13
თებ
2018

ბაკურიანში Ski Cross-ში საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება

13 თებ 2018

16-17 თებერვალს, ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, Ski Cross-ში შეჯიბრი გაიმართება. საქართველოს სამთხო – სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ეკა გაბაშვილის თქმით, ასეთი დონის ღონისძიების წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ასევე, იქნება, პირველი ნაბიჯი Free Style-ში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად.

 

 

Ski Cross, 2010 წლიდან, ოლიმპიური დისციპლინაა. აერთიანებს სათხილამურო და „სნოუბორდის“ Free Style-ს. როგორც ეკა გაბაშვილი ამბობს, ამ სახეობას საგანგებოდ მოწყობილი, დაბრკოლებებით აღჭურვილი ტრასა ესაჭიროება, მონაწილეებმა კი, დაახლოებით, ერთ კილომეტრიანი მანძილი მინიმალურ დროში უნდა დაფარონ. აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრი საქართველოში პირველად იმართება. დიდველის ტრასებზე, „ნოდო” და „დიდველი 1″-ზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სწორედ აქ მოეწყობა ასპარეზობა. წესების მიხედვით, „სტარტიდან“ „ფირნიშამდე“ მანძილი ერთდროულად ოთხმა სპორტსმენმა უნდა დაფაროს.

„Ski Cross-ს აქვს ფოტო ფირნიში, ფოტო აპარატი აფიქსირებს, თუ რომელი სპორტსმენი გადაკვეთს პირველად ფირნიშის ხაზს“.

ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრში 4 ქართველი მოთხილამურე მონაწილეობს. გარდა ამისა, რეგისტრაცია უკვე გაიარეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში სულ 25 მოთხილამურე იასპარეზებს.

ეკა გაბაშვილი, სამთო – სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი

ეკა გაბაშვილი: ღონისძიება და მისი წარმატებით ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის. გარდა ამისა, ფაქტობრივად, ეს არის პირველი ნაბიჯი Free Style-ში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში გასამართად. საქართველო ერთ-ერთია იმ აპლიკანტებს შორის, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მათთან ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი. წელს, მაისში უკვე კანდიდატ ქვეყნებს დაასახელებენ, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს დიდი სურვილი ჯერ ამ სიაში მოვხვდეთ, შემდეგ კი, მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ.

ბაკურიანში Ski Cross შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანია „სილქნეტის” ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართება.

 

განხილვა