in

„სივრცეში“ ყველაზე ნაცრისფერი ოფისის გამოცოცხლებაც კი შესაძლებელია“

Startauperi
Startauperi
იცით, როგორ შეიქმნა სარკე?

მატასი სულაკაური, არტ დირექტორი გიამბობთ:

საგურამოს ნაკრძალში ვიყავი, დიზაინზე რომ ვმუშაობდი. ვფიქრობდი კომუნიკაციის აზრსა და მის ვიზუალიზაციაზე. ბუნებამ, ფოთლებმა, მწვანე გრადაციებმა და ხეებმა ჩემი ყურადღემა მთლიანად თავის ირგვლივ მოაქცია. ვეცადე, ნამუშევარში ის ენერგიები ჩამედო, რომელიც ბუნებასთან კომუნიკაციამ მომიტანა. მესიჯი, რომელიც ნაკრძალიდან ოფისში ჩამოვიდა: „ადამიანი ბუნების ნაწილია და ჩვენ შორის მუდმივი და ჰარმონიული კომუნიკაციაა“.

მატასი იმასაც ჰყვება, რომ სარკე იმ პატარა ოთახისთვის იქმნებოდა, რომელიც ოფისის თანამშრომლებს სატელეფონო ზარებისთვის უნდა გამოეყენებინათ.

შეზღუდულ სივრცეში სარკემ სიღრმე გააჩინა. სარკეზე პრინტმა დამატებითი ფაქტურა შემოიტანა და საბოლოო ჯამში, პრაქტიკული გადაწყვეტა საინტერესო ობიექტად იქცა.

ხოდა, ასე შეიქმნა სარკე.

თუმცა სარკემდე იყო „სივრცე – თავისუფალი სამუშაო გარემო, რომელიც მილენიალების ცხოვრების სტილს ერგება და სხვადასხვა სივრცეს შემოქმედებით, თავისუფლებითა და კომფორტით სავსე ადგილად გარდაქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, „სივრცეში“ ცდილობენ, ტრადიციული საოფისე ავეჯი თანამედროვე ალტერნატივებით შეცვალონ და ისეთი ატმოსფერო შექმნან, სადაც მუშაობა უფრო პროდუქტიულია და განტვირთვა – უფრო მარტივი და სასიამოვნო.

დამფუძნებელი დათუნა დევდარიანია, რომელიც „სივრცეს“ შექმნის გზაზე იმის გაანალიზებამ დააყენა, რომ ადამიანი და მისი მოთხოვნილებები, ნებისმიერი ბიზნესის ფუნქციონირების პროცესში, უპირატესია… ამის გაცნობიერების შედეგად კი, ისეთ საქმეს მიჰყო ხელი, რომლის საშუალებითაც: „ჩვენ მიერ დაგეგმილ ოფისებში სამუშაო თვითგამოხატვის საშუალებად იქცევა, რაც თავის მხრივ, კრეატიულობასა და შრომისუნარიანობას ზრდის. „სივრცე“, უბრალოდ, საოფისე ავეჯი არ არის. ეს არის ჩვენი ხედვა სამყაროზე, რომელშიც ვაკეთებთ იმას, რაც ბედნიერებით გვავსებს“.

„სივრცეში“ ასე მუშაობენ: პროექტის დაწყებამდე, „სივრცეში“ დამკვეთი ორგანიზაციის სტრუქტურასა და დასაქმებული ადამიანების მოთხოვნილებებს შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ ემზადებიან გარემოს სრული ტრანსფორმაციისთვის. დინამიკური სამუშაო გამოცდილება ოფისში სხვადასხვა ფუნქციის მქონე სივრცეების არსებობას გულისხმობს, იქნება ეს ადგილები ჯგუფურად შესასრულებელი სამუშაოსთვის თუ ინდივიდუალური, მაღალი კონცენტრაციის მქონე საქმეებისთვის.

ჩვენ ბევრს ვფიქრობთ, როგორ შევცვალოთ ძველი ჩვევები. მივაგნოთ მაგიდებისა და სკამების გამოყენების როგორც სამუშაოსთვის, ისე ფიზიკური დასვენების შესაძლებლობის მქონე ალტერნატიულ მეთოდებს“, – ამბობს დათუნა დევდარიანი. „ალტერნატიულ მეთოდებში“ კი არა მხოლოდ ვიზუალურად სასიამოვნო ანდაც, კომფორტულ ავეჯს გულისხმობს, არამედ, ოფისის მოწყობის ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ კრეატიულ გადაწყვეტას. იმიტომ, რომ ისინი, ვისაც მუშაობა ოფისში უწევთ, დღის უმეტესი ნაწილი დამსხდრები არიან : 8 საათი სამსახურში, ტრანსპორტში, სახლში ტელევიზორთან/კომპიუტერთან… შესაბამისად, „სივრცეში“ ამ გამოწვევასაც ითვალისწინებენ. 

უფრო ზუსტად, „სივრცე“ კომპანიებს სთავაზობს: ოფისის დაგეგმვას, ავეჯსა და აქსესუარებს. ანუ „სივრცეში“ შეუძლიათ როგორც მთლიანი ოფისის ნულიდან დაგეგმვა, ასევე, არსებულ ოფისებში, როგორც დათუნა უწოდებს, „ბედნიერების კუნძულების“ შექმნა. იმიტომ, რომ „ჩვენი ფერადი სათავსოების საშუალებით, ყველაზე ნაცრისფერი ოფისის გამოცოცხლებაც კი შესაძლებელია“, – ამბობს ის.

მაშო ნარტყოშვილი, გრაფიკული დიზაინერი: „ჩვენი ყოველდღიურობა დატვირთულია რთული გადაწყვეტილებებით, მძიმე სამუშაო გრაფიკით და სხვა პატარ-პატარა სტრესული დეტალებით, რომლებიც ზოგჯერ გვაფიქრებინებს, რომ რაღაცებთან გამკლავება არ შეგვიძლია, არადა, ყველაფერიც შეგვიძლია!“

„სივრცეზე“, როგორც ბრენდის შექმნაზე „მილენიალ ჰაბში“ დაიწყეს ფიქრი და სწორედ აქ განისაზღვრა ბრენდის კონცეფცია – მიუხედავად იმისა, რომ „სივრცეს“ მთავარი პროდუქტი ავეჯის წარმოებაა, ბრენდის არსი ადამიანებისთვის ჯანსაღი შემოქმედებითი სივრცის შექმნას გულისხმობს. ხოდა, სახელიც ასე შეირჩა. MORE studio-მ კი – ფერადი და დინამიკური ვიზუალური სტილის შემუშავებაზე იზრუნა და „სივრცეს“ იდეა და ესთეტიკური ხასიათი თვალსაჩინო გახადა.ბრენდის მიზანი, ბიზნესის კუთხით, გულისხმობს, „სივრცეთი“ რაც შეიძლება მეტი კომპანიის მხრიდან დაინტერესებასა და შესაბამისად, დასაქმებული ადამიანებისთვის ბედნიერი და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნას.

თუმცა მანამდე, პოტენციური დამკვეთის თუ არა, ცნობისმოყვარე მენეჯერის ყურადღების მიპყრობას ფეისბუკზე განთავსებული აქტუალური ბლოგებითაც შეძლებს, მაგალითად: როგორია ფერის გავლენა სამუშაო გარემოზე?

ავტორი: თიკა გეგენავა

TIME-ის რჩეული 100 ქალი

შესაძლებლობები სქესით არ ისაზღვრება, შესაძლებლობები უსაზღვროა