in

„გასაბერი კაცები” უსაფრთხოების შესამოწმებლად – Skoda-ს უახლესი ტექნოლოგიები

ავტოექსპერტებმა დისტანციური მართვის ფუნქციებსა და გასაბერ ობიექტებს შორის  საერთო აღმოაჩინეს – ორივე მათგანი Škoda-ს უსაფრთხოების მოწინავე სისტემების დასამუშავებლად გამოიყენება ჩეხეთის რესპუბლიკაში. Škoda-ს უსაფრთხოების განვითარების პროგრამა ყოველ ახალ მოდელს მაღალი ტექნოლოგიით ამზადებს და შესაბამის პირობებში ტესტავს. 

 

უსაფრთხოება და მშვიდი მგზავრობა ავტომწარმოებლისთვის მუდმივად პრიორიტეტი იყო. ავარიის პირველი ტესტი მან პირველად 1972 წლის მაისში Škoda 100-ით ჩაატარა, ხოლო უსაფრთხოების აქტიური სისტემის, ABS-ის პირველი ტესტი მისმა მანქანებმა 1992 წელს გაიარეს.

მას შემდეგ სატესტო პროცედურებმა დიდი გზა განვლო. დღეს კომპანიის ახალ მანქანებს ტესტირებაში რობოტები და გზის დისტანციური მართვის ნაკრები ეხმარება. მწარმოებელი უსაფრთხოების უახლეს და აქტიურ ტექნოლოგიებს სპეციალურ პოლიგონზე ტესტავს, რათა დააკმაყოფილოს როგორც შიდა, ისე Euro NCAP-ის (The European New Car Assessment Programme) მიერ დადგენილი სტანდარტები და ხელი შეუწყოს ბრენდის ხუთვარსკვლავიანი რეიტინგის ჩამოყალიბებას. 2023 წლის Euro NCAP ტესტირების პროტოკოლი დიდ აქცენტს აკეთებს მანქანის უნარზე, თავიდან აიცილონ ავარია ან მინიმუმამდე დაიყვანონ უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი, რაც უსაფრთხოების აქტიური მახასიათებლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

Front Assist არის შეჯახების შესახებ გაფრთხილების სისტემა, რომელიც მანქანის წინ არსებულ სიტუაციას მონიტორინგს რადარის მეშვეობით უწევს. ის იყენებს მუხრუჭებს, რაც ხელს უშლის მანქანის მთლიანად შეჯახებას ან მინიმუმამდე ამცირებს ზარალს, თუ ავარია გარდაუვალია. ასეთი მახასიათებლები მნიშვნელოვანია, რათა მძღოლებმა თავიდან აიცილონ შეჯახება არა მხოლოდ სხვა მანქანებთან, არამედ ფეხით მოსიარულეებთან და ველოსიპედისტებთან, რომლებიც გადმოდიან წინ, გზაზე.

Crew Protect Assist-ის მსგავსი სისტემა გასაბერი და დისტანციური მართვის დაბრკოლებების გამოყენებით აკეთებს ტესტირებას. Crew Protect Assist ხელმისაწვდომია Scala, Kamiq, Karoq, Kodiaq, Superb და Enyaq მოდელების დიაპაზონში.

ცალკე არის Lane Assist, რომელიც აფასებს იმ გარემოს, რომელშიც იმყოფება მანქანა. მაგალითად, თუ მძღოლმა ზოლიდან გადაუხვია, ან გადავიდა ისეთ ადგილას, სადაც არის ხრეში, ბალახი და სხვა, ეს სისტემა აფრთხილებს მძღოლს და ეხმარება კიდეც მას საჭის მართვაში, რომ მანქანა დაბრუნდეს ნორმალურ გზაზე. 

ბრენდის მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალი სისტემებითაა აღჭურვილი Škoda Kodiaq, რომელსაც, ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებთან ერთად, აქვს კიდევ Turn Assist ფუნქცია. ის გზაჯვარედინებზე მოხვევისას ავარიების აცილებას უწყობს ხელს.

უსაფრთხოების კიდევ ერთი აქტიური ფუნქციაა Crossroad Assist, რომელიც იყენებს რადარის სენსორებს და წინა კამერას, რათა გააფრთხილოს მძღოლი ნებისმიერი მოძრაობის, ველოსიპედისტების ან ფეხით მოსიარულეების გადაკვეთის შესახებ სავალი გზებიდან ან ბრმა გასასვლელებიდან. საჭიროების შემთხვევაში, ის ვიზუალურ და აკუსტიკურ გაფრთხილებებს იძლევა და თუ რეაგირება მაინც არ მოხდა, ავტომატურად იწყებს დამუხრუჭებას.

უსაფრთხოების ახალი ფუნქციის შემუშავებას შეიძლება წლები დასჭირდეს. ამას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და პროგრამული სიმულაციები. ასევე საჭიროა ფიზიკური ტესტები, ხოლო ამ ყველაფრის ვალიდაციაზე ჯამში ძალიან დიდი დრო იხარჯება. Škoda-ს ინჟინრები, რომლებიც მუშაობენ ასეთ სისტემებზე, მაქსიმალურად ცდილობენ, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილონ და მომხმარებლის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

რას უნდა ელოდეთ Agile Summit-ზე?

Shutterstock თავისივე ბიბლიოთეკაში AI რედაქტირების ხელსაწყოებს ამატებს