Škoda Crufts-ის ოფიციალურ საავტომობილო პარტნიორად გამოცხადდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ძაღლებისადმი მიძღვნილ უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად მიიჩნევა. ამბობენ, რომ 2023 წლის ღონისძიება აქამდე ჩატარებულთაგან ყველაზე მოცულობითი იქნება და მასზე ძაღლის ყოლის ყველა ასპექტს განიხილავენ.
მართალია, Škoda-სთვის ეს Crufts-თან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა იქნება, მაგრამ ზოგადად, ბრენდს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. იგი მუდმივად აწარმოებს აქსესუარების დიდ რაოდენობას, რომლებიც ეხმარება ძაღლების მეპატრონე მძღოლებს ტრანსპორტით მათ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაში. ის ასევე თანამშრომლობს სასწრაფო დახმარების სერვისებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრენდის ორი მოდელის, Kodiaq-ისა და Karoq-ის მომზადებას საიმისოდ, რომ ისინი კიდევ უფრო დაუმეგობრდნენ ძაღლებს და გახდნენ მათი გადაადგილების სანდო და მოსახერხებელი საშუალებები.
გარდა ამისა, 2022 წლიდან Škoda საქველმოქმედო ორგანიზაცია Dogs for Good-თან თანამშრომლობს, რომლის პერსონალიც მუდმივად გარეთაა და ძაღლებისთვის საჭირო ყველა სერვისზე ზრუნავს. Škoda-მ ორგანიზაციას თავისი ორი Škoda Kamiq SUV გადასცა, რათა მათთვის გაეადვილებინა ძაღლებთან ერთად სხვადასხვა პუნქტში გადაადგილება. ამასთან, ბრენდმა ამით თავისი პატივისცემა გამოხატა ორგანიზაციისადმი, რომელიც მისი აზრით, ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს ძაღლების ნორმალური არსებობისთვის.
სწორედ ამ მოტივით შექმნა Škoda-მ ძაღლების უსაფრთხოების აქსესუარების ერთ-ერთი უდიდესი ასორტიმენტი. ევროპული საგზაო კანონების მიხედვით, აუცილებელია შინაური ცხოველები დაცულები იყვნენ ტრანსპორტით გადაადგილებისას, რადგან მძღოლს არ უნდა გაეფანტოს ყურადღება და თვითონ ცხოველმაც ტრავმა არ მიიღოს მოძრაობისას უეცარი დამუხრუჭების შემთხვევაში.
ძაღლისთვის სწორი აქსესუარის შესარჩევად ბრენდმა სპეციალური Pet Pack შექმნა, რომელიც შედგება ძაღლის დამჭერის, უკანა ბამპერის დამცავის, სპეციალური ხალიჩის და სხვა აქსესუარებისგან, რომელიც ძაღლს შესაძლოა გამოადგეს მანქანაში მგზავრობისას. ეს ნაკრები Škoda-ს ყველა მოდელზეა ხელმისაწვდომი გარდა Scala-სა. მძღოლებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრისთვის სპეციალური საბელის შერჩევაც შეუძლიათ, რომელიც მარტივად მაგრდება მანქანის ღვედზე. ამ ნაკრების საფასური დაახლოებით £230-ს შეადგენს.
Crufts-ის ღონისძიებაზე Škoda სპეციალური სტენდით იქნება წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად სელფების გადაღების შესაძლებლობა ექნებათ. სტენდზე ასევე ნაჩვენები იქნება ვიდეო, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. მასში Skoda Kamiq ძაღლების შოუში მონაწილეობს.
ის, რომ Škoda მუდმივად ჩართულია ძაღლების დაცვისა და მათ თავის მეგობრად წარმოჩენის საქმეში, შეუმჩნეველი არც მედიას დარჩენია. მაგალითად, გასულ წელს გამოცემა Auto Express-მა Octavia Estate ძაღლებისთვის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა, ამის პარალელურად Car Magazine-მა Superb Estate გამოარჩია, როგორც ნომერ პირველი ავტომობილი ძაღლის მეპატრონე მძღოლებისთვის.