როგორც ჩანს, ალცჰაიმერისადმი მეცნიერების ინტერესი ძალიან დიდია — ახლახან მკვლევრებმა შეიმუშავეს სისხლის ტესტი, რომელიც აღნიშნული დაავადების ობიექტურად დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.
ამჟამად დაავადების დიაგნოსტიკის სტანდარტული პროცედურა ტვინის ძვირადღირებულ სკანირებას ან პაციენტის ზურგისგან ცერებროსპინალური სითხის (CSF) აღებას გულისხმობს. ხოლო ამ ახალი, უფრო სწრაფი მეთოდის წყალობით, პაციენტებს არა მხოლოდ მტკივნეული და საკმაოდ ძვირიანი პროცედურების არიდება შეუძლიათ თავიდან, არამედ მკურნალობის ადრეულ სტადიაზე დაწყებაც.
MRI-სა და PET-ისგან განსხვავებით, სისხლის ტესტები ბევრად ხელმისაწვდომია, რომ აღარაფერი ვთქვათ უსაფრთხოობასა და მარტივ გამოყენებაზე. პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა თომას კარიკარმა თქვა, რომ ამ დიაგნოსტიკურ მეთოდს შეუძლია „გაზარდოს კლინიკური ნდობა“ დაავადების გამოვლენაში.
კარიკარი და მისი გუნდი თანამშრომლობდნენ ანტისხეულებზე დაფუძნებული სისხლის ტესტის შემუშავებაზე. ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივი სისხლის ანალიზისგან განსხვავებით, შეუძლია, ტვინის ტაუ-ცილის სპეციალური ფორმა დააფიქსიროს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს.
ტესტირების ფარგლებში 600 პაციენტის შემთხვევა გამოიკვლიეს — მათ დაავადების სხვადასხვა სტადია აღენიშნებოდათ. შედეგად დადგინდა, რომ სისხლის ტესტებში ნაპოვნი ცილების დონე ზუსტად შეესაბამება მოცემულ სტადია. The Guardian-ის თანახმად, გუნდი ამჟამად უფრო ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩასატარებლად ემზადება — მათ შორის, სხვადასხვა რასისა და ეროვნების პაციენტებზე.