Skinothéque – ფრანგული და ინგლისური სიტყვების ნაზავია და ქართულად ნიშნავს ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს. სკინოთეკა ჯერ წელიწადიც არ არის, რაც არსებობს. ის თათა მორჩილაძემ და მისმა მეგობარმა, მაიკო ჩაკვეტაძემ დააფუძნეს და შეუდგნენ სტარტაპერობის იმ გზას, რასაც ახალი კომპანიის ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშინ, როცა მსოფლიოში კანის მოვლისა და ესთეტიკური მედიცინის უამრავი პროდუქცია არსებობს, დაგვეთანხმებით, რომ არც ისე მარტივია, საკუთარი ნიშა შექმნა და გამორჩეული მოთამაშე გახდე. ამიტომ ერთ-ერთი პირველი გამოწვევა სწორედ ცნობადობა და დაფუძნება იყო, რასაც გუნდმა თავი გაართვა. გუნდში ამ ეტაპზე 7 ადამიანია და სამომავლოდ კიდევ აპირებს გაფართოებას.
Marketer.ge თათა მორჩილაძეს გაესაუბრა და მოგიმზადათ ინტერვიუ, რომლითაც ამ ახალ ქართულ ბრენდს უკეთ გავიცნობთ და გავიგებთ, რით არის გამორჩეული.
M: თათა, მოგვიყევით, პირველ რიგში, როგორ დაიწყეთ კანის მოვლის პროდუქტების ბიზნესი, საიდან წამოვიდა იდეა და როგორ განახორციელეთ ის?
სკინოთეკაზე მუშაობა 2023 წელს დავიწყეთ, როდესაც მაიკომ, ჩემმა მეგობარმა, გამიზიარა იდეა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თავის გონებაში ამუშავებდა. კომპანია ოფიციალურად 2024 წლის მარტში დავაფუძნეთ, თუმცა მანამდე უდიდესი შრომა გავწიეთ, რათა შეგვემუშავებინა ბიზნესგეგმა, შეგვერჩია პროდუქცია და მომწოდებლები.
ჩვენთვის სკინოთეკა არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ გავაერთიანეთ ჩვენი სამუშაო და ცხოვრებისეული გამოცდილებები. ორივე აბსოლუტურად განსხვავებული სფეროებიდან მოვდივართ: მაიკო ექიმია, პედიატრი, მე კი ბიზნესის საოპერაციო ნაწილისა და მარკეტინგის მიმართულებით მაქვს გამოცდილება.
M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსგავსი ბიზნესი საქართველოში და რა ეტაპების გავლა მოგიწიათ ამისთვის?
პირველი სირთულე არის ცნობადობა და სანდოობა. ფაქტობრივად, თავი უნდა დაიმკვიდრო სფეროში, რომელიც უკვე საკმაოდ გაჯერებულია კარგად ნაცნობი, „პოპულარული” მომწოდებლებითაც და ახალგამოჩენილი კომპანიებითაც, ბაზარზე არის პროდუქციის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი ყველანაირ საფასო კატეგორიაში.
ამიტომ თვეების განმავლობაში უდიდესი სიფრთხილითა და დაკვირვებით ვირჩევდით თითოეულ პროდუქტს იმაში დასარწმუნებლად, რომ ის აკმაყოფილებს ჩვენს მკაცრ სტანდარტებს და იძლევა განსაკუთრებულ შედეგებს, რაც ჩვენივე თავზეც გამოვცადეთ სრული სანდოობისთვის.
გარდა ამისა, არის რიგი საოპერაციო საკითხები, რომელიც ასევე ართულებს ამ სფეროში მოღვაწეობას. ჩვენი ძლიერი მხარე ამ კუთხით აღმოჩნდა ის, რომ კომპანიის დაარსებამდე ჩავატარეთ არაერთი კვლევა და ამ საქმეში არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ ჩვენი უახლოესი მეგობრებიც გვეხმარებოდნენ. აქედან გამომდინარე, გარკვეული სირთულეებისთვის უკვე მზად ვიყავით და მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვახდენდით რეაგირებას.
M: რა პროდუქციას სთავაზობს სკინოთეკა მომხმარებელს და სად შეიძლება მისი შეძენა?
გამომდინარე იქედან, რომ სკინოთეკის მიზანია, გავზარდოთ კანის თერაპიული მოვლის ცნობადობა, ჩვენს უმთავრეს პროდუქტად მივიჩნევთ მეზოთერაპიის პრეპარატებს, პროფესიონალური წმენდისა და კოსმეტიკის ხაზს.
პროდუქციას, ძირითადად, ვარჩევდით იმის მიხედვით, რამდენად ინოვაციურია და წარმოებს პროცესში როგორ ტექნოლოგიას იყენებს. შესაბამისად, ჩვენი კოსმეტიკური ხაზი არ არის უბრალოდ მორიგი კოსმეტიკური პროდუქცია, არამედ ის უზრუნველყოფს ესთეტიკური მედიცინის პროცედურების (მეზოთერაპია, ბიორევიტალიაზაცია, ბოტულინოთერაპია) შედეგების გახანგრძლივებასა და ეფექტის შენარჩუნებას. ასორტიმენტში გვაქვს როგორც სახის, ასევე, თმისა და სხეულის მოვლის პროდუქცია და ის აერთიანებს სახლის პირობებში მოვლისა და პროფესიონალურ ხაზებს.
შეძენას რაც შეეხება, ჩვენს ვებგვერდზე სრულად არის განთავსებული პროდუქტი და ყველას შეუძლია ყიდვა ონლაინმაღაზიის მეშვეობით. პროფესიონალური ხაზის შეძენისთვის აუცილებელია შესაბამისი დიპლომისა და სერტიფიკატის წარდგენა.
M: როგორ შეარჩიეთ თქვენი ბრენდის კონცეფცია და რით არის ის გამორჩეული?
პირველი სირთულე იყო სახელის მოფიქრება, რადგან გვქონდა ბრიფი, რომლის მიხედვითაც სახელს უნდა დაეკმაყოფილებინა რამდენიმე კრიტერიუმი: უნდა ყოფილიყო მინიშნება რომ კომპანია მოღვაწეობს სილამაზის ინდუსტრიაში, უნდა ყოფილიყო კავშირში ესთეტიკურ მედიცინასთან, ასევე, სახელში უნდა ყოფილიყო გაცხადებული, რომ კომპანია არის ორიენტირებული ევროპულ პროდუქციაზე და ბოლოს კიდევ ერთი უმთავრესი პუნქტი იყო უნიკალურობა, რაც დაგვეხმარებოდა იმაში, რომ ჩვენი კომპანიის სახელის მოძებნისას გუგლი არ ამოაგდებდა ათასობით search result-ს. სიმართლე გითხრათ, ასობით ვარიანტის შემდეგ, ჩემი ფრანგული ენის გაკვეთილები აღმოჩნდა სახელის ინსპირაცია და დავარქვით Skinothéque – გავაერთიანეთ სიტყვა „კანის” ინგლისური შესატყვისი, ბიბლიოთეკის ფრანგულ შესატყვისთან და იდეად ჩავდეთ ის, რომ ეს ბრენდი არის კანის მოვლის პროდუქტების საცავი, ბიბლიოთეკა.
M: რა ღონისძიებები გაატარეთ ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად?
ვინაიდან შემოვედით სფეროში, სადაც უკვე არის წარმოდგენილი ბევრი წარმატებული კომპანია, თავიდანვე დავიწყეთ ფიქრი იმ განმასხვავებელ ნიშნებზე, ქცევებზე, მიდგომებზე, რაც დაგვეხმარებოდა დასამახსოვრებელი გავმხდარიყავით მომხმარებლისთვის და მოვიფიქრეთ რამდენიმე მიმართულება: პროდუქტის პრეზენტაციები, გამართული და ინოვაციური ვებგვერდი, რომელზეც რეგისტრირდებიან ექიმები, წარადგენენ თავიანთ დიპლომებს, სერტიფიკატებს და დადასტურების შემდგომ შეუძლიათ, შეიძინონ პროფესიონალური მოვლის საშუალებები. ასევე, საიტს აქვს ბლოგი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ვაწვდით სხვადასხვა ინფორმაციას.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ვართ საქართველოში არსებულ ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელზე, ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული ყველგან და დავდოთ რელევანტური კონტენტი, დავუკავშირდეთ და გავაკეთოთ კოლაბორაციები ინფლუენსერებთან და ბევრს ვმუშაობთ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო განვვითარდეთ.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
16 ოქტომბერს მივემგზავრებით რომში, ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან, Laboratori Collagenili-სთან შეხვედრაზე. იქნება 2-დღიანი ღონისძიება: პირველი დღეს დავესწრებით მხოლოდ სკინოთეკის თანამშრომლები და განვიხილავთ მიმდინარე და სამომავლო გეგმებს, სტრატეგიებს და დავათვალიერებთ ლაბორატორიასა და ქარხანას.
ხოლო მეორე დღეს სპეციალურად ჩვენ მიერ წაყვანილი ექიმებისთვის ჩატარდება სრულდღიანი ვორკშოფი, სადაც იტალიელი ექიმები გააცნობენ ჩვენს ექიმებს პროდუქციას, მუშაობის ხერხებს და ეყოლებათ მოდელებიც, რათა ადგილზევე ნახონ და შეისწავლონ ეს პროცედურები.
ნოემბრის ბოლოს უკვე თბილისში ვგეგმავთ შედარებით მასშტაბურ ღონისძიებას, რომელსაც, ასევე, დაესწრებიან უცხოელი სტუმრები და ექიმები. პროდუქციას უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნობთ, ჩატარდება მასტერკლასი ცოცხალი დემონსტრირებით, სადაც ქართველი ექიმები შეისწავლიან კონკრეტულად ამ პროდუქციაზე მუშაობას და წარდგენილი პროდუქციით ესთეტიკური პროცედურების წარმართვის ახალ ხერხებსა და მიდგომებს.
სკინოთეკით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, გადახედოთ ბრენდის ვებგვერდს. აქვე იპოვით რეკომენდებულ ექიმებს, რომლებიც სკინოთეკის პროდუქციით მუშაობენ და აქვთ დიდი გამოცდილება ესთეტიკის ინდუსტრიაში.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი