ისედაც მწვავე ეკოლოგიურ პრობლემას კიდევ აუარესებს სწრაფი მოდა იმ ტანსაცმელებით, ფეხსაცმელებითა თუ აქსესუარებით, რომლებიც გარემოსთვის საზიანო წარმოების პროცესს გადის და შემდგომ არც გადამუშავდება… ამგვარად, დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იდეები, რომლებიც არსებული ტენდენციის სასიკეთოდ შემობრუნებას ემსახურება. მათ შორისაა ბოტასის რეზინის ძირებისგან დამზადებული Bentu Design-ის მოზაიკის მსგავსი ავეჯიც.
თუმცა სანამ ამ უკანასკნელზე გესაუბრებით, გეტყვით, რომ ყოველწლიურად 20 მილიარდი წყვილი ფეხსაცმელი იწარმოება და თითქმის ყველა, ადრე თუ გვიან, ნაგავსაყრელზე ხვდება. თანაც რეზინი იმგვარი მასალებისგან მზადდება, რომ დაშლისთვის ასობით წელი სჭირდება. არც დაწვაა გამოსავალი, რადგან ამ დროს ტოქსიკური აირები გამოიყოფა. მართალია, მათი გადამუშავების პროცესშიც მოიხმარენ წყლისა და ელექტრო რესურსს, თუმცა დღეს ეს ერთადერთ საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს.
WU სკამების ხაზია, რომელიც ფეხსაცმლის ძირებს ახალ სიცოცხლეს აძლევს, უნდა აღინიშნოს, რომ მეტად საინტერესო დიზაინით. 90% გადამუშავებადი რეზინია, რაც 15 კილო მასალას, ანუ 60 რეზინის ძირს, უდრის. ამგვარად, 10 სკამი 600 ფეხსაცმლის გადამუშავებული ძირია. ექვსკუთხა ზედაპირი და სამი ფეხი აქვს, რითაც მეტად გამორჩეულიცაა. კომპაქტურია და შემოქმედებითიც, მოზაიკას ჰგავს და იმდენად დახვეწილია, რომ ვერავინ იფიქრებს, თუ იგი ფეხსაცმლის ძირებისგან დამზადდა…