინებლები ხელოვნური განათებით დატვირთოს.. დროთა განმავლობაში მსგავსი გარემო ხელს უწყობს ძილის ქრონიკულ უკმარისობას, სტრესს, ჰიპერტენზიისა და გულის დაავადებების გაზრდილ რისკს.
ასევე, რისკის ქვეშ არიან ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებსაც ღამის ცვლაში უწევთ მუშაობა, იქნება ეს ექიმები, ექთნები, ღამის ობიექტების პერსონალი და ა.შ. მათი მელატონინის გამომუშავება ხშირად დარღვეულია, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელ პრობლემებს, დეპრესიასა და ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეტაბოლური სინდრომის მომატებულ მაჩვენებლებს.
როგორ შევცვალოთ ჩვევები პერსონალური ქცევებიდან ურბანულ დონემდე
ყოველ ჩვენგანს შეუძლია, პერსონალურად შეცვალოს ყოველდღიური ჩვევები, მაგალითად, გამოიყენოთ მუქი ფარდები და თვალის ნიღბები, შეამცირეთ ეკრანთან გატარებული დრო ღამით, ასევე, ლურჯი სინათლის ფილტრები; ატარეთ ყურის საცობები ხმაურიან ადგილებში, დაიცავით ძილის თანმიმდევრული გრაფიკი, შაბათ-კვირასაც კი.
რისი გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სტრუქტურებს
პირველ რიგში, ეს არის ხმაურის შემცირების რეგულაციების დანერგვა, ქუჩის უფრო თბილი, ქვევით მიმართული განათების დაყენება, ქალაქის გამწვანება – ხეები და მწვანე სახურავები შთანთქავს ხმაურსა და სინათლეს.
რაც უფრო ნათელი და ხმაურიანი ხდება ჩვენი ქალაქები, მით უფრო პრობლემდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. სინათლითა და ხმაურით დაბინძურება მხოლოდ უსიამოვნება არ არის, ის ცხოვრების ხარისხზეც აისახება, ამიტომ საჭიროა, ამაზე ყველამ ერთად იზრუნოს.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.












