11
Feb
2020

ჯაზ-კლუბ “ზინგერის” რედიზაინი, რომელზეც სააგენტო ABK-მ იმუშავა

11 Feb 2020

თბილისის ჯაზ-კლუბმა “ზინგერი“, მისამართთან ერთად (მელიქიშვილის გამზ. #1), ვიზუალური იდენტობაც განაახლა. სწორედ ახალ სივრცეში, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, უმასპინძლებს “ზინგერი” თბილისის ჯაზ-ფესტივალს. რაც შეეხება ვიზუალურ სიახლეებს, ჯაზ-კლუბის რედიზაინზე სააგენტო ABK-მ იმუშავა – შექმნა ტიპოგრაფიული ნაწილი, მთავარი სიმბოლო და სტილი.

 

სანამ უშუალოდ დიზაინზე გიამბობდეთ, “ზინგერის” ისტორიაზე მოგიყვებით:

2015 წელს, არჩილ ახვლედიანსა და კახა ბაკურაძეს გაუჩნდათ იდეა, რომ მოძრაობის თეატრში ორი დღე სცენა ჯაზისთვის დაეთმოთ. არჩილმა შემოიერთა ზინგერის ჯაზის ფონდის პრეზიდენტი, მარიამ დავითაშვილი და კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი, რეზო კიკნაძე, რომელიც მუსიკალურ მხარეს ჩაუდგა სათავეში. 2 წლის შემდეგ, პროექტი იმდენად გაიზარდა, რომ დამოუკიდებელ ჯაზ კაფე გახდა. დღეს, კი მელომან კინო-ოპერატორს, არჩილ ახვლედიანს, მელომანი კინო-რეჟისორი ალეკო ცაბაძე შეუერთდა და “ზინგერი” ჯაზ კლუბად გადაიქცა.

ირაკლი დოლიძე, ABK-ს უფროსი დიზაინერი:

“ზინგერთან” თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო პროცესი გამოდგა. იშვიათია ისეთ საინტერესო თემაზე მუშაობის საშუალება მოგეცეს, როგორიცაა ჯაზი.

ჯაზ-კულტურაში ტიპოგრაფიას საკმაოდ დიდი როლი უკავია. ძველ პოსტერებზე ძალიან ხშირად გრაფიკული ელემენტების ნაცვლად ხშირად ტიპოგრაფიას იყენებდნენ. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია იმისა, რომ ახალი ლოგოსთვის ეს სტილი აგვერჩია.

ლოგოს გარდა ჯაზ-კლუბის ივენთების ყოველკვირეულ პოსტერებზეც ვმუშაობთ რასაც დიზაინერები დიდი ენთუზიაზმით უდგებიან.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა