„სინერჯი ჯგუფი“ მსხვილ კომპანიებს მართვის სისტემების დიაგნოსტიკას პრო-ბონოდ სთავაზობს. ესაა საბაზისო ბიზნესპროცესების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და შრომის ანაზღაურების სისტემის საფუძვლიანი შესწავლა, რომელიც 3-4 კვირის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის კომპანიას მასში მიმდინარე გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ. „სინერჯი ჯგუფის“ ხედვით, ეს არის ეფექტური გზა, რომ საკონსულტაციო გამოცდილებით კომპანიებს მსგავსი პრაქტიკის გაზიარებაში შეუწყონ ხელი. დიაგნოსტიკა უფასოდაა ხელმისაწვდომი იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული.
„დიაგნოსტირება დამოუკიდებელი და სრულფასოვანი პროდუქტია. ის არ გულისხმობს დასრულების შედეგად დამატებითი მომსახურებების ყიდვას, კომპანიის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და ღირებული პროექტი კომპანიისთვის. ჩვენთვის საინტერესოა, რომ კომპანიები გაეცნონ ჩვენი მუშაობის სტილს და სამომავლოდ, თავად გადაწყვიტონ თანამშრომლობის საკითხი“, – ამბობენ „სინერჯი ჯგუფის“ წარმომადგენლები.
დეტალების გასაცნობად, შეგიძლიათ შეხვედრაც ჩანიშნოთ. მანამდე კი, „სინერჯი ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად გავერკვიოთ, რას გულისხმობს მართვის სისტემების დიაგნოსტიკა და როგორ შეგიძლიათ ამ სერვისის უფასოდ მიღება თქვენი კომპანიის განვითარებისთვის.
M: რა საჭიროებაა ბაზარზე და რატომ მიიჩნიეთ პრიორიტეტულად, რომ მსხვილი კომპანიებისთვის მართვის სისტემების დიაგნოსტიკა უფასოდ შეგეთავაზებინათ?
დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე 150-მდე კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ხშირ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციებს აქვთ სისტემური გამოწვევები, რომლებთან გამკლავებასაც საკუთარი ძალებით ცდილობენ. ჩვენი დაკვირვებით, უმრავლეს შემთხვევაში, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ ბაზარზე უკვე დაგროვილია გამოცდილება, რომლის დახმარებითაც თავიანთ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლიათ. გარე გამოცდილების გაზიარებით საკითხის გადაჭრა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი ძალებით და ეს ბევრად ნაკლები რესურსის ხარჯზე ხდება.
ამ გარემოებამ ჩვენი გუნდი მიიყვანა აზრამდე, რომ კომპანიებისთვის კონსალტინგის მნიშვნელობის გაგების საუკეთესო გზა მისი პრაქტიკული გამოცდა იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ მართვის სისტემების დიაგნოსტიკა უფასოდ შევთავაზოთ. შედეგად, თავადვე დაინახავენ, რომ მათი ამჟამინდელი გამოწვევები, საბაზისო ბიზნესპროცესების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და შრომის ანაზღაურების სისტემის კუთხით, დამახასიათებელია მათი მსგავსი კომპანიებისთვის და კონკრეტული მიდგომების გამოყენებით მნიშვნელოვნად შეუძლიათ გაიადვილონ პრობლემის გადაწყვეტა.
M: მიმოვიხილოთ, რას მოიცავს მართვის სისტემების დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტირება მართლაც სრულფასოვანი პროდუქტია. ის არ ისახავს მიზნად სხვა სერვისების გაყიდვას, არამედ ცალკე აღებული, გვინდა საკმარისად ღირებული იყოს დამკვეთებისთვის. ეს მიდგომა გვეხმარება იმაში, რომ არა მარტო გადაწყვეტილებები იყოს უფრო პრაქტიკული და ღირებული კლიენტისთვის, არამედ მათი განხორციელებაც ბევრად ადვილი იყოს.
მართვის სისტემების დიაგნოსტიკას აქვს რამდენიმე კომპონენტი. პირველ რიგში, სტრატეგიულ ნაწილს ვეხებით. ვაფასებთ, რამდენად მკაფიო და შეთანხმებულია მთავარი პრიორიტეტები ორგანიზაციის შიგნით. ყველა კომპანიას აქვს 5-7 კრიტიკული პროცესი, რომელიც გამართულად მუშაობისთვის კარგად უნდა იყოს აწყობილი. მათ შორის შეიძლება იყოს: გაყიდვები, ასორტიმენტის, მომსახურებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლის, ადამიანური რესურსების ბაზის განვითარება… ამ პროცესების ჩამონათვალი ყველა კომპანიისთვის მსგავსია, თუმცა პრიორიტეტები და სპეციფიკა თითოეულ შემთხვევაში განსხვავდება. სტრატეგიული პროცესების ამ სიას თავიდანვე ვათანხმებთ კომპანიასთან. შემდეგ შევისწავლით, ამ პროცესებიდან რომელი როგორ მუშაობს, რომელია გამართული და სად გვაქვს ხარვეზები. პროცესის ნაწილია ორგანიზაციული სტრუქტურისა და შრომის ანაზღაურების სისტემის დეტალური დიაგნოსტირება.
M: როგორი ტიპის კომპანიებს გამოარჩევდით, ვისაც თქვენი ხედვით, განსაკუთრებით სჭირდებათ დიაგნოსტიკის უფასო სერვისით სარგებლობა?
შედარებით მეტი სისტემური პრობლემით ხასიათდებიან ქსელური ტიპის ბიზნესები – მაღაზიების ან სხვა ტიპის ფილიალების ქსელი ვისაც აქვს, დისტანციაზე მყოფ ერთეულებს მართავენ, სადაც ადამიანები ქმნიან მთავარ ღირებულებას. როდესაც მსგავსი ტიპის კომპანიაში 500-ზე მეტი თანამშრომელია, ასეთ ორგანიზაციებს დიდი ალბათობით უკვე აქვთ რთული სისტემური გამოწვევები. ჩვენც სწორედ ისეთ კომპანიებთან ვართ თანამშრომლობით დაინტერესებულები, რომლებსაც მსგავსი საჭიროებები უდგათ და განვითარების სურვილი აქვთ. თუ კომპანია მართვის პრობლემას გრძნობს, ე.ი. მზადაა ჩვენნაირი სპეციალისტების მოსასმენად. მთავარია იცოდეს, რომ ვიღაცას მისთვის ღირებული გადაწყვეტილებების შეთავაზება შეუძლია.
M: დიაგნოსტიკის პროცესი საკმაოდ დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული – რატომ არის თქვენთვის საინტერესო ამ სერვისის უფასოდ შეთავაზება?
მიგვაჩნია, რომ თუ სრულყოფილად არ გამოცდიან, ამ მომსახურების მნიშვნელობას ვერ გაიგებენ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი მოცულობის სამუშაოა. თუმცა, უფასოდაც ამიტომ ვთავაზობთ, რომ ჩვენი კომპეტენცია და გამოცდილება გამოცადონ და მის პრაქტიკულ ღირებულებაში დარწმუნდნენ. რაიმეს უხარისხოდ რომ ვაკეთებდეთ, აზრი არ ექნებოდა მსგავს წინადადებას ჩვენი მხრიდან. იმედი გვაქვს, ამ პროექტების დახმარებით, კომპანიები მათ გარეთ არსებული კომპეტენციის მნიშვნელობას დაინახავენ, თავიანთი ამოცანების გადასაჭრელად.
M: რა ეტაპებისგან შედგება მართვის სისტემების დიაგნოსტიკა?
ჩვენი რესურსებით, წლის მანძილზე მხოლოდ 10 კომპანიის დიაგნოსტირება შეგვიძლია. ეს პროექტი არის უმეტესად ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. თითოეულ ორგანიზაციაში 20-30 ინტერვიუს ჩატარება იქნება საჭირო, დოკუმენტაციასთან გაცნობა, პრობლემების განხილვა მმართველ გუნდთან და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, საბოლოო რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა. თუმცა, ამ რეკომენდაციების განმარტებისთვის იმდენჯერ შევხვდებით, რამდენჯერაც დასჭირდებათ, იმისათვის, რომ გუნდმა თითოეული რეკომენდაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. საბოლოო შედეგი იქნება რეკომენდაციები იმ საკითხებზე, რაც ყველაზე მეტად გამოიკვეთება პროცესში.
მთლიანი პროცესი 3-4 კვირის განმავლობაში გრძელდება. ამ პროცესში ვლინდება ის ფაქტორები, რომლებიც ყველაზე მეტად აფერხებს ორგანიზაციის გამართულ მუშაობასა და განვითარებას. შემდეგ კი განისაზღვრება ის მარტივი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება გადაილახოს ეს პრობლემები უახლოეს პერიოდში, რათა ორგანიზაციამ მომდევნო ეტაპზე გადასვლა შეძლოს.
M: როგორი იქნება დიაგნოსტიკის მოსალოდნელი შედეგები?
საბოლოო პრეზენტაციის მომზადების შემდეგ, კომპანიებისთვის ვატარებთ დამატებით შეხვედრებს, რათა სიღრმისეულად ავუხსნათ, რას მოიცავს ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები. მაქსიმალურად კონკრეტულად ავუხსნათ, რომ მათ გაუადვილდეთ გაგება. ჩვენი მიზანია, პრაქტიკული სარგებლის მიღებაში დავეხმაროთ და არა მხოლოდ დოკუმენტის იმედად დავტოვოთ. შედეგად, კომპანიებს ეცოდინებათ ის 5-7- პრიორიტეტული საკითხი, რაც უნდა შეცვალონ სტრუქტურაში, მნიშვნელოვან პროცესებსა და მოტივაციის სისტემებში.
თავის დროზე, „სინერჯი ჯგუფის“ დაფუძნების ადრეულ პერიოდში ჩვენ ეს გზა ერთხელ უკვე გავიარეთ. მაშინ ეს სერვისი ახალი გახლდათ და ბევრი კომპანიისთვის უცხო იყო კონსალტინგური მომსახურება, თუმცა ეტაპობრივად, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ ითანამშრომლა ჩვენთან. წლების შემდეგ, ბაზარზე ახალი კომპანიები განვითარდნენ და ახლა, უკვე მათ ვთავაზობთ კონსალტინგურ სერვისს, რომელსაც დიდი გამოცდილება ამყარებს. „სინერჯი ჯგუფთან“ თანამშრომლობდა იმ კომპანიების უმრავლესობა, რომელიც ქართულ ბაზარზე სამაგალითოდ მიიჩნევა. მათ შესახებ ჩვენს ვებგვერდზეც შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას.
[R]