ამასწინათ მიუნხენის მედია დიზაინის სკოლაში მქონდა შეხვედრა სტუდენტებთან, დისკუსია გაიმართა თემაზე ნეირომარკეტინგი. ეს მიმართულება მომხმარებლის ტვინის რეაქციას იკვლევს მარკეტინგული აქტივობის დროს. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყო რამოდენიმე კრეატივ დირექტორი ადგილობრივი სააგენტოდან. გავარჩიეთ ჩვენი კომპანიებიდან მოტანილი ქეისები, სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში, კარგი საღამო გამოვიდა.
უკვე გვიანი იყო სახლში რომ დავბრუნდი, ტელევიზორს შევხედე, ერთ-ერთ გერმანულ არხზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი საქართველო-გერმანიის მატჩის შესახებ ინტერვიუს აძლევდა: „ქართველები ძალიან ტექნიკურები არიან, უბრალოდ ბრძოლისუნარიანობა და ჟინი აკლიათ…“ – ეს ფრაზა რაღაც გულზე მომხვდა. ტელევიზორი გამოვრთე. ადამიანის ტვინის უბნებზე, ფეხბურთზე და ქართველების ფსიქოტიპზე ფიქრში ჩამეძინა…
ქალაქ ლევერკუზენში აღმოვჩნდი. მგონი ადგილობრივი გუნდის სტადიონის გასახდელი იყო. დიდ ოთახში ბურთები, სპორტული ჩანთები და სხვა საფეხბურთო ატრიბუტიკა იყო მიმობნეული. ოთახის ბოლოში ჩემსკენ ზურგით კედელთან ვიღაც სპორტულებში გამოწყობილი ჭაღარა კაცი იდგა და კედელზე მაგნიტებიანი საფეხბურთო დაფა ჰქონდა მოწყობილი. ჩვენი ძველი ნაცნობი კლაუს ტოპმიოლერი იყო. მეც მეტი რა მინდოდა, მისი გამონათქვამით განაწყენებულმა გადავწვიტე შევკამათებოდი მის მოსაზრებას ქართველების საბრძოლო ჟინის ნაკლებობაზე.
ამასობაში ჩემი ყურადღება მარჯვენა კედელზე ძველებურ ჩარჩოში განთავსებულმა მამაკაცის პორტრეტმა მიიპყრო. დიდი ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის სურათი იყო. გაკვირვებული სურათთან ახლოს მივედი. მიახლოვებაზე რაღაცამ დაიწკარუნა და სურათიდან გიგანტური მესიჯი გამონათდა მთელ კედელზე:
-Esets me var!? – დამტვრეული ქართულით წარმოთქვა ტოპმიოლერმა და ნიშნის მოგებით თვალი ჩამიკრა. მერე მოვიდა, თანაგრძნობით მხარზე ხელი დამადო და დაიწყო:
– მოდი ესე გავაკეთოთ, მე ვიცი რომ თქვენ გერმანიაში მოღვაწეობთ. ადექით და ჩამოწერეთ მთავარი დადებითი და უარყოფითი თვისებები, რომელიც ქართველ სპეციალისტებს განასხვავებს გერმანელი სპეციალიტებისგან და მერე ვილაპრაკოთ.
– კიბატონო, სიამოვნებით, კარგი იდეაა! – ავენთე მე. კონცენტრაცია მოვიკრივბე, დაფასთან მივედი, ფეხბურთის ნომრიანი მაგნიტები გვედზე გავწიე და ჩამოწერა დავიწყე:
სტრესის გადატანის უნარი – ქართველები უკეთესად ვუმკლავდებით სამსახურეობრივ სტრესს. ვიცით, რომ ცხოვრება სამსახურით არ იწყება და არ მთავრდება. გვახსოვს, რომ საქმის იქით კიდევ სხვა რამეც არსებობს. ეს ისევ საქმეში უკეთესი მენტალობის შენარჩუნებაში გვეხმარება, უკეთესად ვაბალანსებთ სამუშაო და პირად ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს, Burn Out-ების სტატისტიკური მონაცემი ჩვენში ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე ევროპაში.
ფართო დიაპაზონი და ზოგადი ინფორმირებულობა – ყოველთვის ყველაფერი, ხანდახან თუნდაც ყურმოკვრით, მაგრამ მაინც ვიცით.პირდაღებულები იშვიათად ვრჩებით. იშვიათია თემა, რომელიც საერთოდ არასდროს ვიცოდით და მასზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია.
იმპროვიზაციის უნარი – ეს უკანსკნელი წინა პუნქტიდან გამომდინარეობს და ჩვენს საოცარ თვისებაზე მიუთითებს, როდესაც ორი სიტყვიდან შეგვიძლია მთელი პოზიცია და მსოფმხედველობა გამოვწოვოთ და გადამწყვეტ მომენტში დამაჯერებლები ვიყოთ, ან თუნდაც ჩიხიდან გამოვიყვანოთ ესა თუ ის მოლაპარაკება, პრეზენტაცია ან კონცეფციის პროცესი.
ექსტრემალურ პირობებში მუშაობის უნარი – ჩვენთვის ნაკლებად დამაბრკოლებელია არაკომფორტული სამუშაო გარემო, რომელმაც შეიძლება კოლაფსში ჩაგვაგდოს და საქმეში ხელი შეგვიშალოს. უშუქობას, უკარტრიჯობას, უმონიტორბას და ა.შ. ყოველთვის შეგვიძლია მშვიდად გადავაბიჯოთ, უბრალოდ ვიპოვოთ ალტერნატივა და გავაგრძელოთ საქმე.
სოციალური წრის გამოყენების და შექმნის უნარი – ნაცნობობის წრე ყოველთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში. ის რაც ჩვეულად დადგენილი ბიუროკრატიული პროცესით გაძნელებულია, ჩვენ შეგვიძლია უშუალო ადამიანური ურთიერთობებით და პირადი კონტაქტების დახმარებით ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტოთ. ქართველებს ამ ფენომენის მიმართ საქმეში განსაკუთრებული და მომგებიანი დამოკიდებულება გვაქვს.
შთაბეჭდილების მოხდენის უნარი – გვიყვარს პროფესიული ტერმინების ხმარება, სწორი აქცენტების გაკეთება და შეგვიძლია დავტოვოთ შთაბეჭდილება, რომ მომავალი ტრენდების მაჯისცემაზე მყარად გვიდვს ხელი. მართალია ეს თვისება თავხედობის ზღვარზე გადადის, მაგრამ ბიზნესის „ჯუნგლებში“ ამას ხშირად დამატებითი ქულების მოტანა შეუძლია.
ამბიციურობა – როგორც პატარა ერს გვახასიათებს მაქსიმალიზმი. ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ჩვენი მატერიალურ-
ტექნიკური შესაძლებლობებით არ მივეკუთნებით მოწინავე დასავლურ ბაზრებს. მიუხედავათ ამისა, ჩვენ სწორედ ამ ბაზრებზე გვაქვს სწორება. არასდროს ვკმაყოფილდებით რეგიონული დონის წარმატებით და არ ვედრებით არათუ უახლოეს სამეზობლოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებსაც ხშირად ზემოდან ვუყურებთ. ეს კი ჩვენ სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს.
პუნქტების ჩამოწერას რომ მოვრჩი, უკან მოვიხედე, ტოპმიოლერს აზარტული ღიმილი დასთამაშებდა, თემამ აშკარად დააინტერესა და ეტყობოდა ბევრ რამეში მეთანხმებოდა.
სურათიდანაც შემდეგმა მესიჯმა გამოანათა
ამ მინიშნებამ კიდევ უფრო შემაგულიანა და შეუდექი, უარყოფითი თვისბების ჩამოწერა:
თვითინიციატივის ნაკლებობა – საქმიანი მოუსვენრობა ნაკლებად გამოგვარჩევს. სულ ვიღაცას ველოდებით, რომ რაღაცას დაგვავალებს და საქმესაც ესე გავაკეთებთ. თუნდაც ეს ყბადაღებული ცნება „დასაქმება“ რად ღირს. მთელი ჩვენი პასიური მდგომარეობა ჩანს, რომ ვიღაცა აქტიური უნდა მოვიდეს და დაგვასაქმოს, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ინიციატივით ვიპოვოთ, მოვიფიქროთ, წამოვიწყოთ საქმე, თავად დავისაქმოთ თავი.
ირონიული დამოკიდებული სიზუსტისადმი – რატომღაც ითვლება, რომ რაც უფრო დეტალებში შეეცდები ჩაუღრმავდე საქმეს – პედანტური სიზუსტით მიხვალ შეხვედრაზე, გაუფრთხილდები და დაიცავ ფაილების დასახელებებს, სხვებსაც ამის ზედმიწევნით შესრულებას მოსთხოვ, შეიძლება მაზალოდ გამოჩნდე. აკურატულობა და პედანტურობა შეიძლება რიგ შემთხვევეაში ირონიული ღიმილის ღირსიც კი გახდეს. ამავედროს საკუთარი დროისა და რესურსების მენეჯმენტში მოვიკჭლებთ. დედლაინის მკაცრად დაცვა და სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება ჩვენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.
ყველგან ბოსის ამბიცია – რამოდენიმე წელი ვიმუშავე საქართველოში. მახსოვს ორგანიზაციებში, რომელბათანაც შეხება მქონდა, თანამშრომლების პოზიციას ხშირად თან ერთვოდა წინსართავი „მთავარი“ – „მთავარი მომმარაგებელი“, „მთავარი მძღოლი“, „ მთავარი“ სპეციალისტის „ მთავარი“ თანაშემწე. იშვიათად ვხედავდი „არამთავარი“ პოზიციით კმაყოფილ, საქმის წყნარად და პატიოსნად შემსრულებელ ადამიანებს.
ეფექტის მოხდენა vs შედეგიანობა – აქ გადავწყვიტე ტოპმიოლერისთვის საფეხბურთო ენაზე ამეხსნა ქართველების ეს თავისებურება (არადა მგონი ჩემზე კარგად იცოდა).
– Herr ტოპმიოლერ, ხომ გახსოვთ ბავშვობაში სკოლის ეზოში ფეხბურთს რომ ვთამაშობდით ხოლმე – იმასაც თითქოს ახსოვდა, გაეღიმა და თავი დამიკრა, თითქოს ყოველთვის იქვე ბეტონის კიბეზე ჩამომჯდარი გვადევნებდა თვალყურს. – იმდროინდელი საქართველოს ნაკრების არ იყოს, ჩვენც ყველანი ფინტებზე და ტექნიკურ თამაშზე ვიყავით გადარეულები… ეფექტური ფინტის გაკეთებას უფრო დიდი ფასი ჰქონდა, ვიდრე საბოლოო გამარჯვებას. ვინც გაბედავდა და ძალიან მოინდომებდა გაემარჯვებინა, დამცინავად გავძახებდით ხოლმე
– „კაი რა იყო ბიჭო, ბებიაშენის ქონებას ხომ არ აგებ!“
– ეგ იყო ჯადოსნური სიტყვები, მანდ მთავრდებოდა მოწინააღმდეგის შედეგზე ორიენტირებულობაც და გამარჯვების ჟინიც.
– მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთის გარდა ეს თვისება, ჩემის აზრით, ქართველებს საქმეშიც გამოგვყვა. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ეპიზოდურად გავიბრწყინოთ, შთაბეჭდილება მოვახდინოთ ეფექტური პასაჟით და თავი ესე დავიმკვიდროთ, ვიდრე მიზანმიმართული ხანგრძლივი მუშაობის შედეგად „მშრალი“ და „მოსაწყენი“ შედეგები დავდოთ მაგიდაზე და ისე გავიკვლიოთ გზა წარმატებისკენ.
„ბებიაჩვენის ქონების კომპლექსი“– დაიწკარუნა მესიჯის ხმამ და სურათიდან მორიგი გიგანტური მესიჯი გამონათდა.
მე და ტოპმიოლერმა გაოგნებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს და მცირე ხანი დაბნეულები უყურებდით კედელზე ამონათებულ ტექსტს.
მცირე შემდეგ კვლავ მოვიკრიბე კონცენტრაცია და განვაგრძე.
პირადი და საქმიანი ურთიერთობის არ გამიჯვნა – ხშირად ვაწყდებით სიტუაციებს, სადაც პირადი და საქმიანი ურთიერთობები ერთმანეთში ისეა გადახლართული, რომ ვერ გაიგებ სად მთავრდება საქმე და სად იწყება პირადი. ამით კი, როგორც ერთი, ისე მეორეც ხშირად ზარალდება და საბოლოო ჯამში ვიღებთ დანგრეულ მეგობრულ ურთიერთობებს, ნათესაურ კავშირებს და წარუმატებელ საქმეებსა და სკანდალებს.
არადიპლომატიურობა – ამაში იგულისხმება საქმიანი ლექსიკის – ე.წ. Feedback კულტურის არ ქონა, სადაც ყოველი სიტყვას და გამონათქვამს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ერთგვარ კოდებს წარმოადგენს. ესეთ შემთხვევაში შექებეა ან საყვედური პრიმიტიული ენით არ ითქმის და შესაბამისად უხეშად არ ჟღერს. აქედან გამომდინარე არ იწვევს ემოციურ გაღიზიანებას ან ეიფორიას. ესეთი კომუნიკაციის საშუალებით ადამიანი გაკრიტიკების შემთხვევაშიც შეიძლება უფრო მოტივირებული დარჩეს და შემდეგში უფრო ყურადღებით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას.
საკუთარი შესაძლებლობების გაუცნობიერებლობა – ჩვენში საქმე როგორც არასასიამოვნოსთან და იძულებით გასაკეთებელთან ასოცირდება. ვმუშაობთ მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავალი გვქონდეს. სამუშაოს შინაარს, პოზიციას, ორგანიზაციას მხოლოდ ზოგადი კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ. ძირითადად ვიცით, რომ გვინდა „სადმე ოფისში“ და „რამე ნორმალური“. სინამდვილეში კი ჩვენ თავს არ ვიცნობთ, არც ვცდილობთ ჩავუღრმავდეთ და საკუთარი თავი ვიპოვოთ. ამ შემთხვევაში კონკრეტული წარმოდგენა შეგვექნება ჩვენი საქმიანი პროფილის შესახებ, ზუსტად გვეცოდინება რა გვინდა, შრომა და საქმეც უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახდება.
Alarm 06:30! – ამჯერად უკვე არა გიგანტურმა არამედ ჩვეულებრივმა ტელეფონის მაღვაძირამ ლევერკუზენის სტადიონიდან ისევ მიუნხენში, ჩემს საძინებელში დამაბრუნა. მშვენიერი მზიანი დილა გათენებულიყო.
– არაა, ეს 06:30 გაღვიძება რა უბედურებაა, როცა არაფერი დაშავდება სამსახურში ათისთვისაც რომ მივიდე – ნამძინარევად დავიბუზღუნე.
– გამოვა მერე ტოპმიოლერი და დაიწყებს, არამიზანსწრაფული ერია ქართველებიო – უპასუხა ჩემმა შინაგანმა ხმამ
– ოო, ეგ უკვე „ტოპმიოლერის კომპლექსია“ – გამეღიმა და მაღვიძარა 15 წუთით გადავწიე…
ავტორი:
გერმანიაში გადახვეწილი ერთერთი ქართველი სპეციალისტი