in

Ad Black Sea-ს სპიკერებს შორის სერ ჯონ ჰეგარტია!

არ მოგვბეზრდება იმის თქმა, რომ პანდემიური ორწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea დაბრუნდა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ქომაგებს, 16-17 სექტემბერს, ბათუმში მოუყრის თავს. ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად, 500 დელეგატს, ათობით სპიკერსა და ჟიურის წევრს აერთიანებს.

წლევანდელი Ad Black Sea გამორჩეული იქნება საერთაშორისო სპიკერებითაც – ჯონ პალანტის, ლიზა ლაბრაჩიოსა და ბრიტანული სააგენტო Type-ის შესახებ უკვე გიამბეთ. ამჯერადაც შესანიშნავი ამბავი გვაქვს – ფესტივალის სპიკერად ლეგენდარული სერ ჯონ ჰეგარტი მოგვევლინება, რომელიც მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში გაუზიარებს გამოცდილებას.

სერ ჯონ ჰეგარტი ისეთი მსოფლიო ბრენდების კამპანიების ავტორია, როგორებიცაა Levi’s, Lego, Audi და სხვები. ის საერთაშორისო სააგენტო Bartle Bogle Hegarty (BBH)-ის ხელმძღვანელი და შემოქმედებითი დირექტორია. მისი კარიერა 1965 წლიდან იწყება, როდესაც ლონდონში, სააგენტო Benton & Bowles-ში უმცროს არტ-დირექტორად დაიწყო მუშაობა. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, 18 თვის შემდეგ, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ცოტა ხნის შემდეგ, Cramer Saatchi-ის გუნდს შეუერთდა, რომელსაც მსოფლიო 1970 წლიდან, Saatchi & Saatchi-ის სახელით იცნობს – ამჯერად, სააგენტოს დამფუძნებელ აქციონერად. ერთი წლის შემდეგ, შემოქმედებითი დირექტორის მოადგილე გახდა. 1973 წლიდან, კარიერა ცნობილი საერთაშორისო სააგენტო TBWA-ს დაუკავშირა, რომლის თანადამფუძნებელი გახდა და შემოქმედებითი დირექტორობა შეითავსა. საინტერესოა, რომ TBWA გახდა პირველი სააგენტო, რომელიც ჟურნალმა Campaign წლის სააგენტოდ დაასახელა.

TBWA-ს შემდეგ, იყო Bartle Bogle Hegarty, რომელმაც წინამორბედის მსგავსად, მოიპოვა წლის სააგენტოს სტატუსი Campaign-ისგან. BBH იყო პირველი სააგენტო, რომელიც Cannes Lions-ზე წლის სააგენტოდ დასახელდა (1993 წელს) და მომდევნო წელს კვლავაც მოიპოვა ეს ტიტული.

სერ ჯონ ჰეგარტის სახელს მრავალი საერთაშორისო ჯილდო უკავშირდება. ცოტა ხნის წინ, მისი ცნობილი წიგნი Hegarty On Advertising – Turning Intelligence Into Magic ქართულად ითარგმნა. სანამ ამის შესახებ ჰეგარტი Ad Black Sea 2022-ის დელეგატებთან თავად ისაუბრებს, გადავწყვიტეთ ქართული თარგმანის ავტორისთვის მიგვემართა – ჩვენს შეკითხვებს სააგენტო Windfor’s-ისა და ფესტივალ Ad Black Sea-ის დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე პასუხობს.

ვატო ქავთარაძე

M: რა შეცვალა ჰეგარტის ამ წიგნმა თქვენს ცხოვრებაში, რამაც მისი ქართულ ენაზე თარგმნა გადაგაწყვეტინათ?

სერ ჯონ ჰეგარტი მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისმა მოღვაწეობამ, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს და პრაქტიკულად დღემდე გრძელდება, დიდი გავლენა მოახდინა ამ დარგის გლობალურ განვითარებაზე.

როდესაც ეს წიგნი პირველად წავიკითხე, ძალიან მომინდა ის ქართულ ენაზეც თარგმნილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი პროფესიული ლიტერატურა ჩვენთანაც გამოიცემოდეს – ქართულად – იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა შეეძლოს ამ დარგის სიღრმეებში ჩასვლა და ღირებული გამოცდილების გაზიარება.

ეს არის ქართულ ენაზე ნათარგმნი პირველი წიგნი კრეატივის და სარეკლამო სააგენტოს ფუნქციონირების შესახებ, სადაც ავტორი, რომელსაც არაერთხელ შევხვდი, მათ შორის მისი ლეგენდარული BBH-ის ოფისში, როგორც თვითმხილველი და თანამონაწილე, არაჩვეულებრივი ენით და იუმორით აღწერს თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის ფორმირების და განვითარების გზას.

M: რას ნიშნავს „ცოდნის მაგიად გადაქცევა“, ჰეგარტის ენაზე?

ცოდნის მაგიად გადაქცევა (Turning Intelligence Into Magic) არის ერთგვარი ჰეგარტისეული ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს სარეკლამო საქმის არსს და მის ალქიმიას.

ქართულად ნათარგმნი სიტყვა intelligence-ის შესატყვისი „ცოდნა“, შესაძლოა, ბოლომდე კარგად ვერც გადმოცემს მის შინაარსს, რადგან ინგლისურად ის ბევრად ღრმა და მრავლისმომცველია – გულისხმობს ინფორმაციას, ცნობიერებას, ინტელექტს, გონიერებას, ზოგ შემთხვევაში დაზვერვასაც კი.

მთელი ეს სპექტრი, საბოლოო ჯამში მაინც ცოდნაში აისახება და საფუძვლად ედება ნებისმიერ სარეკლმაო ნამუშევარს, რომელიც გარკვეული მაგიური რიტუალის ჩატარების შემდეგ ისეთ რამედ იქცევა, რაც მერე მილიონობით ადამიანის გულებს და ტვინებს იპყრობს და გზას უკვლევს ბრენდებს ამ უკიდურესად კონკურენტულ, სამომხმარებლო სამყაროში (გულწრფელად რომ ვთქვათ, არც სიტყვა Magic-ის ქართული შესატყვისი „მაგიაა“ მთლად სრულყოფილი თარგმანი, მაგრამ რაც არის ეგ არის).

თუ დავუკვირდებით, ჩვენი პროფესია მაგიის ელემენტებს მართლა შეიცავს, რადგან ზუსტი რაციონალური ბმა პროდუქტის ყიდვის პროცესსა და ამ პროცესის უკან მდგომ სამოტივაციო სპექტრს შორის ძალიან კომპლექსური, პირობითი და, ხშირად, ბუნდოვანია.
მხოლოდ ამ დარგის სიღრმეების გააზრების შემდეგ ხდება შესაძლებელი ამ მაგიური ხელოვნების დაუფლება და შემდეგ ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც ყოველ მომდევნო ცდაზე ამ ბმას წარმატებულ შედეგში გარდასახავს. ეს წიგნი სწორედ ამაზეა.

დიდი იმედი მაქვს, ის ბევრ ადამიანს – მოქმედ თუ მომავალ სპეციალისტს – შთააგონებს და დაეხმარება ამ დარგში წარმატებულ მოღვაწეობაში.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები

Acer ახალ Chromebook Vero-ს უშვებს, რომლის შეკეთებასა და გადამუშავებას შეძლებთ