in

სიზმარია თუ ხელოვნური ინტელექტი? — ქართული პლატფორმა SizmarAI ტექსტებს ვიდეოდ გარდაქმნის

Startauperi
Startauperi

ყოველდღიურად ვისმენთ ამბებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ, საათების სამუშაო რამდენიმე წამამდე დაიყვანა, იმდენად გაგვიმარტივა, რომ რთულია გაერკვიო, ცხადია თუ სიზმარი… თუმცა როგორც კი გამოცდით, პასუხსაც მაშინვე იპოვით და ასეა SizmarAI-ის შემთხვევაშიც — ქართული სტარტაპის, რომელმაც გადაწყვიტა Text To Video ML მოდელი ჩვენთვის შემოეთავაზებინა. უკვე გატესტეს კიდეც ქართველმა მომხმარებლებმა ბეტა რეჟიმში და თუ მათ შორის არ იყავით, დღეიდან თავადაც შეძლებთ SizmarAI-ის გამოყენებას, რადგან ქართული პლატფორმა ოფიციალურად ჩაეშვა! თუმცა მანამდე, მოდით, SizmarAI-ის თანადამფუძნებელ თენგო თადუმაძეს გავესაუბროთ:

M: მოგვიყევით SizmarAI-ის შესახებ — როგორ შეიქმნა სტარტაპი?

გენერაციული AI ბოლო რამდენიმე წელია ელვისებური სისწრაფით ვითარდება და საზოგადოების ფართო მასებისთვის ყოველდღიური გამოყენების ტექნოლოგიად ფორმირდება. აღნიშნული მიმართულებით, უახლესი ტექნოლოგია Text To Video AI ML მოდელებია, რომლებიც განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზეა, თუმცა დიდ ყურადღებას იქცევს, რადგან მათ შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესი და ინდუსტრია. 

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ხელოვნური ინტელექტის ენთუზიასტებით, შესაბამისად, როგორც კი Text To Video ML მოდელები ბაზარზე გამოჩნდა, მაშინვე აქტიურად დავიწყეთ მისი ტესტირება. აღმოვაჩინეთ, რომ სამომხმარებლო კუთხით მისი გამოყენებით კომპლექსური და მრავალკადრიანი ვიდეო კონტენტის შექმნა, სპეციფიკური ცოდნისა და დამხმარე პროგრამების გარეშე, თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, დავიწყეთ ფიქრი, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო ჩვენ და მივედით SizmarAI-ის იდეამდე.

M: რა შეუძლია ტექნოლოგიას?

SizmarAI-ის პლატფორმაზე Promt-ების ანალიზის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ, თქვენი დაწერილი ტექსტიდან, სპეციფიკური ცოდნის გარეშე, მიიღოთ სასურველი შინაარსის მრავალკადრიანი ვიდეო კონტენტი მაქსიმუმ 1 წუთში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განმეორებით პერსონაჟებს, სასურველ ავატარებს, პერსონაჟების დიალოგს, მთხრობლის ხმასა და შერჩეულ მუსიკას. 

M: როგორ უნდა იქცეს სიზმარი თვალსაჩინო სიუჟეტად?

ზოგადად, ჩვენი მიზანია, Prompt-ების წერის სპეციფიკური ცოდნის გარეშე, მიიღოთ ზუსტად ის კადრები, რაც თავიდანვე ჩაიფიქრეთ. თუმცა, რჩევის სახით შეგვიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დეტალურად აღუწეროთ AI-ს, თუ რა გსურთ. მაგალითად: თუ გსურთ, რომ კაცი ზამთარში თოვლში სეირნობდეს ზამთრის ტანისამოსით, კარგი იქნება, დეტალურად უთხრათ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცი, რა ფერის ტანისამოსი ეცვას, კადრები წინიდან ჩანდეს თუ უკანა ხედიდან და ა. შ.

M: რამდენად გამართულად მუშაობს ამჟამად პლატფორმა და როგორია სამომავლო გეგმები?

პლატფორმა ბოლოს 4 დღის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა, ამ პერიოდში 4 500-მდე ვიდეო დაგენერირდა. ტესტირების რეჟიმში მომხმარებელს შეეძლო ჩაეწერა სასურველი ტექსტი (მათ შორის ქართულ ენაზე), შეერჩია სტილი და მიეღო 10-წამიანი ვიდეო კადრები. აღნიშნული პროცესი ძალიან დაგვეხმარა გაგვეგო, თუ როგორ ფუნქციონირებს ML მოდელი, მივიღეთ საინტერესო უკუკავშირები, გამოვავლინეთ ხარვეზები და ახლა განვაგრძობთ პროდუქტის ფუნქციონალისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობას.

„სასწავლო წელი იწყება კარფურით“ – ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში

30 აგვისტო – 15 სექტემბერი BACK TO SCHOOL სითი მოლში