in

30 წლის შემდეგ ŠKODA-მ ლოგო და იდენტობა განაახლა

ბოლო 30 წელია, რაც ŠKODA-ს ბრენდს დიდი განახლებები არ ქონია მის იდენტობაში. ახლა კი დადგა დრო, ახალი დიზაინის ენის გარდა, ჩეხური ავტომწარმოებელი ბრენდის დიზაინის მოდერნიზებასაც გეგმავს, რისი პირველი ნაბიჯიც ახალი ლოგოა, რომელიც უკვე გამოქვეყნდა.

როგორც კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, მარტინ იანი ამბობს, ახალი კორპორაციული იდენტობით Skoda-ს გუნდი ბრენდის ახალ სიმაღლეზე აყვანას გეგმავს. ეს არის შესაძლებლობა, მოერგოს ბრენდის ტრანსფორმაციის ათწლეულს და შეესაბამებოდეს მომხმარებლების საჭიროებებსა და მოლოდინებს. 

ცვლილების ერთ-ერთი ფაქტორი იყო NEXT LEVEL ŠKODA სტრატეგია 2030, რომელიც ჩეხური ავტომობილების მწარმოებელს უფრო მეტად ელექტრიფიკაციისა და გაციფრულებისკენ უბიძგებს. ბრენდის იდენტობა, მათ შორის ლოგოს დიზაინი და ბრენდინგისადმი საერთო მიდგომა, უნდა მოერგოს ამ ორ ტენდენციას. 

ლოგოს მზარდმა ინტენსიურმა გამოყენებამ სხვადასხვა ციფრულ ფორმატში მიგვიყვანა მის ორგანზომილებიან გრაფიკამდე, რომელიც უფრო ადვილად ამოსაცნობია და გამორჩეულია როგორც ეკრანებზე, ასევე ბეჭდური სახით, ვიდრე არსებული სამგანზომილებიანი დიზაინი”, – ამბობს პეტრა მაკკეოვა კომპანიის მარკეტინგის განყოფილებიდან და განმარტავს ცვლილებების პრინციპებს.

მარადმწვანე იდენტობა

ახალი ლოგოს გარდა ბრენდი სხვა ცვლილებებსაც გეგმავს თავის იდენტობაში. კომპანია ახლა გამოიყენებს ŠKODA-ს სახელს და ტრადიციულ ფრთიან ისარს რგოლში ჩასმულს ცალ-ცალკე, ხოლო სახელი გახდება კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტი. ეს ტიპოგრაფიული ლოგო გამოჩნდება არა მხოლოდ ŠKODA-ს მანქანების უკანა მხარეს, როგორც ეს ბოლო წლებში იყო, არამედ წინა მხარესაც.

იმისათვის, რომ ის უფრო გამომხატველი ყოფილიყო, სიტყვა ŠKODA-მ ახალი სახე მიიღო ასო S-ზე ინტეგრირებული სიმბოლოთი. შეცვლილია ფრთიანი ისრის სიმბოლოც, თუმცა არც ისე ფუნდამენტურად. ლოგო ერთი შეხედვით გამარტივდა და ახლა გამოსახული იქნება ბრტყელი სახით, რაც საშუალებას მისცემს ჩეხ ავტომწარმოებელს ფერებთან უფრო ექსპრესიულად იმუშაოს.

ახალი ბრენდის იდენტობაზე მომუშავე გუნდი საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ მას მხარს მთელი კომპანია უჭერდა. მუშაობას ერთი წელი დასჭირდა და თავდაპირველად გუნდმა სულ 165 ვარიანტი შეიმუშავა, საიდანაც თანდათან ჩამოყალიბდა მოკლე სია. შემდეგ ŠKODA-მ მკაცრი ტესტირება ჩაატარა, რომელშიც ჩართული იყო 2200-ზე მეტი რესპონდენტი ჩეხეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნორვეგიიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან. მათი გამოხმაურების საფუძველზე, გაიმარჯვა ლოგოს დიზაინმა, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

ŠKODA ბრენდის მომხმარებლები და თაყვანისმცემლები ახალ ლოგოს ეტაპობრივად იხილავენ. თავდაპირველად ის გამოჩნდება საკომუნიკაციო მასალებზე. 2024 წლიდან ლოგო ახალ მოდელებზეც იქნება წარმოდგენილი. ლოგო და ბრენდის სხვა ელემენტები ასევე თანდათან გამოჩნდება მანქანების საინფორმაციო გასართობ სისტემებში და დილერებში.

Honda თავის „სამუდამოდ განსაზღვრულ“ მომავალზე საუბრობს

QR კოდის რენესანსი — როგორ შეუძლიათ ბრენდებს მისი გამოყენება?