6
May
2014

SiteCheck.ge – საიტის აუდიტირების უფასო სისტემა

6 May 2014

Startauperi
Startauperi


საქართველოში ახალი საიტის აუდიტირების უფასო სისტემა – sitecheck.ge შეიქმნა, მარკეტერი პროექტის მენეჯერს შავლეგო კაპანაძეს ესაუბრა:

უფასო ყოველთვის არ ნიშნავს უსარგებლოს, უინტერესოს ან უმნიშვნელოს. ხშირად ხდება, რომ ეს სიტყვა უფრო მეტს აფრთხობს, ვიდრე იზიდავს. რაც, ჩემი აზრით, სავსებით ლოგიკურია. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

sitecheck

SiteCheck.ge საიტის აუდიტირების ქართული ონლაინ რესურსია, რომელიც ამ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ გამოიყენოს. მისი დაარსების იდეა ვებ-დეველოპერულ კომპანია „ვებ სოლუშენსს“ ეკუთვნის.

საიტის შექმნის მთავარი მიზანი ქართველი ინტერნეტ მომხმარებლის, ქართველი ვებ-ადმინისტრატორის და ქართველი დამკვეთის ვებ-ცნობიერების ამაღლებაა. სიტყვა „ქართველს“, ხაზს ვუსვამ, რადგან ვფიქრობ, რომ მიუხედავად ბევრი საკმაოდ კარგი სპეციალისტისა, ჩვენ ყოველთვის ქართული რესურსების ნაკლებობას განვიცდით, განსაკუთრებით ვების მიმართულებით.

საითჩექით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. პირველ რიგში, ეს არის მცდელობა, რომ ქართულ ვებში დამკვიდრდეს საიტის შექმნის გარკვეული სტანდარტები, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ დეველოპერები და პირები, რომლებსაც საიტი ჭირდებათ. ვებში მომუშავე ნებისმიერი კომპანიისთვის ნახევარი საქმე გაკეთებულია, როდესაც მომხმარებელმა იცის, რას უკვეთავს.

საიტის აუდიტი ოთხ ძირითად კომპონენტად იყოფა: საიტის არქიტექტურა, სიმარტივე, შიდა საძიებო ოპტიმიზაცია და სოციალური მედია. თითოეული კომპონენტი გარკვეულ საკითხებს, პარამეტრებს მოიცავს. თუ საიტი კონკრეტულ პარამეტრს აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს, შესაბამისად აღინიშნება, მწვანედ ან წითლად. ყოველ ტერმინს მითითებული აქვს განმარტება და ყველას შეუძლია სიღრმისეულად გაეცნოს ნებისმიერი დეტალის მნიშვნელობას.

საიტის აუდიტირების შემდეგ, მზადდება დასკვნა, რაც შედეგების შეჯამებას გულისხმობს. სხვა ანალოგებისაგან განსხვავებით, საითჩექზე დამატებული ყოველი საიტის აუდიტირებას ადამიანები აკეთებენ, რომლებსაც გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. ეს შესაძლოა ნაკლებ „ჰაკერულად“ ჟღერდეს, მაგრამ საითჩექის ღირსება სწორედ ამაშია! თითოეული საიტის აუდიტირებას სპეციალისტი საათზე მეტს უთმობს, წერს დასკვნას და იძლევა რეკომენდაციას, ამას ვერც ერთი ბოტი ვერ შეძლებს.

სტანდარტების წერისას ჩვენ არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ საიტის სტრუქტურის სტანდარტიზებით და შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საიტის კონტენტი, ინტერნეტ მარკეტინგი, საძიებო ოპტიმიზაცია… ნებისმიერი საიტის წარმატებას ამ კომპონენტების კომპლექსურობა განაპირობებს.

ასე შეიქმნა მარტივი და სადა საითჩექის ბეტა ვერსია, რომელიც უკვე დამოუკიდებელ პროდუქტად ყალიბდება. დღეს ის წარმოადგენს ერთადერთ ხელსაწყოს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რომლის საშუალებითაც საიტის გამოკვლევა და შეფასება შეიძლება.

შავლეგო კაპანაძე

განხილვა