in

“დაწყება თუ გინდა, რა მნიშვნელობა აქვს, გარშემო რა ხდება?” – მეორე ტალღის დროს გახსნილი რესტორანი “სხივი”

Startauperi
Startauperi

შეიძლება იფიქროთ, რომ პანდემიის მეორე ტალღის დროს, მკაცრი შეზღუვების პირობებში, რესტორნის გახსნა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. თუმცა, რაკი სიტყვა “უჩვეულო” ვახსენეთ, გვენდეთ – ეს მხოლოდ დასაწყისია. ონლაინ რესტორანი “სხივი”, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა არც ტაფებს იყენებს, არც ქვაბს, არც მარილს, შაქარს ან სხვა ხელოვნურ დანამატებს. რესტორნის მთავარი საიდუმლო ცოცხალ პროდუქტებშია. თავად რომ არ გამომეცადა, ვერც წარმოვიდგენდი, სტაფილო და გარგარის სალათი, ოსპის გაღივებულ მარცვლებთან ერთად, ან კიდევ, გაღივებული ხორბლის სალათი, ფინიკთან და ჩერისთან ერთად, ასე თუ მომეწონებოდა, ხოლო გამომშრალი პურისგან, სეზამისა და მზესუმზირისგან “ჩიფსზე მეტი” თუ გამოვიდოდა… სწორედ ასე იკვებებიანო იოგები, – გვიამბო რესტორნის იდეის ავტორმა და თანადამფუძნებელმა სალომე კალანდაძემ. თავად, პროფესიით იურისტია. რესტორნის მართვას დისტანციურ სამსახურს უთავსებს, მეგობართან, მარიამ გოგიტიძესთან ერთად.

Photo Credit: LAAP Photography

“რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, პანდემია გვეხმარება ერთმანეთს შევუთავსოთ ბიზნესი და სამსახურის გრაფიკი. კერძოდ, დამატებით, დისტანციურადაც ვმუშაობთ სხვადასხვა ორგანიზაციებში, იურისტებად. მთავარი მაინც ისაა, რომ მარიამი სულ ცდილობს “მაჯობოს” ჩადებულ დროში, ენერგიასა თუ სხვა რესურსებში და ეს მე მოტივაციას მაძლევს, არ ჩამოვრჩე ”ყოჩაღობაში”. შედეგად, თანაბარი, სამართლიანი ჩართულობით უზრუნველვყოფთ დროის მენეჯმენტს,” – ამბობს სალომე კალანდაძე.

M: აქამდე, კულინარიასთან გქონიათ პროფესიული შეხება?

Photo Credit: LAAP Photography

არა და ძალიანაც კარგი. ეს ხუმრობით. ჩვენი სამზარეულო ნაკლებად საჭიროებს სტანდარტულ კულინარიულ ცოდნასა და გამოცდილებას. კულინარია ხომ შემოქმედებითი პროცესია, მაგრამ უმ სამზარეულოში კერძის მომზადება ჩემთვის ხელოვნებაა და საჭიროებს კარგ ადამიანობას. წარმოიდგინეთ, ყველა ინგრედიენტი გვაქვს შეუცვლელი, ბუნებრივი სახით და “გასაგემრიელებლად” ერთმანეთის შერწყმის მეთოდოლოგიას ვიყენებთ მხოლოდ. ხედვა უნდა გქონდეს კრეატიული და სუფთა. სახალისოა, მაგრამ დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ უნდა მესწავლა ელემენტარული კერძების მომზადება და იმდენი ვქენი, ალტერნატიული გზა ვიპოვე, ისე, რომ არც ზედმეტი მარილი მომივა, არც ცომი დაიწევს, არც ბისკვიტი ჩამივარდება, არც ჩაიხარშება და ვერც დამეწვება. ხუმრობით მეუბნებოდა, საშენო სამზარეულოს სად მიაგენიო და ვფიქრობ, სამზარეულოზე ბევრად დიდს გავეცანი/მივაგენი. ცხოვრების წესია ჩემთვის ეს ყველაფერი.

M: საჭიროებდა ქართული ბაზარი “სხივს”?

ყველანაირი საჭიროება არსებობდა, რომ ჩემი პატარა “აღმოჩენა”, სხვებისთვისაც გამეზიარებინა. აბსოლუტურად, ყველა მიზეზი მაქვს, სადმე მაღალ მწვერვალზე ავიდე და ძალიან ხმამაღლა ვიყვირო: “ადამიანებო, უბრალოდ ცადეთ”.

ის, რომ ადამიანებს საქართველოშიც ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ასეთ სამზარეულოს და ეს შესაძლებლობა ბაზარზე მე შემოვიტანე, ძალიან მეამაყება. ამ ეტაპზე, დისტანციურად ვოპერირებთ, შეკვეთებს FB გვერდის საშუალებით ვიღებთ, მალე Wolt-სა და Glovo-ზეც დავემატებით.

Photo Credit: LAAP Photography

M: კონცეპტუალურად, რა სახის კულინარიას სთავაზობთ მომხმარებლებს?

“სხივი” კაცთმოყვარე ტიპია, რომელიც მუდმივად ძიებაშია, კვლევაშია, აღმოჩენაშია და ქმნის. ახლა კი აკადემიურად: სხივი არის ცოცხალი, გაღივებული, ახალაღმოცენებული მარცვლეულისა და პარკოსანებისგან დამზადებული კერძების ონლაინ რესტორანი, სადაც არ ვიყენებთ შაქარს, არანარ მარილს ან/და სხვა ქიმიურად ან/და თერმულად დამუშავებულ დანამატებს. 

ოდესაც ვამბობ, რომ არ ვიყენებ მარილს, ამას 100 %-ით ვამბობ – 1 გრამი მარილი არ აქვს არცერთ ჩვენს კერძს და .. სხვა არ ვიცი, არ გამიგია თუკი არსებობს, ამიტომ ვფიქრობ, შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ პირველი ქართული რესტორანია, სადაც არ გვაქვს ტაფა ან/და ქვაბი, საცხობი ან/და გაზქურა, გვაქვს საშრობი, სადაც ვაშრობთ ხილს, ბოსტნეულს და მარცვლეულს, ისიც მხოლოდ 45 გრადუსამდე, რათა საკვებმა არ დაკარგოს სასარგებლო მინერალები და შეუნარჩუნდეს ვიტამინები.

Photo Credit: LAAP Photography

რას ნიშნავს გაღივებული მარცვლეული ჩვენი ორგანიზმისთვის? მარცვალი დაძინებული ორგანიზმია, მასში სძინავს ჩანასახს. სანამ თესლი მცენარედ გადაიქცევა, ახალი სიცოცხლის წარმოსაშობად მის პატარა თეთრ წამონაზარდში ანუ ღივში, კოლოსალური სასიცოცხლო/ბიო ენერგია გროვდება. სწორედ, ამ კუმულირებული ენერგიის ჩვენს ორგანიზმში მოხვედრა ხდება ორგანული თესლით დამზადებული საჭმლის მიღების შედეგად. უბრალოდ წარმოიდგინეთ, სიცოცხლის აღმოსაცენებლად რა ენერგიაცაა საჭირო, იმას ვიღებთ ამ საკვებით, მეტი ახსნა მგონი საჭიროც აღარაა. ჩვენ გვჯერა, რომ სრულყოფილი ცხოვრება შეუძლებელია ჯანსაღი ფსიქიკისა და ცხოვრების წესის გარეშე, ხოლო ჯანსაღი ცხოვრება და ფსიქიკა კი – სწორი კვების გარეშე.

ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებსაც დადებითი ცვლილებები სურთ, ასევე ღია ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური/ფსიქიკური ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი და წონის კორექციის მსურველები.

M: რამ გადაგაწყვეტინათ რესტორნის გახსნა პანდემიის დროს, როდესაც უკვე მეორედ ჩაიკეტა ეს ინდუსტრია და სიტუაციაც არასტაბილურია?

მჯერა, რომ ყველა მოვლენა უკეთესობისთვის ხდება, მათ შორის, რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ეს სასტიკი “კოვიდიც”. იზოლაციამ და კარანტინმა “ვირთხების რბოლა” ცოტათი ხომ შეანელა… ვაღიაროთ, დედამიწამ ხომ “ამოისუნთქა” ადამიანებს დრო მოგვეცა საკუთარ თავთან დასარჩენად. ფიქრისთვის მომეცა დრო. ჩვენ ხომ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი მოსწრებაზეა და ტემპიც აჩქარებულია. ეს შესანიშნავი დრო იყო აზროვნებისთვის, გაცნობიერებისთვის, ცვლილებებისთვის.

ვფიქრობ, გარემოს დიდი მნიშნელობა არ აქვს, თუ ძლიერი ხარ. გარემო მუდმივად არასტაბილურია და სწორედ ეგ არის საინტერესო. რაიმეს დაწყება თუ გინდა, რა მნიშვნელობა აქვს, გარშემო რა ხდება? მთავარი გადაწყვეტილებაა, რომ ნამდვილად მომინდა და იქ მიზეზებს, მათ შორის პანდემიასაც, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

M: საკვების თქვენეულ ფილოსოფიაზე გვიამბეთ…

Photo Credit: LAAP Photography

“შენ ის ხარ, რასაც ჭამ” – სულ ეს სიტყვები ჩამესმის. ყოველთვის მიყვარდა ჭამა, ჯანმრთელობაც ხელს მიწყობდა და უბრალოდ, ვჭამდი ყველაფერს, რაც სასარგებლო მეგონა. ბებია სულ მეუბნებოდა, ბევრი ჭამე, რომ ჯანმრთელი იყოო და მეც ასე მჯეროდა. გარშემოც ასეთი ინფორმაციებია – დედები სულ ცდილობენ, ბოლო ლუკმამდე აჭამონ შვილს… სრულიად გადმომიტრიალდა შეხედულება საკვებზე და ზოგადად, კვებაზეც. ვიცინი ხოლმე, “სიცრუეში მიცხოვრია-მეთქი”.

კვებაზე, პირველად იოგამ დამაფიქრა. თურმე, ზუსტად ასე იკვებებიან იოგები. საკვებსაც თავისი ენერგეტიკა აქვს, კერძოდ, არსებობს პოზიტიური პრანა საკვები, ნეგატიური პრანა საკვები და ნულოვანი. ჩვენ საკვებიდან ხომ ენერგიას ვიღებთ და უბრალოდ არჩევანია, მივიღო საკვები, რითიც მხოლოდ დადებით ენერგიას ავითვისებ და უბრალოდ ნაკლებ ზიანს მოვუტან ჩვენს დედამიწას, სამყაროს, ჩემი არსებობით არ დავამძიმებ… სწორედ ეს არის ამ კვების შედეგი – თავს მსუბუქად, ბუმბულივით ვგრძნობ.

ამ ტიპის კვების საშუალებით, მართავ საკუთარ თავს, გძინავს 4-5 საათი და ხარ ზე-პროდუქტიული. განწყობა სიცოხლითა და ენთუზიაზმით გაქვს სავსე, ენერგია – ულევი. ხარ მშვიდი, გაწონასწორებული და პრაქტიკულად, არ ღიზიანდები. ძილის ხანგრძლივობის შემცირებამ ბევრი დადებითი მომიტანა ცხოვრებაში. სულ მინდოდა შემეთავსებინა ოჯახი, საქმე და საკუთარ თავზე მუშაობა ერთმანეთთან და დასვენების დროც მქონოდა. 3 შვილი მყავს და ამისთვის ბევრი ენერგია მჭირდებოდა. ამიტომაც, როცა მეკითხებიან, როგორ ხარ ასეთი ენერგიული, მარტივი პასუხია: ნაკლებ ენერგიას ვხარჯავ საკვების გადამუშავებაზე და ამ ენერგიის სუბლიმირებას სხვა პროცესებზე ვახდენ.

M: კერძის მომზადების საკმაოდ უჩვეულო გზა გაქვთ არჩეული – არც ქვაბებს იყენებთ, არც ტაფას, არც შაქარს ან მარილს და მიუხედავად ამისა, კერძები ძალიან გემრიელია – ეს როგორ არის შესაძლებელი თქვენს სამზარეულოში?

ახლა არის ეს უჩვეული, თორემ თავდაპირველად ადამიანი არ იყენებდა არც ტაფას, არც ქვაბს, არც მარილსა და შაქარს. არადა, კაცობრიობამ ხომ უამრავი ეტაპი გაიარა ევოლუციის და კვების საკითხში უკან წავიდა.

ჩემთვის რომ დავიწყე გაღივება, სახლის პირობებში ვასინჯებდი ხოლმე ახლობლებს და მოწონდათ, სხვათა შორის. თან რომ იცი, შენს ორგანიზმს სასწაულებს უკეთებს, უფრო სასიამოვნოცაა. იმდენად დამაინტერესა, რომ უამრავი ლიტერატურა წავიკითხე, უამრავ ჯგუფში გავწევრიანდი. მინდოდა გამეცნო ადამიანები, ვისაც ცოცხლად კვების პრაქტიკა ჰქონდა სრულად. როცა მარიამს გავუზიარე და რესტორნის გახსნა გადავწყვიტეთ, გავეცანით გაღივების ტექნოლოგიას, გავიარეთ სასწავლო კურსები, საათობით ვარჩევდით ამ კვების ავკარგიანობას და ყოველდღურად ვრწმუნდებოდით, რომ სასწაულს მივაგენით.

ყველაფერი ისე შევაზავე, რომ სასარგებლოსთან ერთად, გემრიელიც ყოფილიყო. ნიგვზეულობისა და ჩირის, ხილის, მწვანილებისა და ბოსტნეულის ერთმანეთთან შერწყმით, საოცარი ჰაეროვანი გემოები მიიღება.

M: რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, იდეის დაბადებიდან, დღემდე?

სირთულეები პირობითია, ასე ვამბობ ხოლმე, მაგრამ ჯერაც გავდივართ იმ გზას, რომ პირველ რიგში, ადამიანებმა უფრო დააფასონ საკუთარი სხეული, სული, გონება და პატივი სცენ. ვგულისხმობ, გადაწყვიტონ იკვებონ ჯანსაღად. ეს არც ისე რთულია და გვინდა დავამკვიდროთ შეხედულება, რომ ჯანსაღი არის გემრიელი.

ასევე, სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციის არ არსებობა და საჭიროა ცნობიერებისა და ცნობადობის გაზრდა ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რას მიირთმევენ და რა შედეგი მოაქვს ორგანიზმისთვის, რატომ ახალგაზრდავდება ადამიანის სიკვდილიანობის ასაკი ყოველწლიურად, რატომ ჩნდება ამდენი დაავადება, რატომ ვბერდებით მალე და რატომ იმატა ფსიქოლოგიურ დაავადებებმა…

M: “სხივის” გუნდზე გვიამბეთ…

მარიამ გოგიტიძის გაცნობიდან მოყოლებული, 13 წლის განმავლობაში, უამრავი თავგადასავალი გავიარეთ ერთად. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა საადვოკატო და ზოგადად, სამართლებრივი მომსახურება, ჩვენ მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანია SOM Group-ის მეშვეობით. გუნდში ჩემთვის ისეთი ძვირფასი ადამიანი არის, როგორიც ნანიკო ჯოლოხავაა. მაშინვე აიტაცა ბიზნესის იდეა და გავერთიანდით ერთი იდეის გარშემო. ყველაფერი კეთდება პროფესიონალი და კარგი ადამიანის ხელებით, სოფო ვარდიაშვილი არის ჩვენი შეფ მზარეული და რომ არა ის გულისხმიერება და დისციპლინა, რასაც სოფო იჩენს, ასეთი საოცარი გემოები ვერ გვექნებოდა. უგულოდ გაკეთებული გემრიელი კერძი არ არსებობს, ხომ იცით. “მადლობა, რომ მე ამირჩიე და გამიზიარეო”, – ასე მითხრა ერთმა უანგარო ადამიანმა და დღემდე ენთუზიაზმით, სრულიად არაკომერციული დაინტერესებით, თავის ცოდნას, გამოცდილებას და კვალიფიკაციას გვიზიარებს შიდა მენეჯმენტში ნეკა გოგლიძე.

გუნდის ყველა წევრის მთავარი ნიშანთვისება კარგი ადამიანობააა. მიკვირს, CV-ში რატომ არ წერენ, ან ვაკანსიისთვის შესარჩევ კრიტერიუმებში რატომ არ უთითებენ ადამიანობის შეფასებას.

M: ყველაზე დიდ მოტივაციას რა გაძლევთ ამ საქმეში?

რა მიზნითა და ენთუზიაზმითაც დავიწყე ეს საქმე, ეგ არის ჩემი მოტივაცია – ყველამ, მთელმა კაცობრიობამ მიიღოს ეს ინფრომაცია, რას ნიშნავს სწორი ცოცხალი კვება და რომ სწორი კვების შესახებ სხვა ყველანაირი ინფორმაცია მითია.

მოტივაციას მაძლევს, რომ თქვენ დაინტერესდით ამ თემით. ასევე, როცა ვხედავ გახარებულ ადამიანებს, რომლებიც მადლობას მიხდიან – ეს არის ჩემი ჯილდო.

იცით, სულ მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა ცხოვრებაში, სამყაროს რომ სიკეთეს მოუტანდა, როგორც ფილმებში,  მულტფილმებშია ხოლმე. თუმცა, რომ ვიზრდებოდი ნელ-ნელა ვხდებოდი რომ ეჰ, სამყაროს კი არა, ნეტავ, ჩემს ქვეყანას მოვუტანო, რაიმეს გაკეთება შევძლო-მეთქი. შემდეგ – ჩემს ქალაქს-მეთქი, ჩემს ქუჩას, ჩემს ოჯახს… ახლა ვფიქრობ, რომ საკუთარი თავიდან იწყება ყველა ცვლილება და ეს არ არის ფრთიანი ფრაზა. დავიწყე და ვცდილობ შევცვალო. რაღაც ახალსა და საინტერესოს მივაგენი და ჩემს თავზე გამოვცადე, ჩემი თავის შეცვლას ვცდილობ, ისე, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდე.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Advertwise ქართული სტარტაპების გლობალური წარმატებისთვის და Leadin-ის პირველი ტრამპლინი

საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან „მოედანი“