in

#თაობა – Sinoptik Music: მუსიკა არის ცოცხალი ორგანიზმი და იგი ერთ ადგილას არასდროს ჩერდება


ელექტრონული მუსიკა ხშირად მასობრივი თავშეყრის ადგილებთან, გართობასა და ექსტრავერტულ გარემოსთან ასოცირდება. თუმცა გვავიწყდება, რამდენად ფართოა მისი დიაპაზონი და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. Sinoptik Music ქართული მუსიკალური პროექტია, რომელიც წლების განმავლობაში ანონიმური იყო საზოგადოებისთვის. მუსიკა კი მშვიდი და ინტროვერტული ნარატივებით ხასიათდება. მარკეტერი მუსიკოსს მომავალ გეგმებზე ესაუბრა:

M: სალამი, პირველ რიგში მოგვიყევი შენ შესახებ, მუსიკით პირველად დაინტერესების პერიოდზე.

მე ვარ ზურაბ ჩხარტიშვილი და ვქმნი მუსიკას პროექტით „Sinoptik Music“. მუსიკით პირველად სკოლის ასაკში დავინტერესდი, უფრო სწორად ეს გარკვეულწილად თავისთავადაც კი მოხდა,  როცა მეგობრებთან ერთად Nirvana-ს, Metallica-ს და Prodigy-ს ჩანაწერებს ვუსმენდით კასეტებზე, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემში, იმდენად რამდენადაც ეს იყო  პირველი გააზრებული შეხება მუსიკასთან და დღემდე მახსოვს ის განსაკუთრებული და აღფრთოვანებული ემოციები.

M: რა იყო, ძირითადი ინტერესი ემბიენთ მუსიკის მიმართ? ვინ იყო პირველადი ინსპირაცია ამ მიმართულებით?

Ambient, Drone და Noise  მუსიკის მიმართ ჩემი დაინტერესება, ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს. ამ ჟღერადობის მუსიკაში თავს კომფორტულად ვგრძნობ და გარკვეულწილად ჩემი შინაგანი სამყაროს შემადგენელი ნაწილია. ძალიან მიყვარს წვიმის ხმა, რომლის ერთი შეხედვით განმეორებადი ხმოვანება თითქოს მონოტონიკას ქმნის, თუმცა როგორც იცით წვიმის არც ერთი წვეთი არ ეცემა ერთი და იმავე ძალით და შესაბამისად სინამდვილეში, ძალიან ბევრი სხვადასხვა ჟღერადობის აღმოჩენა შეიძლება წვიმის ხმაში, ისევე როგორც  Ambient, Drone და Noise  მუსიკაში, სწორედ ამით აიხსნება ჩემი დაინტერესება ასეთი ჟღერადობის მუსიკის მიმართ.

რაც შეეხება ინსპირაციას, ამ ჟღერადობის მუსიკაში პირველ Track-ს რასაც მოვუსმინე, იყო ნორვეგიელი მუსიკოსის „Biosphere“-ს ნამუშევარი „Silene“,  ალბომიდან „Substrata“, მას შემდეგ ეს მუსიკოსი ჩემთვის დღემდე რჩება ყველაზე მთავარ შთაგონების წყაროდ. არსებობს რაღაც ძალიან მისტიური და უხილავი კავშირები ჩემს ქვეცნობიერთან, მსოფლმხედველობასთან და მის შემოქმედებასთან, რის გამოც „Biosphere“ ყველაზე გამორჩეული მუსიკოსია ჩემთვის.  „Sinoptik Music“-ის შექმნის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი, სწორედ „Biosphere“-ს შემოქმედება იყო.

M: რამდენად რთულია ადგილობრივად ხარისხიანი პროდუქტის შექმნა? და რა დოზით მოქმედებს არსებული სოციო-კულტურული გარემო მთლიანად მუსიკოსზე?

ჩემი აზრით არ არის რთული ადგილობრივად ხარისხიანი მუსიკის შექმნა, მე პირადად არ მაქვს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი სტუდია და ძალიან ბევრს საქართველოში არა აქვს ამის ფუფუნება, თუმცა მიუხედავად ამისა, ხედავთ ალბათ რომ ამ მიმართულებით ქართველი არტისტები პრაქტიკულად არაფრით ჩამოვრჩებით ჩვენს უცხოელ კოლეგებს. მეტსაც გეტყვით, ჩემი ტექნიკური რესურსი იმდენად მწირია, რომ რეალურად ვერაფერს ვერ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ იმის გამო რომ მუსიკა რეალურად ჩემს არსებობას განაპირობებს, აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩემი შემოქმედება იყოს რეალიზებული და არ ველოდები იმას, როდის მექნება ძვირადღირებული ხმის დამუშავების პროცესორები, აკუსტიკური პანელებით სავსე სტუდია და სხვა უამრავი მოწყობილობები, რაც რეალურად არის საჭირო მაღალი ხარისხის ჩანაწერის მისაღებად.

სოციო-კულტურული გარემო ზოგადად ადამიანზე ძალიან მოქმედებს და აისახება კიდეც შემოქმედებაზე, თუმცა მეორესმხრივ 90-იანებში, როგორც ყველას კარგად გვახსოვს ფიქრიც კი ზედმეტი იყო ზოგადად ხელოვნებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად ნიკა მაჩაიძე, გოგი ძოძუაშვილი და სხვები ელექტრონულ მუსიკას აკეთებდნენ, იმიტო რომ მათ ეს ძალიან უნდოდათ.  ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს სოციო-კულტურული გარემო, ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდება პირდაპირ თუ ირიბად ილექება ქვეცნობიერში, რაც თავის მხრივ შემდგომ აისახება კიდეც შემოქმედებაზე, თუმცა ჩემს ირგვლივ არსებული სოციო-კულტურული გარემო, როგორც არ უნდა შეიცვალოს, ეს ნამდვილად არ იქონიებს ისეთ გავლენას, რომ მუსიკის შექმნა აღარ მომინდეს.

M: თბილისში სულ რამდენიმე პროდიუსერი/მუსიკოსია რომელმაც მოახერხა და უცროურ ლეიბლებთან ახლო კონტაქტი დაამყარა, რამდენად რთული პროცესი იყო ეს პირადად შენთვის?

რათქმაუნდა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კოლოსალური შრომის შედეგი, თუმცა თავიდან საერთოდ არ ვფიქრობდი ამ მიმართულებით და საკმაოდ გვიან გადავწყვიტე, რომ ლეიბლებს დავკავშირებოდი. თავისმხრივ ძალიან რთული შესასრულებელია, როცა ამბიცია გაქვს რომ შენმა შემოქმედებამ პლანეტაზე, სადღაც ადგილი დაიმკვიდროს, იმიტომ რომ ლეიბლებს და განსაკუთრებით ცნობილ ლეიბლებს უამრავი არტისტი უგზავნის თავის ნამუშევრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, აქედან გამომდინარე რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო რომ ყურადღება დაიმასახურო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო, გასულ წელს 2016-ში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეიბლის R&S Records-ის ქვე-ლეიბლ Apollo Records-თან კონტრაქტის გაფორმება, რაც მხოლოდ თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია.

 

https://www.youtube.com/watch?v=2Sq_cjZBcyQ

M: გარკვეული დროის მანძილზე შენი პიროვნება ანონიმური იყო, თავს იკავებდი ლაივ პერფორმანსებიდან და საჯარო სივრცეში გამოჩენისგან. რა იყო ამის მიზეზი?

ამის მიზეზი იყო, ისევ და ისევ ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, ჩემთვის პრიორიტეტია შემოქმედება და ვთვლიდი რომ ჩემი შემოქმედების გაზიარებისთვის ფიზიკურად გამოჩენა არ იყო საჭირო, ამ ყველაფერთან ერთად ვთვლიდი რომ მსმენელთან შესახვედრად არ ვიყავი მზად და შეიძლება ოდნავ ეგოისტური დამოკიდებულებაც კი მქონდა და რეალურად დიდი ხნის მანძილზე ბევრ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, მაგრამ დროთაგანმავლობაში, ამ დამოკიდებულებამაც გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა შემოქმედების ზრდასთან ერთად და ჩემი პირველი ლაივი ჩატარდა Art Area-ს სივრცეში, ტუსია ბერიძის გადაცემაში „Live @ Twilight“ და მიხარია რომ სწორედ ამ გადაცემაში და ამ ადამიანების გარემოცვაში მოხდა ეს ყველაფერი.

M: არის თუ არა თბილისში ადგილები, სადაც შენი მუსიკის წარდგენა შეგიძლია აუდიტორიისთვის? და რამდენად კომფორტულად გრძნობ ამ ლოკაციებზე თავს შენ და შენი მსმენელი?

საბედნიეროდ თბილისში არის ესეთი ადგილები და ვისურვებდი რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს მსგავსი სივრცეები, რათა ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საკუთარი შემოქმედების მსმენელისთვის გაზიარება. გამოვყოფდი, კლუბს „მტკვარზე“ სადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და ყოველთვის სიამოვნებით ვუკრავ, ასევე Art Café HOME, KHIDI, BASSIANI/SPACEHALL.

M: რამდენად ადვილი იყო ნატალი ბერიძესთან კოლაბორაცია? როგორც ვხვდები შენი მუსიკა საკმაოდ პერსონალურია (ისევე როგორც ტუსიას) რამდენად შეეგუეთ ამ მუსიკალური სივრცეების შერევაში?

პირველ რიგში ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და გამიხარდა როცა დამთანხმდა კოლაბორაციაზე. მისი პიროვნებიდან და შემოქმედებიდან გამომდინარე, ასევე იმ საერთო ხედვებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს შემოქმედებას თან ახლავს, გადავწყვიტე რომ საერთო Track-ებზე მუშაობა შემეთავაზებინა.  სიმართლე გითხრათ მე ძალიან ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს მუსიკის შექმნის პროცესის მიმართ და ხშირი კოლაბორაციების მომხრე არ ვარ, მიუხედავად იმისა რომ ეს შემოქმედებითად საკმაოდ ზრდის მუსიკოსს, თუმცა ტუსიას შემთხვევაში მისი გამორჩეული ინდივიდუალურობიდან გამომდინარე დავიწყე ფიქრი კოლაბორაციაზე. სწორედ ამ მიზეზით შედგა შემდგომში კოლაბორაციები Sophie Villy-სთან და გოგი ძოძუაშვილთან.

 

 

M: რა არის სამომავლო გეგმები? როგორც პროდიუსერმა უკვე საკმაოდ წარმატებას მიაღწიე, გაქვს რელიზები უცხოურ ლეიბლებზე. ჟანრობრივ მრავალფეროვნებას გეგმავ? ან უფრო გააქტიურებას ლაივ პერფომანსების მხრივ?

ცხადია შემოქმედების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თავისთავადაც ხდება, იქედან გამომდინარე რომ მუსიკა არის ცოცხალი ორგანიზმი და იგი ერთ ადგილას არასდროს  ჩერდება. ცოტახნისწინ დავასრულე მუშაობა ახალ EP-ზე, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა Apollo Records-ზე და ცხადია ვგეგმავ ჩემი შემოქმედების კიდევ უფრო გამდიდრებას.  

ლაივ პერფორმანსებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ეს ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია და ვგეგმავ რომ უფრო აქტიურად ვიყო ჩართული ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებებში, რათა უფრო მეტად შევძლო მსმენელისთვის საკუთარი შემოქმედების გაზიარება ადგილობრივ სივრცეებში.

„Sinoptik Music“-ის გარდა, მე ასევე ვმუშაობ კიდევ ერთ პროექტზე სახელწოდებით „BREATHDUB“, რომელიც ჯერკიდევ ფორმირების პროცესშია და უმეტესად ტექნო ჟღერადობაზეა ფოკუსირებული. ამ პროექტით გასულ წელს მივიღე მონაწილეობა GEM FEST 2016-ზე და ვგეგმავ რომ წელსაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზო მსმენელს.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

 

https://www.youtube.com/watch?v=frLKyLkZx5A


როგორ მზადდება Toyota Camry? – დეტალური რეცეპტი და მზა ავტომობილი 30 წუთში

რთული რეალობა ეკრანებს მიღმა და საომარი მოქმედებების კოშმარი, გამომრთველის გარეშე!