Georgian Bakers-ის ახალ რეკლამას “სკანდალი გრძელდება” ბევრი განხილვა მოყვა. Georgian Bakers-მა ისაუბრა სარეკლამო კამპანიის მიზნებზე და მიღებულ შედეგზე. მარკეტერის მკითხველმა გადაწყვიტა უპასუხოს რეკლამის შემქმნელებს და მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში:
გამარჯობა
მე გახლავართ ირაკლი დოლიძე
სარეკლამო სფეროთი მძიმედ დაინტერესებული გურული და როგორც დღეს გავიგე “ე.წ. მარკეტერი”.
ამიტომ სწრაფად გადავალ მთავარ საკითხზე
“Marketer.ge”–ზე გამოქვეყნდა სტატია “ჯორჯიან ბეიქერს”–ის პროდუქტის, “პიპპა – პრემიუმ”–ის ახალი სარეკლამო რგოლის შესახებ, სადაც კომენტარების ველში ვთხოვე “Marketer”–ს მოეწოდებინათ ინფორმაცია თავად რეკლამის დამკვეთ/შემსრულებლებისგან.
მალევე სტატია განახლდა და დაემატა “ჯორჯიან ბეიქერსის” შეფასება, რომელიც შეგიძლით იხილოთ ბმულზე. http://www.marketer.ge/pippa-premium/
სწორედ ესაა საინტერესო, რომ როგორც იქნა გავიგეთ რა პირობებში და რა მიზნისთვის გაკეთდა კონკრეტული მარკეტინგული ნაბიჯი. ასე უფრო ნათელია და გასაგები.
მაგრამ (და როგორც წესი, საინტერესო “მაგრამ”–ის შემდეგაა) . . .
რაც შეეხება “მზესუმზირის, სექსისა და იუმორის შერწყმა”–ს
პირველი ამ თემაზე იმიჯის ეპოქის ფუძემდებელი დევიდ ოგილვი მახსენდება, რომელიც თავის მწარე შეცდომად გამათბობელი რადიატორების რეკლამაში მკერდმოშიშვლებული ქალის ჩვენებას თვლიდა, რადგან “მიზეზი შეუსაბამობაა და ეს პროდუქტს არ ყიდის”. ალბათ “ჯორჯიან ბეიქერს”–მა ოგივლიზე მეტი იცის.
რაც შეეხება იმას, რომ დღეს კრეატივზე და ორიგინალურობაზე საუბრობს “მენთეშ პროდაქშენსის” კლიენტი
იმ სარეკლამო სააგენტოსი, რომელთა ნამუშევრებიდან კარგად გვახსოვს საპრეზიდენტო კანდიდატ სერგო ჯავახიძის სარეკლამო რგოლი, რომელშიც ის წინსვლას გვპირდებოდა და თავად უკან მოდიოდა. ამ გაუგებარი შეუსაბამობის შესახებაც ვკითხავდი მათ.
თუმცა მერე ყველაფერი დალაგდა, როცა იქვე, მათსავე პორტფოლიოში ბერა ივანიშვილის კლიპი ვიპოვე. ე.ი. ასე იყო საჭირო.
მათი პორთფოლიოდან ასევე ყველას გვახსოვს “არაი თუმოროუს” საახალწლო სატელევიზიო ვიდეორგოლი, რომელიც “IKEA”–ს რეკლამის ასლი იყო და მისი ამ ფორმით დამზადება ვირუსულობით “გამართლდა”. მაგრამ გამორჩათ რამოდენიმე ნიუანსი: ( შენიშვნა: Mentesh production-მა გააკეთა აღნიშნულზე განცხადება, რომ ეს იყო კლიენტის მოთხოვნა და არა მათი სურვილი – Marketer.ge)
1. გავირუსებამ ბრენდს მინუსი არ უნდა დაუწეროს
2. როგორც წესი ვირუსდება “Online” რეკლამა და არა “TV” და სატელევიზიო რგოლისთვის ვირუსულობის დაბრალება თუ ვერ “ვჭამეთ” მარკეტერებმა, ბოდიში.
სწორედ იმ “ე.წ. მარკეტერებმა”, რომელთა აზრსაც თითქოს დღეს არად აგდებს “ჯორჯიან ბეიქერსი” და სინამდვილეში, სწორედ ამ გვერდიდან იღებს (როგორც სხვა ბევრი ქართული კომპანია) საინტერესო და თემასთან ახლო შეფასებებს. შეფასებებს როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლებისგან, ისე კომპეტენტურად აღიარებული პირებისგან, რომლებიც ამ გვერდზე აზრს ცვლიან. და სანამ “ე.წ. მარკეტერებს” დაგვარქმევენ, კარგად დაფიქრდნენ, რომ ამ ჯამში იმ პროფესიონალებსაც ყრიან (“უბრალო მოკვდავები” კიდევ ავიტანთ), რომელთა გამოცდილებაში მთელს “პიპპა”–ზე 1000-ჯერ დიდი ბიუჯეტის პროექტებია. ასეთი “ე.წ.” აქ მრავლადაა და მადლობა თქვენს ჟურნალს, რომ რამოდენიმე ამ გვერდის საშუალებით მეც დამიკავშირდა.
ბევრი დამეთანხმებით, რომ აქაურ კომენტარებში ზოგჯერ უფრო მეტი პროფესიონალიზმია, ვიდრე იმ მარკეტინგულ კამპანიებში, რომლზეც ეს კომენტარები კეთდება.
რაც შემეხება მე:
მე – გველი, “ჯორჯიან ბეიქერსს” რომ ცოტა უფრო “ტკბილად მოუბარი ენით ამოვეყვანე” ასეთ რამეს შევთავაზებდი:
– გამოვასწორებდი მთავარს – პოზიციონირების არქონას
– მზესუმზირის სახეობას “შევავიწროვებდი” გარჩეული მზესუმზირის ხაზამდე (ასეთები
ბაზარზე არის, მაგრამ არ რეკლამირდება და არაა დაკონკრეტებული) და მხოლოდ მასზე
ვპოზიცირდებოდი სარეკლამო კამპანიით
– გავაკეთებდი სტატისტიკას თუნდაც იმაზე, რომ სკოლის ბავშვების დიდი პროცენტი
მზესუმზირას ნაჭუჭიანა მიირთმევს და ამას სატელევიზიო რგოლს მივუძღვნიდი.
– რომლიმე დილის (და არამარტო) რეიტინგულ გადაცემაში ექიმებს, ქირურგებს “მივიწვევდი”
ბრმანაწლავის თემაზე სასაუბროდ და წინ წამოვწევდი მზესუმზირის ნაჭუჭის მავნებლობის
თემას (პარალელურად ამ კამპანიისა)
ეს ერთი ნაწილი ბავშვების და მშობლების დასაინტერესებლად
მეორე ნაწილში, “სხვა დანარჩენებისთვის” ხაზს გავუსვამდი მზესუმზირის მიღების არაესთეტიურ (რომ გიწევს ფურთხება) და არაჰიგიენურ (თითები, ფრჩხილები და ა.შ.) მხარეს და ვაჩვენებდი, რომ ჩვენი მზესუმზირის არჩევისას ეს არ ხდება.
და ამ ყველაფრის პარალელურად ჩვეულებრივი (გასაფცქვნელი) მზესუმზირის ხაზს დავტოვებდი “და ჩვენც ასევე” პროდუქტის სახით სხვა კონკურენტებთან მიმართებაში.
P.S. რაც შეეხება “სანამ ჩვენს კრიტიკას დაიწყებთ ჯერ საკუთარი ნამუშევარი გვიჩვენეთ მიღწეული შედეგებით”
ბოძს შემოხვეულ მანქანაზე, ნებისმიერი თვითმხილველი იტყვის რომ ავარია მოხდა. ამის სათქმელად მართვის მოწმობა არა საჭირო.
+ ჩემი “დრიფტის” ვერსია ზემოთ უკვე წარმოგიდგინეთ
მადლობა ყურადღებისთვის