in

ასე პოულობენ „სისხლის უანგარო დონორები“ სუპერგმირებს ყოველდღიურად

შესაძლოა, აქამდე არ გიფიქრიათ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ სხვა ადამიანებისთვის. ამიტომ, გეტყვით, რომ ვინც არ უნდა იყოთ და როგორ განწყობაზეც არ უნდა კითხულობდეთ ამ სტატიას, თქვენ გაქვთ 100%-იანი შანსი, გახდეთ სუპერგმირი. ამისათვის კი ყველაზე ძვირფასის ყველაზე უმტკივნეულოდ გაცემა შეგვიძლია – საკუთარი სისხლის უანგაროდ გაღება. დღეს, საქართველოში 2000 ადამიანია, ვინც საკუთარი სისხლი გაიყო და ამით 1500 ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ამ სუპერგმირებს „სისხლის უანგარო დონორები“ ყოველდღიურად ეძებენ და კარგად იაზრებენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სურვილს – დავეხმაროთ ერთმანეთს. ორგანიზაცია საკუთარ დანიშნულებად მიიჩნევს შექმნას სისხლის დონაციის ისეთი უწყვეტი წრედი, სადაც პაციენტი სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს სიცოცხლისთვის საჭირო სისხლის მიღებას.

მელანო დურმიშიძე

„სისხლის უანგარო დონორები“ მთავარი დანიშნულება ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე ყოფნა, თავისი სუპერგმირების არმიასთან ერთად. ორგანიზაციის ირგვლივ გაერთიანებულ თითოეულ ადამიანს გვჯერა, რომ ყველა ის პირი, ვინც სისხლს უანგაროდ გასცემს სუპერგმირია. შესაბამისად, მუდმივად მზადყოფნაში არსებულ სისხლის უანგარო დონორებს სუპერგმირებად მოვიხსენიებთ“, – გვიამბო ორგანიზაციის დამფუძნებელმა მელანო დურმიშიძემ.

M: თქვენი ხედვით, რას ნიშნავს იყო სისხლის დონორი და რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

21-ე საუკუნეშიც კი, არ არსებობს ნივთიერება, რომელიც სისხლს ჩაანაცვლებს. სისხლის დონორობა ყველასთვის გასაგებად რომ ავხსნათ, სხვა ადამიანისთვის სიცოცხლის გაყოფას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, სისხლის უანგარო დონორობის სურვილი და სხვისი დახმარების კეთილი ნება, წარმოადგენს ერთადერთ გზას პაციენტის დასახმარებლად.

„ადამიანი ადამიანისთვის დღეა“, ჩემთვის ამ ტერმინს ბევრი ემოცია მოაქვს, რაც ჩვენ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით, თითოეული სისხლის უანგარო დონაცია პაციენტისთვის ახალი დღის მომტანია.

M: რამ მოგცათ მოტივაცია შეგექმნათ უანგარო დონორების კომუნა?

პროექტის წამოწყებაში მოტივაციის წყარო იყო ჩემი მეგობარ გიორგი ექსეულიძე, რომელიც წლების წინ პერიოდულად სამსახურში ხელზე ბინტ-გადახვეული მოდიოდა. სწორედ მისი ინსპირაციით შეიქმნა ჯერ კიდევ 2017 წელს ფეისბუქ გვერდი „სისხლის უანგარო დონორები“ რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამ დიდი გავლენა იქონია უანგარო დონორების კომუნის ჩამოყალიბებაზე. COVID19-მა სისხლის კიდევ უფრო დიდი დეფიციტი შექმნა ქვეყანაში, შესაბამისად, გვერდს გაეზარდა მომართვიანობა. სწორედ მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რა მნიშვნელოვან საქმეს შევეჭიდეთ და სწორედ ზემოთ ნახსენებ პერიოდს ვუკავშირებ ჩვენი ორგანიზაციის ქმედუნარიანობის ამაღლებას და კომუნას მთლიანობის უზრუნველყოფას, კერძოდ, 2020 წლის ნოემბერში საფუძველი ჩაეყარა სისხლის უანგარო დონორების ბაზას და ორგანიზებულ მუშაობას, ხოლო 2021 წლის იანვარში, „სისხლის უანგარო დონორებმა“ დაიწყო ფუნქციონირება როგორც არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა.

M: როგორ აკავშირებთ დონორებსა და პაციენტებს?

„სისხლის უანგარო დონორების“ საქმიანობა წარმოადგენს მედიატორის როლს პაციენტის ოჯახებსა და დონორებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის ბანკების უმეტესობა არის კერძო და მოგებაზე ორიენტირებული, ჩვენ შევქმენით ჩვენი მიდგომა/სისტემა, სადაც არ ვთანამშრომლობთ კონკრეტულ რომელიმე სისხლის ბანკთან თუ კლინიკასთან და ვართ სრულიად პაციენტზე ორიენტირებული.

დონორსა და პაციენტს შორის კავშირის უზრუნველყოფა ხორციელდება შემდეგნაირად:
როდესაც გვწერენ (მოგვმართავენ თხოვნით) რომელიმე სისხლის ჯგუფის საჭიროების შესახებ, პაციენტის ახლობლებს ვუგზავნით კითხვარს და ვიღებთ დეტალურ ინფორმაციას. შემდეგ ვუკავშირდებით დონორს (სუპერგმირს) და პირველ რიგში აუცილებლად გავდივართ სისხლის დონაციის წინაპირობებს. მხოლოდ ამის შემდეგ ვუზიარებთ დონორს დეტალებს თუ სად და ვის სახელზე უნდა ჩააბაროს სისხლი.

შესაბამისად, ერთი კონკრეტული სისხლის ჩაბარების ლოკაცია არ გვაქვს არჩეული, პაციენტებს დონორებს ვუგზავნით იქ, სადაც მათ სჭირდებათ.

M: როგორ ახერხებთ სისხლის დონაციის წახალისებას?

დონაციის შემდეგ, კამპანიის „გადაუხადე სხვას“ ფარგლებში, სუპერგმირის თანხმობით გავცემთ მათ ნომერს პაციენტის ოჯახზე, რის შედეგადაც ისინი თავად გამოხატავენ მადლიერებას. წახალისებაზე მეტად, ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანობის და ერთმანეთის სიყვარულის გაღვივებაა, რაც სამწუხაროდ დღეს ესეთი უცხოა ჩვენს სოციუმში. ბევრს, ჯერ ისევ არ სჯერათ, რომ ჩვენ ამ სერვისში თანხას არ ვიღებთ. სრულიად უცნობი ადამიანები კი თავისი დაკავებული დღის მანძილზე მიდიან დონაციაზე ასევე უცნობი პაციენტების დასახმარებლად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვოპერირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან, სადაც სისხლის ბანკია და სადაც სისხლის საჭიროებაა. ჩვენს ბაზაში დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათაც ვინც არ იციან სისხლის ჯგუფი. 

ნოლი ფინანსური რესურსით ჩვენს ბაზაში უკვე 4000-მდე ადამიანია დარეგისტრირებული. ვფიქრობ, სწორად და ღიად ინფორმაციის მიწოდება ჩვენი უპირატესობაა. მაღალი სანდოობით გამოვირჩევით, რადგან ყველა პრობლემასა თუ სიხარულს ვუზიარებთ ჩვენს სუპერგმირებსა და პოტენციურ დონორებს.

M: რა გამოცდილება გაქვთ „სისხლის უანგარო დონორების“ გუნდს?

საქმიანობა დავიწყე მენეჯმენტის სფეროში რამდენიმე წლიანი გამოცდილებით, და იმის ძლიერი სურვილით, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე სოციუმის მშენებლობაში ჩემი წვლილი შემეტანა. მჯერა, ყველას გვაქვს სუპერძალა, რომელიც შეგვიძლია კეთილი საქმეებისთვის მივმართოთ, მაშინაც, თუ საქმიანობის მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიძლება შიშს გგვრიდეს.

დღეს სუპერგმირების არმია უკვე ექვსი გოგოს ხელშია, რომლებიც თავიანთ თავისუფალ დროსა და ენერგიას ამ საქმეს უთმობენ. ესენი არიან: თინა როგავა (ორგანიზაციის განვითარების მენეჯერი); სოფო გაგუა (დონორების ბაზის მენეჯერი); ელენე ჩხაიძე (დიზაინერი); ნუცა დევდარიანი (იურისტი, კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი); ანო გორგასლიძე (იურისტი);  მელანო დურმიშიძე (დამფუძნებელი, დირექტორი). აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი დღის განმავლობაში სრულგანაკვეთიან სამსახურებში მუშაობენ, თან ისეთ დიდ კომპანიებში, როგორებიც არის: აჭარა ჯგუფი, რედიქსი, ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ა.შ. 

ორგანიზაციას ორი საერთაშორისო კონსულტანტი ჰყავს, ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ევროსაბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტთა მუდმივმოქმედი კომიტეტის ექსპერტი ლევან ავალიშვილი და ხუან ვარელა, რომელიც ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტია.

M: როგორ ცდილობთ პეტიციით საქართველოში სისხლის დონაციის კულტურისა და სტანდარტების დამკვიდრებას?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ვალდებულია, რომ გადმოიტანოს და ჰარმონიზაცია გაუკეთოს ევროკომისიის შესაბამის რეგულაციებს ქვეყანაში, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის სისხლის დონაციების აკრძალვას, გარდა უანგარო დონაციისა.

უანგარო დონაცია, მნიშვნელოვანია პირველ რიგში სამედიცინო მიზნებისთვის და უზრუნველყოფს პაციენტის უფრო მეტ უსაფრთხოებას. დღესდღეისობით კი ჩვენს ქვეყანაში დონორს აქვს შესაძლებლობა გაღებულ სისხლში აიღოს თანხა, რომელიც სისხლის ბანკის მიხედვით 30-დან 45 ლარამდე მერყეობს. განვითარებულ ქვეყნებში სისხლის კომერციალიზაცია დაუშვებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ეს კულტურა უცხოა, ნამდვილად რთული იქნება დეკომერციალიზაციის ეტაპების გავლა.

სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, სანამ რეფორმების გატარება მოხდება, პერიოდულად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს დონორებისა და პოტენციური დონორების ადაპტაციას სიახლეებთან. პროცესი ორმხრივია, ადამიანების კეთილ ნებას მნიშვნელოვანია თან სდევდეს სახელმწიფოს ქმედებები, რომელიც ხაზს გაუსმევს პირველ რიგში სისტემის გამჭვირვალობას. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პეტიციით მოვითხოვთ სახელმწიფომ დაამტკიცოს სისხლის დონორთა შერჩევის ერთიანი წინაპირობები და სისხლის ბანკების საქმიანობის მონიტორინგის სისტემა, რომელიც როგორც პაციენტისთვის ასევე დონორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

M: მოხალისეობრივი საქმიანობით დაიწყეთ, თუმცა NCDC-სა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვა შეძელით. როგორ მოახერხეთ ეს?

ჩვენი პირველი შეჯახება არსებულ სისტემასთან მოხდა მას შემდეგ რაც ორგანიზებულად დავიწყეთ მუშაობა და თავად დავიწყეთ დონორების სხვადასხვა სისხლის ბანკებში გაგზავნა. „სისხლის უანგარო დონორები“ ერთადერთი და პირველი ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ხელი უდევს პულსზე, როგორც პაციენტების მხრივ, ასევე დონორების მიმართ არსებულ სისტემურ ხარვეზებზე. 

აღმოვაჩინეთ, რომ არ არსებობს საერთო გაიდლაინი (სახელმძღვანელო მასალა), რომლითაც სისხლის ბანკები ხელმძღვანელობენ სისხლის დონაციამდე და ყველგან სხვადასხვა მოთხოვნებია. ცხადია, ეს არის წყარო იმ მითებისა, რომლებიც სოციუმში ესე მძაფრად არის გაბატონებული და ადამიანებს ჰგონიათ, რომ მაგალითისთვის თუ ტატუ აქვთ, სისხლს ვერასდროს ჩააბარებენ. 

სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს სისხლის დონაციასთან დაკავშირებული პრობლემები ამითი არ შემოიფარგლება. ხშირად გვქონია შემთხვევა, დონორის მიერ ჩაბარებული სისხლი, რომელსაც მათი ფოტოც მოწმობდა სისხლის ბანკში ვერ გვიპოვნია. ეს იმის ბრალია, რომ არ არსებობს კონტროლისა და მონიტორინგის სისტემა. 

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რის შედეგადაც დღესდღეობით, ჩართულები ვართ ევროკავშირის დაძმობილების ე.წ. Twinning-ის პროექტში,  „სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიმართულებით.

M: თქვენ ახსენეთ, რომ ორგანიზაციების წასახალისებლად, „მადლიერების კამპანია“ წამოიწყეთ. რას გულისხმობს ის?

ჩვენს საქმიანობაში 20-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელია ჩართული, რაც ძალიან გვახარებს და უდიდეს მიღწევად მიგვაჩნია. ეს გულისხმობს, რომ „მადლიერების კამპანიის“ ფარგლებში, როდესაც დონორებს მადლობის წერილებს ვუგზავნით, კომპანიები საჩუქრებით ამარაგებენ მათ. მიტანის სერვისში გვეხმარება კომპანია ელვისი, საჩუქრებით კი გვამარაგებენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: აჭარა ჯგუფი; იზი პიზი; მერაკი; ლუმიერსი; ბიუთი ბოქსი; ქუქი ბეიქერი; არველაძეების ფონდი; სულაკაურის გამომცემლობა; სავარჯიშო დარბაზი წრე; ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა; მონამი; ლაინი და ა.შ.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ ვატაროთ 4TB ინფორმაცია ჯიბით?

როგორ შეიქმნა Pringles-ის ხრაშუნა სნექი