ოდესღაც ამ ადგილზე კოლორიტული გვარის, ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა. ცნობილი სასახლე, რომელიც მეოცე საუკუნის მდიდრული ეკლექტიკითაა გამორჩეული, წლების განმავლობაში იდგა თბილისში, როგორც კულტურული კერა, ადგილი, სადაც ლიტერატურული საღამოები და თბილისური ელიტის შეკრებები იმართებოდა.
ყველა ასეთ სასახლეს ჰქონდა საკუთარი ღვინის სარდაფი, სადაც ქართული სასმლის კულტურას აწრთობდნენ და ღვინოს ავარგებდნენ. სწორედ ამ სარდაფში დღეს მდებარეობს რესტორანი „სირაჯხანა”. სირაჯი სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად მეღვინეს ნიშნავს, ხოლო სირაჯხანა ღვინის სახლად შეიძლება გადმოვთარგმნოთ.
ამ ადგილას რესტორანი 2016 წელს გაიხსნა, რომელიც დღეს სასტუმროს შემადგენლობაშია, თუმცა დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. კულტურულ-ისტორიული დანიშნულების გამო ეს არის მუზეუმ-რესტორანი, სადაც ნამდვილი ქართული ტრადიციები იღვრება და სტუმარი აქ მხოლოდ სავახშმოდ კი არ მოდის, არამედ ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასაც ეცნობა. ამის გამო სირაჯხანა სასურველი ადგილია როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისე ტურისტისთვისაც. აქ წარმოდგენილია უგემრიელესი ქართული კერძები და ისმის ეროვნული ჰანგები, რადგან რესტორანში ხშირად უკრავენ ქართველი, ქალაქური სიმღერების შემსრულებლები.
„ეს არის ქართული ტრადიციული რესტორანი, რომელიც, ერთი მხრივ, ინახავს ტრადიციებს და მაქსიმალურად ცდილობს, ეს ტრადიციები წარმოაჩინოს. მეორე მხრივ, სულ იმის ცდაშია, რომ მომხმარებელს სიახლეები შესთავაზოს. ისტორიულ ნაგებობას მხოლოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ხოლო ძირითადი ბირთვი უცვლელად დარჩა, რაც სირაჯხანას ერთგვარ კულტურულ ძეგლადაც აქცევს”, – გვეუბნება მერი ოთარიშვილი, გენერალური მენეჯერი.
პანდემიის პერიოდში, ისევე როგორც ბევრი სხვა ობიექტი, სირაჯხანაც მიწოდების სერვისზე გადავიდა. 2023 წლის თებერვლიდან ის ესპანურ-ქართულმა მენეჯმენტ კომპანიამ, HCI – Hotel Collection International-მა გადაიბარა. რესტორანმა სტუმრების მიღება განაახლა და პარალელურად, მიწოდების სერვისიც დატოვა. ახალი გუნდი კი ახალი შემართებითა და სტრატეგიით განაგრძობს სირაჯხანას ფუნქციონირებას. ცვლილებები პირველ რიგში მენიუს შეეხო, რომელიც გადახალისდა და საინტერესო სიახლეები დაემატა.
„ქართულ ბაზარზე „სირაჯხანა” ყოველთვის ცნობილი იყო ქართული ტრადიციული კერძებით. ვცდილობთ, ერთი მხრივ, ტრადიციული კერძები შევთავაზოთ მომხმარებელს, მეორე მხრივ კი, გვქონდეს სეზონური სიახლეები: სეზონური მენიუები, კონკრეტული კერძების საღამოები და სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებები. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ჩვენ ტრადიციულ ქართულ კერძებს გემოს არ ვუცვლით, უბრალოდ ვცდილობთ, რომ თანამედროვე ელემენტები შემოვიტანოთ და მომხმარებელს, რომელიც ერთსა და იმავე გემოებს არის მიჩვეული, რაღაც განსხვავებული შევთავაზოთ”, – გვიყვება მერი ოთარიშვილი, გენერალური მენეჯერი.
მართალია, ყველა რესტორნის მთავარი სავიზიტო ბარათი მენიუა, მაგრამ სირაჯხანა მხოლოდ გემრიელი კერძებით არ შემოიფარგლება. ის გთავაზობთ მასტერკლასებს, რომლებსაც ნებისმიერი მსურველი დაესწრება. თუ გაინტერესებთ, შუაგულ თბილისში თონეში პური ჩააკრათ ან ჩურჩხელა ამოავლოთ, სირაჯხანას შეგიძლიათ ესტუმროთ. აქ მასტერკლასები პოპულარულობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი 5 კაცისგან უნდა შედგებოდეს, ზოგჯერ, მომხმარებლის თხოვნის მიხედვით, მასტერკლასი წყვილებისთვისაც ტარდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რესტორნის მენეჯმენტი მაქსიმალურადაა მორგებული სტუმრის ინტერესებსა და მოთხოვნებზე.
ყოველ პარასკევს სირაჯხანა ცოცხალი მუსიკის საღამოებს ატარებს. ახლა, როდესაც შემოდგომა და აქტიური სეზონი დადგა, რესტორნის წარმომადგენლობა თავისი სტუმრებისთვის ბევრ მხიარულ და ქართული სულით გაჟღენთილ ღონისძიებას გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ რესტორნის სივრცე 110 ადამიანს იტევს, ის მასშტაბური საღამოების გასამართადაც მზად არის. ერთ-ერთი ასეთი მომლოდინე ღონისძიებაა თბილისობა, რომლისთვისაც გუნდი უკვე დიდი მონდომებით ემზადება.
თბილისობაზე სირაჯხანაში მისულ სტუმრებს ,,ქსოვრელები” დახვდებიან. ასევე, დატვირთული იქნება რესტორნის გარე სივრცეც, სადაც გამვლელებს გაუმასპინძლდებიან ქართული ნუგბარით. საღამო თავიდან ბოლომდე იქნება თბილისობის შესაბამისად გაფორმებული, რაც მომხმარებელს დღესასწაულის შეგრძნებას ბოლომდე დაუტოვებს.
ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რაც სირაჯხანას სხვებისგან გამოარჩევს, სასმლის მრავალფეროვნება და კულტურაა. აქ 80-მდე ღვინის სახეობას შეხვდებით, რომელთა შორისაც თავად სასტუმრო მუზეუმის წარმოების ღვინო შეგიძლიათ გასინჯოთ. ამ ეტაპზე საკუთარი წარმოების ღვინიდან ქისის, წარაფის, მწვანეს და რქაწითელის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ამასთან, რესტორნის მენიუში იპოვით ჭაჭის ბაზაზე დამზადებულ საავტორო კოქტეილებს, რომლებიც მხოლოდ ქართული პროდუქტითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სირაჯხანა მრავალი მომხმარებლისთვის საყვარელი ადგილია. მისი ძირითადი სეგმენტი ქართველია, თუმცა ბევრი უცხოელიც სიამოვნებით იყრის აქ თავს.
[R]