არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბიზნეს ურთიერთობებია თუ პერსონალური, კვლევების თანახმად, კომუნიკაციის 60-დან 90%-მდე არავერბალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც უმეტესად ტექსტურ შეტყობინებებსა და ელ.ფოსტებს იყენებენ, გზავნილის ნახევარი მიაქვთ ადრესატამდე და ამ ნახევრის ინტერპრეტაციაც ხშირად არასწორად ხდება. მართალია, საკმაოდ მოსახერხებელია, მაგრამ რამდენად შეგვიძლია კარგ ბიზნეს ხელსაწყოდ ჩავთვალოთ, თუ ვამბობთ, რომ სრულყოფილი კომუნიკაციის დიდი წილი სხეულის ენაზე მოდის?!
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით, სხეულის ენის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს გადავხედოთ:
1. თვალებით კონტაქტი
თვალები ჩვენი სხეულის ენის ყველაზე ძლიერი ნაწილია და შეუძლია გამოხატოს ყველაფერი, იქნება ეს ბედნიერება, ტკივილი, ინტერესი თუ შეწუხება. ხშირი თვალებით კონტაქტი კი გულწრფელ ქმედებად აღიქმება, როცა დიდხანს მზერა, ანუ მიშტერება საკმაოდ აგრესიულად აღიქმება. ეს ყველაფერი აშკარაა პირადი საუბრების დროს, თუმცა ტექსტურ შეტყობინებებში იკარგება.
2. პოზა
თუ გსურთ ავტორიტეტული და დომინანტი გამოჩნდეთ, გაიმართეთ და ისე დადექით. ჩვეულებრივ, მოდუნებული პოზა დაუცველობაზე, სისუსტესა და დანაშაულზე მიუთითებს. აი, დომინანტური ჟღერადობის ტექსტური შეტყობინება კი მიმღებლობაზე მეტად, ბრაზს იწვევს…
3. ხელის ჩამორთმევა
ეს უკვე ინტერაქციის დასაწყისის ღიაობასა და კეთილ განზრახვებზე მიგვითითებს და იმაზე, რომ ბოლოში რაღაცაზე შეთანხმდებით. ხელის ჩამორთმევა მნიშვნელოვანი კონტაქტია, რომელიც გულწრფელობაზე მიგვითითებს, ეს კულტურული ნიშანი კი სრულად აკლია ტექსტურ შეტყობინებებსა თუ ელ.ფოსტებს.
4. ხელის სახესთან მოძრაობა
რაც უნდა კარგად ჟღერდეს თქვენი სიტყვები, ხელის სახესთან მოძრაობა, მაგალითად ნიკაპზე ჩამოყრდნობა თუ სახეზე ხელის აფარება, აჩვენებს თქვენს ემოციას — თუ ადამიანი საუბრისას პირის დაფარვას ცდილობს, ე. ი. გატყუებთ.
5. სახის გამომეტყველება
ცალსახაა, რომ გაღიმებული სახით გაგზავნილ შეტყობინებას სრულიად განსხვავებული გავლენა ექნება იმისგან, რომელსაც გაბრაზებული სახით წარმოთქვამთ. გაღიმებული სმაილები სწორედ ამის სიმულაციისთვის შემოიღეს ტექსტურ შეტყობინებებში. თუმცა ყოველთვის წარმატებით არ მუშაობს, რადგან როგორც ამბობენ, გულწრფელობის ელემენტი აქ დაკარგულია.
6. მხრებისა და ფეხების განლაგება
შესაძლოა, ხელების თუ ფეხების გადაჯვარედინება ინტერესის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. ინტროვერტი ამას ხშირად მიმართავს, ექსტრავერტს კი არ სჭირდება. თუმცა ტექსტურ შეტყობინებებში ორივე იკარგება.
7. სივრცის დაკავება
ადამიანები ხშირად დგებიან და დადიან, რათა დომინანტურები გამოჩნდნენ. ჯდომის დროსაც კი შეუძლიათ ფეხები ისე დაალაგონ, რომ მეტი სივრცე დაიკავონ. ტელეფონზე საუბრის დროს კი ფეხზე დგომა თქვენს საუბარს მეტად გადაუდებლად აქცევს…
რა თქმა უნდა, მრავალი შემთხვევა არსებობს, როცა 10-სიტყვიან ტექსტურ შეტყობინებას ან 140-სიმბოლოიან პოსტს შეუძლია, მარტივი გზავნილი პირისპირ კომუნიკაციაზე უკეთ გადასცეს, მაგრამ ბიზნეს პროცესების უმეტესობა, იქნება ეს კონტრაქტზე მოლაპარაკება, გაყიდვების ჩახურვა, მომხმარებელთა მხარდაჭერა, თანამშრომელთა მართვა თუ სხვა მსგავსი საკითხები, იმაზე რთულია, ვიდრე სიტყვებით გადმოიცემა.
ამიტომ, ექსპერტები გირჩევენ, შეხვედრების დროსა და ადგილზე ტექსტური შეტყობინებებით შეთანხმდეთ, დანარჩენი კი პირისპირ შეხვედრებზე გაარკვიოთ. თანაც არც ამ 7 ელემენტის სწორად განსაზღვრა დაგავიწყდეთ…