ქართული პლატფორმა SizmarAI ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებს Text To Video ML მოდელი შესთავაზა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტექსტების ვიდეოდ გარდაქმნის უფასო ხელსაწყო. სატესტო რეჟიმში მომხმარებელთა უკუკავშირიც დააგროვა, ახლა კი ვიგებთ, რომ პლატფორმა განახლებული ფუნქციონალითა და ამბიციური იდეებით სულ მალე ჩაეშვება.
„პირველად საქართველოს სტარტაპ ისტორიაში განახლებული SizmarAI 4 მარტს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე LIVE რეჟიმში დაილანჩება, მომხმარებელს შეეძლება, ლაივში დატესტოს პროდუქტი, დაგვიწეროს უკუკავშირი და შემოვიდეს კომუნიკაციაში. გაშვების LIVE რომ არ გამოგეპაროთ, შემდეგ ბმულზე დარეგისტრირდით: https://sizmar.world/“, — გვეუბნება გიორგი ხატიაშვილი, SizmarAI-ის თანადამფუძნებელი და COO/CMO.
თუმცა, ღირს თუ არა პლატფორმის ახალი ვერსიის გამოცდა, მოდით, ერთად გავარკვიოთ — მარკეტერი SizmarAI-ის თანადამფუძნებლებს თენგო თადუმაძესა (CEO) და გიორგი ხატიაშვილს გაესაუბრა:
M: როგორც გავიგეთ, SizmarAI-ში დიდი განახლებაა, თუმცა, სანამ უშუალოდ ფუნქციებზე ვისაუბრებთ, მოგვიყევით, რაზე მუშაობდით ბოლო თვეების მანძილზე და რამდენად სასარგებლო გამოდგა მოდელის სატესტო რეჟიმში ჩაშვება მისი განვითარებისთვის.
თენგო: SizmarAI-ის სატესტო რეჟიმში გაშვება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ამ პერიოდში ფაქტობრივად ნულოვანი მარკეტინგული აქტივობებითა და დანახარჯებით პლატფორმაზე 50 ათას წამამდე ვიდეო დაგენერირდა, ვიზიტორები კი მსოფლიოს 68 ქვეყნიდან გვყავდა. შესაბამისად, მომხმარებლის უკუკავშირიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რაზეც უნდა გვემუშავა და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ტექნიკური რესურსების საჭიროება პლატფორმისთვის.
ბოლო თვეების განმავლობაში პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით ტესტირების დროს იდენტიფიცირებული ფუნქციონალის განვითარებასა და რესურსების მობილიზებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ორივე მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება, ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკური რესურსების მობილიზება შევძელით და განვავითარეთ პროდუქტი, რომელსაც 4 მარტიდან უკვე ყველა იხილავს.
M: ახლა კი გვითხარით, კონკრეტულად, რა ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
გიორგი: მაქსიმალურად ვაძლიერებთ სოციალური ქსელის ელემენტებს, პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, შექმნას საკუთარი არხი, დააგროვოს გამომწერები, კომენტარები, ნახვები, შეუერთდეს ე. წ. ქომიუნითი ჩატებს და ისიამოვნოს პერსონალური, მის ინტერესებზე მორგებული Feed-ით, უახლოეს მომავალში „სიზმარელებს“, ასევე, შეეძლებათ პროფილების კომერციალიზაცია.
რაც შეეხება ვიდეოს გენერირების მიმართულებას, რა თქმა უნდა, ისევ უფასოა ყველასთვის, დაგვემატა მუსიკის დამატების შესაძლებლობა ვიდეოებზე, კადრების ინდივიდუალური გენერაცია და რეგენერაცია. ასევე, მომხმარებელს ექნება საშუალება, სურვილისამებრ, სხვა AI ხელსაწყოებით დამზადებული ვიდეო ატვირთოს ჩვენს პლატფორმაზე.
M: ხელახლა გაგვაცანით SizmarAI…
თენგო: თავიდანვე გვინდოდა, AI ტექნოლოგიების სარგებელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა, გვსურდა, გავმხდარიყავით AI-სა და ადამიანებს შორის დამაკავშირებელი რგოლი. ორი ძირითადი პრობლემა, რა მიზეზითაც ადამიანები ვერ იყენებდნენ აქტიურად სხვადასხვა Text To Video AI პროდუქტებს, იყო ცოდნა და ფინანსები. ამიტომ, ჩვენ, ერთი მხრივ, მომხმარებელს შევთავაზეთ უფასო ვიდეოს გენერირების შესაძლებლობა, მეორე მხრივ, კი შევქმენით ალგორითმი, რომლის დახმარებითაც, მიუხედავად prompt-ების წერის ცოდნის დონისა, შეეძლებოდათ სასურველი შედეგი მიეღოთ ვიდეოს გენერირების დროს. ახლა კი, ამ დიდი მიზნის მისაღწევად კიდევ უფრო მასშტაბური მიმართულებით წავედით:
ჩვენ უკვე ვართ მსოფლიოში პირველი სრულად AI ტექნოლოგიასა და კონტენტზე დაფუძნებული სოციალური ქსელი.
M: რატომ უნდა გამოვიყენოთ SizmarAI და არა, ბაზარზე არსებული სხვა Text To Video AI ML მოდელები?
გიორგი: ხშირად გვეკითხებიან, არიან თუ არა ჩვენი კონკურენტები გიგანტი ML მოდელები და პროდუქტები, მაგალითად, როგორიც არის RunwayML. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა. მათი ბიზნესმოდელი უშუალოდ ML ტექნოლოგიის განვითარებასა და გაყიდვაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი AI ტექნოლოგიის დახმარებით ვქმნით ახალი თაობის სოციალურ ქსელს, მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნესმოდელით.
რა თქმა უნდა, გლობალურად არსებობს სხვადასხვა არაპირდაპირი კონკურენტები, AI ვიდეოგენერატორები, რომელთაც აქვს გარკვეული ტიპის სოციალური ქსელის ელემენტები, თუმცა, პირდაპირი გაგებით, სოციალურ ქსელად არცერთი მათგანი ითვლება და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტიპის ბიზნესმოდელის განვითარებისთვის ვიდეოს უფასოდ გენერირება მხოლოდ SizmarAI-ზე არის შესაძლებელი.
ხოლო, რაც შეეხება ტრადიციულ სოციალურ ქსელებს, რადგან მათი პრიორიტეტი რეალური ვიდეოკონტენტია, შეძლებისდაგვარად, ზღუდავს AI კონტენტს. ამიტომ, კვლევების მიხედვითაც, AI კრეატორების 70% აქტიურად ეძებს ერთიან სივრცეს მათ მიერ შექმნილი კონტენტის გასაზიარებლად.
M: რა ხდება დღეს SizmarAI-ის გუნდში? რა მოლოდინები გაქვთ?
თენგო: აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ გუნდი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და არის აღნიშნული პროდუქტის მთავარი შემოქმედი, ასევე, არის თითოეული ჩვენგანისთვის მთავარი მოტივაცია და წარმატების გასაღები. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, მარცხისა, ყოველ ჯერზე უფრო ვძლიერდებოდით და ვძლიერდებით. ამიტომ, მოუთმენლად ველით, როგორც განახლებული პროდუქტის ჩაშვებას, ისე შემდგომ გამოწვევებს.
M: დაბოლოს, სამომავლო გეგმებიც რომ გაგვიზიაროთ, როგორც ვიცით, ერთ თვეში მნიშვნელოვან სიახლეს უნდა ველოდოთ…
გიორგი: მომავლისთვის ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, პირველ რიგში, გეტყვით, რომ გაშვებიდან დაახლოებით ერთ თვეში გამოვა აპლიკაცია, რაც პროდუქტის უმნიშვნელოვანესი განახლება იქნება. ასევე, უკვე აქტიურად ვიწყებთ საინვესტიციო მოლაპარაკებებს. ამ მიმართულებით ჩვენი მიზანი სტრატეგიულად გამართლებული ინვესტიციის მოზიდვა გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვაქვს საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა ინვესტორთან, პირველ რიგში, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ კომპანიის ღირებულება, შემდგომ კი გვსურს, ზუსტად გავიგოთ საჭირო ინვესტიციის რაოდენობა პირველადი მიზნების მისაღწევად, რათა შევარჩიოთ ინვესტორი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება SizmarAI-სთვის.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი