in

„სხივი“: უჰ! იმდენი შეცდომა დავუშვით, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო…

Startauperi
Startauperi

„დასაწყისში, როგორც ყველა სტარტაპი, დიდი მოლოდინებით შევუდექით საქმეს, გავწერეთ გეგმები, დავისახეთ სტრატეგიები, რომელიც ძალიან მალე ჩამოგვემსხვრა. არ ვიცოდით ბიზნესის კეთება, მით უმეტეს, ყველაზე რთულ მიმართულებად მიჩნეულ ჯანსაღი კვების, თან ისეთი ინოვაციით, რომლის ტერმინოლოგიაც კი უცნობი იყო ქართული საზოგადოებისთვის.“

„სხივმა“ ჯანსაღი კვების ქართულ ბაზარზე, დაახლოებით, ერთი წლის წინ, პანდემიის მეორე ტალღის დროს შემოანათა. ონლაინ რესტორანი ორმა მეგობარმა იურისტმა გახსნა და ჯანსაღი კვების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარების დაუშრეტელი სურვილით, გურმანებს გაღივებული, თერმულად დაუმუშავებელ კერძები შესთავაზა. დაარსებიდან, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, „სხივის“ პროდუქტები ხელმისაწვდომია ჰიპერმარკეტებში, სტარტაპმა ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური დეტოქს პაკეტები შექმნა, საკუთარი სივრცეც გახსნა მომხმარებლებისთვის და ონლაინ არხების საშუალებით, აქტიურად ზრდის ჯანსაღი კვების მოყვარულთა კომუნას. თუმცა, სტარტაპისთვის ფრთების გაშლა არც ისე მარტივი ამოცანა აღმოჩნდა და „სხივის“ დამფუძნებლები, სალომე კალანდაძე და მარიამ გოგიტიძე არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ და ამჯერად, საკუთარ შეცდომებზე გვესაუბრებიან.

დროის მენეჯმენტის კრიზისი

ხშირად გვესმის სამოტივაციო სფიჩები, რომ მიზანსწრაფულობა და დაუღალავი შრომაა წარმატების საწინდარი, მაგრამ იცით არ კმარა თურმე. უფრო მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი. პირველ რიგში, დროის მენეჯმენტში გვქონდა დაშვებული. თითქოს გგონია, ყველაფერს მოასწრებ და რამდენიმე საქმეს მოვედეთ, ამან დაუსრულებელი საქმეები გაგვიჩინა. თან სტარტაპი ხომ უბრალოდ ბიზნესი არაა, ეს ინოვაციური საქმეა, რომელიც ჩვენი გულებიდან წარმოიშვა. ჩვენ დავინახეთ რაღაც დიდი, უშველებელი პრობლემა და „სხივის“ საშუალებით, ძალიან მოგვინდა გამოგვესწორებინა, გვეთქვა: ადამიანებო, გვეშველება, თუკი დაფიქრდებით რას  ვჭამთ, რადგან ის ჩვენი უჯრედი ხდება, ჩვენ  თვითონ ვხდებით.

„სხივი“ სტერეოტიპების პირისპირ

არც იმის ხმამაღლა თქმა ყოფილა იოლი ადამიანებისთვის, რომ ნაგავია, რასაც ვჭამთ. სათქმელის მარკეტინგულად შეფუთვა და სწორად მიწოდება გვჭირდებოდა, რადგან ადამიანებს ყველა სიახლისადმი  გაუცნობიერებელი პროტესტი აქვთ. იცით, როგორი ყურადღება და კონცენტრაცია უნდა სტარტაპს? ზუსტად ისეთი, როგორც ჩვილ ბავშვს და პატარა ლეკვს. მთელი არსება ჩვენს სტარტაპზე ფიქრებით მქონდა გარემოცული. მივხვდი, უნდა მომეხერხებინა რამენაირად და ის, რაც ასე მოედო ჩემს გონებასა და გულს, სხვებამდეც მიმეტანა.

„უგუნდოდ“ დარჩენილი გუნდი

შემდეგი შეცდომა ის იყო, რომ გვეგონა კადრებს ავიყვანდით, უფლებამოსილებებს გავანაწილებდით და ჩვენ განკარგულებებს გავცემდით. მივიხედეთ-მოვიხედეთ და ჩვენ გარდა, გამკეთებელი არავინ ჩანდა. ავდექით და ვისწავლეთ კედლების შეღებვაც, სანტექნიკაც, მინიმალისტური სამზარეულოს მოწყობაც, ქოფირაითინგიც, ფოტოგრაფიაც და ფინანსებიც… სტარტაპში, ყველაფერი, ვიმეორებ, ყველაფერი უნდა ვაკეთოთ თავად. ყველა იმედი, რომ სხვა გააკეთებდა ჩვენს გასაკეთებელს – დაგვემსხვრა. საქართველოში არაპროფესიონალი ადამიანური რესურსის პრობლემაზე ბევრი ვიწუწუნეთ, დამნაშავეებიც ვიპოვეთ, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. პროდუქტის შექმნიდან დაწყებული ყველა საოპერაციო ნაწილში თავით ფეხებამდე ჩვენ ვართ ჩართულები.

შეცდომები მომხმარებლებთან ურთიერთობისას

კიდევ დიდი შეცდომა დავუშვით მომხმარებლებთან ურთიერთობაში. ვთვლიდით, ვინც უკმაყოფილო იყო, მას არ ესმოდა ჩვენი კონცეფცია და ამის გამო, არასწორად წარვმართავდით კომუნიკაციას. შესაძლოა, მართალი ხარ, მაგრამ რა ხეირია სიმართლეში? მერე ხვდები, რომ დედამიწა არ შეიცვლება, ყველა და ყველაფერი ისეთია, როგორც არის, ამიტომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ, შევცვალოთ ქცევა იმისათვის, რათა მივიღოთ ის რაც გვსურს.

აბა წარმოიდგინეთ, როგორია ადამიანებს უთხრა: იცი რა? არასწორად იკვებები, გადააგდე ტაფა, ქვაბი, ღუმელი, 200 000 წლის წინ როგორც ცხოვრობდა ადამიანი ეგაა ნამდვილი კვება… რა თქმა უნდა, მიუღებლობა, სკეპტიციზმი, დაცინვა, ირონია, შერაცხყოფაც კი მოვისმინეთ, რადგან არასწორი კომუნიკაცია გვქონდა. ჰოდა, შევიცვალეთ. შევქმენით ახალი სისტემა, შევაფასეთ და ვისწავლეთ, შემდეგ შევცვალეთ მომხმარებელთან ქცევა.

ფინანსური კრიზისი

უფულობა ბევრ რამეს გასწავლის. იმდენად ხშირად მივედით ამ მოკლედ დროში, ამ ჩვენი მცირე ბიუჯეტით, გაკოტრების პირას, რომ ლამის ფარხმალიც დავყარეთ. ზოგჯერ ის შეგრძნება გვეუფლებოდა, რომ უკაცრიელ კუნძულზე ან უარესი, უსასრულო გალაკტიკაში მარტო დავრჩით და ხელთ არც ძალაუფლება არც განათლება, არც გამოცდილება არ გვეჭირა. მაგრამ მთავარია, კიდევ ცადო, სანამ სუნთქვა შეგიძლია, ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა ცადო…

ფინანსურად, ძალიან ძვირადღირებულ პროდუქტს ვქმნიდით და უბრალოდ ჩვენი დანახარჯები ბევრად არემატებოდა შემოსავალს, თითქოს ყველაფერი პრიორიტეტი გვეჩვენებოდა. როცა კრიტიკულ ზღვარზე მივედით და არჩევანის გაკეთება მოგვიწია.

მოტივაცია ყველაზე რთულ მომენტებში

პანდემია და საერთოდ, გარემო პირობები არაფერ შუაშია სტარტაპის ან პირად შეცდომებთან. ეს მხოლოდ მიზეზად შეგვიძლია გამოვიყენით, რადგან გარემო პირობები ყოველთვის ცვალებადია და განსაკუთრებით, სტარაპისთვის არასტაბილური და არამდგრადია. პირიქით, ყველაფრის გამოყენება შეიძლება სასიკეთოდ და ამას დანახვა უნდა, მთავარია ჩვენს გულში როგორი ცეცხლი გიზგიზებს.

კრიტიკულ მომენტებში სულ გვახსენდებოდა, რის გამო დავიწყეთ. ჩვენთვის ეს სტარტაპი არ იყო, უბრალოდ, ბიზნესის ჩანასახი. დასაწყისში ხომ იდეის გარშემო გავერთიანდით. ვთანხმდებოდით, რომ ეს იყო საქმე, რომელშიც გაგვიხარდებოდა ჩვენი კვალის დატოვება.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

თიბისისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალში „დეკანტერი“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა

Samsung-ის კეცვადი „სმარტფონების“ – Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3 – გაყიდვა დაიწყო!