in

სხეულის ენის 7 შეცდომა

M2
M2

საუბრისას სიტყვებს საკმაოდ ფრთხილად ვარჩევთ, მაგრამ რას იტყვით სხეულის ენაზე? დიახ, ეს საკითხი ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის სახის გამომეტყველება, ხმის ტონი ან თუნდაც ენერგია, რომელიც კონკრეტულ სივრცეში შეგვაქვს ჩვენი ჟესტებითა თუ მზერით. მეტიც, მკვლევრები გვეუბნებიან, რომ კომუნიკაციის 80% არავერბალურია.

ჩვენი არავერბალური მოქმედებები ხშირად ჩვენსავე გრძნობებსა და გამოცდილებებს ააშკარავებს. ამ კუთხით სხეულის ენა ჩვენსავე ვერბალურ გზავნილებს ან აძლიერებს, ან პირიქით, გაუგებარს ხდის, — ამბობს პატრიცია დიქსონი, ფსიქოლოგი.

ამიტომაც, ახლა, მოდით, სხეულის ენის 7 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე ვისაუბროთ, შემდეგ კი მათი გამოსწორების გზებიც განვიხილოთ:

ხელების ან ფეხების ერთმანეთზე გადადება

ხშირად ადამიანები ფეხის ფეხზე გადადებას მაშინ მიმართავენ, როცა მოსვენებულ მდგომარეობაში არიან ან უბრალოდ ასე კომფორტულია მათთვის. ხან ხელებსაც უბრალო მიზეზით ვაჯვარედინებთ, ხშირად იმიტომ, რომ გვცივა და თუ ეს მართლა ასეა, სხეულის ენის გავლენაც მსუბუქია…თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი სხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებს ამას, ფიქრობენ, რომ მოგბეზრდათ, მოუთმენელი ხართ ან სერიოზულად არ უდგებით საკითხს.

ნერვული ქმედებები

ხშირად ხელს ან ფეხს იმიტომ ვაქანებთ, რომ რაღაცაზე ვნერვიულობთ, რაღაც მოგვბეზრდა ან ვცდილობთ ენერგია სხვა რამისკენ მივმართოთ. სხვა კი ამ ქმედებას გაფანტულობას მიაწერს, დისკომფორტსა და საუბრიდან ან კონკრეტული სივრციდან გაქცევის სურვილს. თუმცა, აუტისტური სპექტრისა და ADHD-ის მქონე ადამიანებს ამის კონტროლი არ შეუძლიათ, ამიტომ ეცადეთ, მათ მიმართ სიუხეშე არ გამოიჩინოთ.

მზერის გადატანა

როცა საუბრისას ადამიანს არ უყურებთ, ისინი თავს უპატივცემულოდ გრძნობენ, ღიზიანდებიან და ვერც თქვენი საუბრის განზრახვას იგებენ კარგად. ხან ეს შფოთვისა და უხერხულობის გრძნობასაც აჩენს — ჩვენი თვალები ძლიერი კომუნიკატორია და როცა ამას თავიდან ვირიდებთ, საუბართან კავშირს ვკარგავთ.

ხანაც საუბრის დროს ტელეფონს ჩავხედავთ, რაც დღეს კი ჩვეული ქცევა გვგონია, მაგრამ რეალურად უინტერესობაზე მიუთითებს…

თავის ხელებზე დადება

კიდევ ერთი გავრცელებული სხეულის ენის შეცდომა ადამიანის მოსმენისას თავის ხელებზე დადებაა, მათ შორის, ლოყაზე ან ნიკაპზე დაყრდნობაც. ჩვეულ შემთხვევებში ეს ნორმალური ამბავია, მაგრამ პროფესიულ გარემოში მოწყენილობასა და ინტერესის ნაკლებობაზე მიუთითებს. 

ცუდი პოზა

სავარძელში ცუდად ჯდომამ, მაგალითად ბოლომდე წელით ჩაჯდომამ ან ჩაწოლამ, შესაძლოა, დაუცველ და უინტერესო პირად წარმოგაჩინოთ, მაშინაც კი, როცა ეს რეალობას არ შეესაბამება. მეორე მხრივ კი, კარგი პოზა თავდაჯერებაზე მიუთითებს. ამიტომ, მცირე ცვლილებაც კი კარგ შედეგებზე გაგიყვანთ, იქნება ეს გამართული ჯდომა თუ დგომა.

არაბუნებრივი სხეულის ენა

სხეულის ენაზე ბევრსაც ნუ იფიქრებთ კომუნიკაციის დროს. თუ მსმენელი იგრძნობს, რომ კონკრეტულ ჟესტებში იმეცადინეთ, არაავთენტური გამოჩნდებით. თავდაჯერებულის ნაცვლად, ისეთ ადამიანად წარმოჩინდებით, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს ყოველ ნაბიჯზე. წარმატების გასაღები, რა თქმა უნდა, ბალანსში იმალება ნაფიქრ და ბუნებრივ გამოხატვას შორის. ამიტომ, საუბრისას სხეულის ენაზე კი ნუ ფოკუსირდებით, არამედ ეცადეთ, რომ მასში ბუნებრივად ჩაერთოთ და სხეულის ენაც თქვენ გამოგყვებათ. 

სერიოზული ან გაბრაზებული სახე

არ გეუბნებით, რომ სულ გაღიმებული უნდა იყოთ, უბრალოდ თუ გაგეღიმებათ, მოკრძალებულად გაიღიმეთ, რადგან ეს ინტერესზე მიუთითებს. თუმცა, ხან ძალიან სერიოზულ სახეს ისე ვიღებთ, რომ ვერც კი ვაკონტროლებთ, ამას კი საპირისპირო შედეგამდე მივყავართ. ამიტომ, ამის თავიდან არიდება უნდა ცადოთ.

როგორ გავაუმჯობესოთ სხეულის ენა?

გაიაზრეთ — დააკვირდით, როგორ აღიქვამთ სხვების სხეულის ენას, შემდეგ კი დაფიქრდით, რას აკეთებთ თავად. შეგიძლიათ ამაზე სარკის წინ საუბრითაც იმეცადინოთ. 

შესძინეთ მნიშვნელობა თქვენს ქმედებებს — გამოიყენეთ ჟესტები და სახის გამომეტყველება მიზანმიმართულად.

აჩვენეთ, რომ უსმენთ — ამაში სხვისი მოსმენისას უბრალოდ თავი დაქნევაც დაგეხმარებათ, ასე მიანიშნებთ, რომ გაინტერესებთ და ჩართული ხართ საუბარში. აქ თვალით კონტაქტი და ღიმილიც სასარგებლოა. 

მიმართეთ პოზიტიურ სხეულის ენას — მიზანმიმართულად შეცვალეთ თქვენი სხეულის ენა ისე, რომ თავდაჯერება და ჩართულობა აჩვენოთ, თუმცა, ჯერ წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენად იმუშავებს ეს მიდგომა კონკრეტულ სიტუაციებში.

მიბაძეთ სხვებს — შესაძლოა, სხვა ადამიანის სხეულის ენის გამეორებით მეგობრულ, ჰარმონიულ ურთიერთობას შეუწყოთ ხელი, ოღონდ ეცადეთ, დაცინვაში არ გადაგივიდეთ…

დაბოლოს, ამ თემაზე საუბარს დიქსონის რჩევით დავამთავრებთ: კარგი სხეულის ენა კონფლიქტების შემცირებასა და უსაფრთხო სივრცეების შექმნაში დაგვეხმარება ღია დიალოგისთვის. მე ვურჩევ ადამიანებს, საკუთარი სხეული კომუნიკატორად ჩათვალონ, ინტერაქციები გაამდიდრონ და მეტად მნიშვნელოვნად აქციონ

თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მედალი მოიპოვა

თითების კვალი ღვინის ბოთლზე — ერგონომიული დიზაინი