in

სისხლით „ჰიკიკომორის“, ანუ თვითიზოლაციის სინდრომის, დადგენა შეიძლება

ყველას გვაქვს დღეები, როცა სამყაროსთვის თვალი გასწორება უბრალოდ არ გვინდა… მაგრამ რა მოხდება, თუ ეს გრძნობა არასდროს გაქრება? თუ ის 6 თვით ან უფრო მეტი ხნით გაგრძელდება? აქ უკვე საქმე ჰიკიკომორის” სახელით ცნობილ მდგომარეობასთან, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, პათოლოგიურ სოციალურ ჩაკეტილობასთან, გექნებათ. თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, ეს პრობლემა იაპონიაში მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს, თუმცა ბოლო დროს აღნიშნული ფენომენი უფრო გლობალურიც გახდა. აქ კი ჩნდება კითხვა — რა იწვევს ამ უკიდურეს თვითიზოლაციას? რაზეც კიუშუს უნივერსიტეტის კვლევას რამდენიმე პასუხიც კი შეიძლება ჰქონდეს.

M2
M2

„ფსიქიკური დაავადებები, როგორებიცაა დეპრესია, შიზოფრენია და სოციალური შფოთვითი აშლილობა, ჰიკიკომორის მქონე ინდივიდებშიც შეინიშნებოდა. თუმცა ჩვენი ბოლო კვლევა იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია, ეს ​​სხვადასხვა ფსიქიატრიული და არაფსიქიატრიული ელემენტის რთული მდგომარეობაა, — ამბობს ტაკაჰირო კატო, ნეიროფსიქიატრიის მკვლევარი. 

კატო კვლევის წამყვანი ავტორიც გახლავთ და იგი თავის ძირითად დასკვნას გვიზიარებს — ადამიანების სისხლში, რომელთაც ჰიკიკომორი აქვთ, მრავალი ფიზიკური მარკერი არსებობს, რაც მკვლევრებს შეუძლიათ დაავადების მქონე ან არმქონე ადამიანების გასარჩევადაც გამოიყენონ. ამასთან, დაავადების სიმძიმის დადგენაც შესაძლებელი ხდება. მისივე თქმით: იმის გაგება თუ რა ხდება ბიოლოგიურად, ჰიკიკომორის დადგენასა და მკურნალობაშიც დაგვეხმარება.

საინტერესოა ისიც, რომ ჰიკიკომორმა პირველად ყურადღება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მიიპყრო, შემდეგ იგი იაპონიის ეკონომიკურ სტაგნაციასა და სირცხვილის კულტურას დაუკავშირეს, თუმცა საბოლოოდ მაინც უფრო ღრმა ფენომენად გადაიქცა.

კიუშუს უნივერსიტეტმა კი, რომელიც ინოვაციური და პროგრესული ქმედებებით ყოველთვის გამოირჩეოდა, 2013 წელს ჰიკიკომორის კვლევისთვის მსოფლიოში პირველი ამბულატორიული კლინიკაც გახსნა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ კონკრეტულ მდგომარეობას მრავალმხრივ შეისწავლიდნენ და პაციენტებისთვის ფენომენის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური პერსპექტივების მეშვეობით მხარდამჭერ სისტემასაც განავითარებდნენ. მართალია, კვლევით ჰიკიკომორის სოციალური მიზეზების შესახებ უფრო მეტიც გაიგეს, მაგრამ სინდრომის ბიოლოგიური ასპექტების დადგენისას მსგავს წარმატებას ვერ მიაღწიეს. 

თუმცა, როგორც ამბობენ, ახლა ესეც მოგვარებულია… მკვლევართა ჯგუფი ჰიკიკომორის მქონე 42 ინდივიდსა და 41 ჯანმრთელ მოხალისეს დააკვირდა და მათი პლაზმის მეტაბოლომების დეტალური მონაცემები გააანალიზა — ეს იმ პატარა მოლეკულების სახელია, რომლებიც ჩვენს სისხლში შაქრის, ამინომჟავებისა და ცილების მსგავსად არსებობს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ჰიკიკომორის მქონე მამაკაცების სისხლში ორნიტინის დონეები და არგინაზას აქტივობა უფრო მაღალი, ბილირუბინისა და არგინინის დონე კი უფრო დაბალი იყო. რაც შეეხება აცილკარნიტინის დონეს, იგი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, — განმარტავს დაიკი სიტოიამა, კვლევის პირველი ავტორი. 

ხოლო თუ თქვენთვის ფსიქიკური დაავადებების ბიოლოგიური მარკერები ცნობილია, ეს ტერმინები, შესაძლოა, განგაშსაც იწვევდეს. მაგალითად, ორნიტინი არის ამინომჟავა, რომელიც სხეულის ბევრ ფუნქციასთან არის დაკავშირებული, ის ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებასაც. ბილირუბინი კი ღვიძლის ფუნქციებთან არის დაკავშირებული, თუმცა მას გარკვეული კავშირები დეპრესიასთანაც აქვს. ხოლო აცილკარნიტინები მნიშვნელოვან როლს ტვინისთვის ენერგიის მიწოდებაში ასრულებს. ყოველივე ამას ჰიკიკომორის ბიოლოგიური ახსნაც ემატება…

„დღეს ჰიკიკომორი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო გამოკვლევების ჩატარება… ჰიკიკომორის ბიომარკერების იდენტიფიცირება კი პირველი ნაბიჯია მდგომარეობის ბიოლოგიური ფესვებისა და მათი სიმძიმის გამოსავლენად. ვიმედოვნებთ, რომ ეს აღმოჩენები უკეთესი მკურნალობის გზებსაც გვაპოვნინებს, — აცხადებს კატო.

Google-ის ახალი კამპანია, რომელიც მის სარგებლიანობაზე გვიამბობს

საქართველოში ITF WOMEN’S WORLD TENNIS TOUR-ის მხარდამჭერი „პორშე ცენტრი თბილისი“ გახდა