in

ქართული თამაში/აპლიკაცია „სიტყვობანა“, რომლითაც ბავშვები კითხვას სწავლობენ

Google Play-სა და AppStore-ზე უკვე ხელმისაწვდომია, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში კი, მალე ყველა პირველკლასელის ბუკში აღმოჩნდება აპლიკაცია სახელად „სიტყვობანა“. ის საქართველოში შექმნილი პროდუქტია, რომლის დახმარებითაც ბავშვები სწავლობენ თითოეული ასობგერის ჟღერადობას, ასევე, ამ ასობგერების წაკითხვასა და ნივთებისა თუ ცხოველების დასახელებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, „სიტყვობანა“ უადვილებს და ინტერაქტიულად შეასწავლის ბავშვს კითხვასა და სხვადასხვა საგნებისა თუ ცხოველების დასახელებებს.

აპლიკაცია თამაშის პრინციპს ეფუძნება, შესაბამისად, ბავშვები ხშირად ვერც იაზრებენ, ისე სწავლობენ დასახელებებსა და კითხვას. „სიტყვობანა“ „ჯეოლაბში“ შეიქმნა, ხოლო აპლიკაციის ფუნქციონალსა და გეგმებზე მისი იდეის ავტორსა და პროგრამულ ნაწილზე პასუხისმგებელ პირს – პავლე ტაბატაძეს ვესაუბრეთ:

M: როგორია „სიტყვობანას“ ფუნქციონალი? რის საშუალებას აძლევს ის ბავშვს?
სიტყვობანას მთავარი ფუნქციაა ვიზუალურად გამოსახოს სხვადასხვა სულიერი თუ უსულო საგანი და მათი სახელის ასობგერების განსათავსებელი ცარიელი უჯრები. ბავშვის ინტერაქციის ნაწილი კი შემდეგნაირია: მან ეკრანის ქვედა ნაწილში არეულად დალაგებული ასოებიდან უნდა ამოარჩიოს ობიექტის დასახელების შესაბამისი სწორი ასოები და ჩაალაგოს ცარიელ უჯრებში, თანმიმდევრულად. გარდა ამისა, პროცესს თან სდევს შესაბამისი ჟღერადობა/ხმა, რაც ბავშვს ერთდროულად ასწავლის, თუ როგორ გამოითქმის და იწერება ასო-ბგერა. 

M: როგორი იყო აპლიკაციის შექმნის პროცესი და ვინ/როდის შექმენით ის?
აპლიკაციის იდეა იყო პირადად ჩემი, მაშინ ვმუშაობდით ქართული ანბანის შესასწავლ აპლიკაციაზე და მთელი გუნდი სულ ვფიქრობდით მსგავს თემებზე. იდეა გავაჟღერე, მოწონება დაიმსახურა გუნდის მხრიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა. პროგრამული ნაწილი პირადად შევასრულე, ჩემს ასისტენტ ცოტნე დევდარიანთან ერთად. ხოლო დიზაინის ნაწილი დიზაინერების დიდ გუნდთან ერთად მომზადდა, რომელსაც „ჯეოლაბი“ აერთიანებდა. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის შექმნისას მუდმივად ვცდილობდით მაქსიმალურად საინტერესო ყოფილიყო ბავშვებისთვის, ამიტომ ეტაპობრივად ვათამაშებდით ჩვენს გარშემო, ნაცნობ ბავშვებს. საბოლოოდ, მივიღეთ ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს, თამაშის სახით. რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ შეუწყობს ხელს ბავშვებს, თამაშ-თამაშით შეისწავლონ ასობგერათა კითხვა. 

M: როგორც ვიცით, განათლების სამინისტროსთან ითანამშრომლეთ და „სიტყვობანა“ მალე გამოჩნდება პირველკლასელთა ბუკებში. გეგმავთ, თუ არა „ჯეოლაბში“ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას? ანუ ახალი საბავშვო-საგანმანათლებლო აპლიკაციების შექმნას?
აპლიკაციის კეთებისას, პარალელურად, კონსულტაციებს გავდიოდით განათლების ექპერტებთან. შედეგად კი, ის უკვე დაიტესტა მათი მხრიდან და უახლოეს მომავალში ყველა ბუკში იქნება ჩატვირთული. მოსწავლეებს შეეძლებათ გამოიყენონ და ისწავლონ კითხვა უკვე თავიანთ კომპიუტერებში.
ამ მიმართულებამ თავისი სასარგებლიანობა უკვე დაგვანახა, როდესაც ვიგებთ თუ როგორ ერთობიან და თან სწავლობენ ბავშვები ჩვენი აპლიკაციებით. რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და დიდი გეგმები გვაქვს.

როგორც უკვე ვთქვით, აპლიკაცია უფასოდაა ხელმისაწვდომი iOS-ისა, Android-ისა თუ Windows-ის ოპერაციული სისტემების მომხმარაბელთათვის. მისი გადმოწერა კი მითითებული ბმულებიდან შეგიძლიათ.

როგორ უნდა იზრუნონ სამედიცინო მუშაკებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე? – HBR

„აჭარაბეთის“ ახალი CSR პლატფორმა „ინიციატივა“ საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებებით იმუშავებს