სირბილი ხშირად ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბევრი ადამიანისთვის, ვინც ჯანმრთელ ცხოვრებას ირჩევს, დილის სირბილი შესასრულებელი გეგმის სათავეშია მოქცეული, რაც სწორიცაა, რადგან სირბილს ბევრი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის. ის ხელს უწყობს ძვლების გაძლიერებას, კუნთების ჩამოყალიბებას, წონის რეგულირებას და სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. გარდა ამისა, ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც და ამცირებს სტრესს.
თუმცა ზოგჯერ სირბილმა შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ამ დროს არის მუხლების ტკივილი. ამას სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს.
სირბილის დროს მუხლის ტკივილის ტიპები და გამომწვევი მიზეზები
არსებობს მუხლსქვედა ტკივილი, რომელიც ძლიერდება სირბილის შემდეგ ან კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლისას. ამას ხშირად იწვევს ე.წ. პატელას შიგნით არსებული ხრტილის დაზიანება.
ასეთი ტკივილის შემთხვევაში, შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში შეისვენოთ სირბილისგან ან დროებით შეამციროთ, უფრო ნაკლებად დატვირთოთ ფეხი. შეგიძლიათ სირბილი სხვა ვარჯიშით ჩაანაცვლოთ, რომელიც არ დაამძიმებს მუხლებს. დააკვირდით რამდენიმე დღე და დააკვირდით შედეგს. თუ ტკივილმა არ გაიარა, მიმართეთ ექიმს.
იმ შემთხვევაში, თუ წვივის ზედა ნაწილი გტკივათ, ეს ნიშნავს, რომ ფეხზე დიდი დატვირთვა მოახდინეთ სირბილის დროს და აუცილებელია დასვენება. ეს შეიძლება იყოს მყესის დაჭიმულობის შედეგიც. ექიმები ასეთ დროსაც გვირჩევენ სირბილისგან შესვენებას. ასევე შეიძლება მტკივნეულ ადგილზე ყინულის კუბების დადება დაახლოებით 5-10 წუთით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ არასდროს არ უნდა დაიდოთ ყინული პირდაპირ კანზე. თუ რამდენიმე დღეში ტკივილი არ იკლებს, არ გადადოთ ექიმთან კონსულტაცია.
არსებობს ასევე მუხლის გარე ნაწილის ტკივილი, რომელიც, როგორც წესი, სირბილის დაწყებიდან მალევე შეიძლება იგრძნოთ და სირბილის დასრულებისთანავე, როცა მუხლი დაისვენებს, ტკივილი უნდა გაჩერდეს. რა ხდება ამ დროს? მუხლში არის სითხით სავსე ბურსა, რომელიც სირბილის დროს იკუმშება და ტკივილს იწვევს. როგორც ვთქვით, ასეთმა ტკივილმა მალე უნდა გაიაროს თავისით და თუ ასე არ მოხდა, ექიმს დაუკავშირდით.
სირბილის დროს მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ართრიტიც იყოს. თუ თქვენს შემთხვევაშიც ეს პრობლემაა, უმჯობესია, თვითმკურნალობას არ ეცადოთ და ექიმთან წახვიდეთ.
ძალების დისბალანსი და დაჭიმვის არათანაბარი დონე – ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც სირბილის დროს მუხლის ტკივილმა შეიძლება შეგვაწუხოს. ეს დამატებითი დატვირთვაა თქვენი მუხლებისთვის და ზეგავლენას მათ ფორმაზეც ახდენს. ჩვეულებრივ, ეს ტკივილი იგრძნობა მუხლის სიღრმეში. თუ სირბილს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და გსურთ, რომ დიდი ხნით არ მოგიწიოთ თავის დანებება, სასურველია, ფიზიოთერაპევტს მივმართოთ. ის გვირჩევს, თუ როგორ მოვიქცეთ და აღვიდგინოთ ბალანსი.
სირბილის დროს მუხლის ტკივილის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი არასწორად შერჩეული ფეხსაცმელიც კი შეიძლება იყოს. ფეხსაცმელი, რომელსაც არ აქვს მყარი ქუსლები, ფეხს შიგნით აგდებს და პროპორციას არღვევს, ეს კი საბოლოოდ ტკივილს იწვევს, თანაც არა მხოლოდ მუხლის, არამედ ტერფებისაც. იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ ფეხსაცმელი, შეგიძლიათ პოდიატრს მიმართოთ, რომელიც რეკომენდაციას მოგცემთ და გაგარკვევთ, რათა სხვა დროსაც შესაბამისი ფეხსაცმელი შეიძინოთ.
როდის უნდა შეწყვიტოთ სირბილი მუხლის ტკივილის გამო?
ვფიქრობთ, ამ კითხვას ზედა ბლოკში ცალ-ცალკე გავეცით პასუხი. ტკივილის გამომწვევი ნებისმიერი მიზეზისა თუ ტიპის დროს, სასურველია სირბილისგან თავის შეკავება მაშინაც კი, თუ ეს დისკომფორტი გაძლებადია. მედიკოსები გვირჩევენ, რომ მუხლის ტკივილის ნებისმიერი დონე შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ სირბილი და გამოიკვლიოთ მიზეზი.
რამდენიმე რჩევა დამწყები მორბენალებისთვის
სწორი მეთოდის შერჩევა დამწყები მორბენალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ თქვენ საერთოდ არ დარბიხართ და ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტთ ცხოვრების ჯანსაღ წესში ამ აქტივობის დამატებას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაიწყოთ მოკლე დროითა და მანძილებით სირბილი, სირბილის დროს კი შუალედების გაკეთება. მაგალითად, ასეთი მეთოდია სიარული/სირბილი. ეს ძალიან მარტივია – თქვენ გარბიხართ მოკლე მანძილზე, შემდეგ აგრძელებთ სეირნობით, შემდეგ ისევ გარბიხართ მოკლე მანძილზე და ასე ვარჯიშობთ. გაზარდეთ სირბილის დრო და შეამცირეთ სიარულის დრო ყოველ შემდეგ დღეს მანამ, სანამ არ შეეჩვევით სირბილს.
მეორე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც დამწყებმა უნდა გაითვალისწინოს, ინტენსიური სირბილია. თუ ერთხელ გადაწყვეტთ სირბილს, შემდეგ 1 კვირა დაისვენებთ და მერე ისევ ირბენთ, მეტი შანსია, რომ პრობლემები შეგექმნათ. უმჯობესია, რეგულარულად ირბინოთ. თუ მარტო სირბილით მოტივაციას ვერ პოულობთ, აიყოლიეთ მეგობარი, თანამოაზრე, მასთან ერთად სირბილი უფრო სახალისოც იქნება და შეჩვევაც უფრო მარტივია.
ბოლოს კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, რომელიც აღჭურვილობას ეხება. სირბილი უმეტესად იმიტომ არის ხოლმე ყველაზე მარტივად შესასრულებელი აქტივობა, რომ დიდ ხარჯებსა და ორგანიზებას არ მოითხოვს. თუმცა არსებობს სპეციალური წინდები სირბილისთვის. ისინი შეგიძლიათ სპორტულ მაღაზიებში მოიკითხოთ. ზოგადი რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ისინი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაერგამტარი, ტენიანობის დამცავი და არ უნდა იწვევდეს ფეხის გადახურებას.
ეს ის ზოგადი რჩევები და მიმოხილვაა, რაც შეიძლება არასამედიცინო დონეზე სირბილის დროს მუხლის ტკივილის შესახებ გითხრათ. გაითვალისწინეთ, რომ სირბილი ჯანსაღ ცხოვრებაში გვეხმარება, ამიტომ ნუ იტყვით მასზე უარს მუხლების ტკივილის გამო. თუ ექიმთან ვიზიტის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ „ექიმოს” აპლიკაციაში იპოვოთ შესაფერისი ექიმი და ონლაინ კონსულტაცია გაიაროთ.
რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი