ბოლო პერიოდში საყოველთაო უკმაყოფილება მოჰყვა ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით შესაძლებლობებს — მაგალითად, ვიზუალური ხელოვნების ნიმუშის სიტყვების საფუძველზე შექმნას. ამის საპირისპიროდ, Picsart-მა გადაწყვიტა, ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა ხატვის საფუძვლები და ახალი აპლიკაციით, უხეში, მარტივი მონახაზები დახვეწილ ნამუშევრებად ექცია.
უფრო კონკრეტულად, ციფრული შემოქმედების პლატფორმამ გამოუშვა SketchAI, დამოუკიდებელი აპლიკაცია, რომელიც უბრალო მონახაზებს ან სხვა ვიზუალურ მინიშნებებს თვალისმომჭრელ AI ნამუშევრებად გარდაქმნის. მოკლედ, ამ გზით შეგიძლიათ, სამხატვრო ხელმძღვანელი და კონცეფციის ავტორი იყოთ, იდეების გაცოცხლებაზე კი აპლიკაცია იზრუნებს.
„მობილურ მოწყობილობაზე არა მხოლოდ იმის დახატვა იქნება შესაძლებელი, რაც გინდა, არამედ ის ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის ძალიან ცუდ მონახაზებსაც კი“, — ამბობს ლუსინ ჰარუტიუნიანი, Picsart-ის პროდუქტის ვიცე პრეზიდენტი.
SketchAI-ის გამოსაყენებლად, პირველ რიგში ესკიზის შექმნით უნდა დაიწყოთ, თავისივე ციფრულ ტილოზე. ამასთან, ალგორითმის კონტროლი სიტყვიერი აღწერილობის შეყვანით ან სასურველი ხელოვნების სტილის არჩევით შეგიძლიათ. SketchAI-ს ასევე შეუძლია შექმნას სრულიად ახალი AI ნამუშევრები თქვენს ალბომში არსებული სურათებიდან. ხოლო მას შემდეგ, რაც პროცესის თქვენს ნაწილს შეასრულებთ, აპლიკაცია სრულყოფილ სახეზე იზრუნებს.
ამრიგად, SketchAI უერთდება Picsart-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და რესურსების მზარდ კომპლექტს, მათ შორის AI გამოსახულების გენერატორისა და მანქანით შექმნილი შრიფტების კოლექციას.
P.S. ახალი აპლიკაცია სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი iOS სისტემისთვის.