Škoda Auto-მ 2024 წლისთვის საგულდაგულოდ გადახედა თავის Enyaq სერიის მანქანებს და მათში განახლებები შეიტანა. ჩეხური მწარმოებლის ამ პოპულარულ ელექტრომობილს პირველად ექნება Laurin & Klement-ის გაფორმება, რაც მდიდრული აღჭურვილობით იქნება გამორჩეული. რა თქმა უნდა, ახალი მოდელები ტექნიკურადაც განახლდება და შეიძენს კიდევ უფრო მძლავრ ბატარეებს, ექნება დამუხტვის შემცირებული დრო და მეტი მანძილის გავლის საშუალება. გარდა ამისა, ახალ მოდელს გათვალისწინებული აქვს განახლებული პროგრამული მახასიათებლები და უფრო ინტუიციური სამომხმარებლო ინტერფეისი.
როგორც პირველივე აბზაცში აღვნიშნეთ, Enyaq ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის პირველ 9 თვეში მწარმოებელმა მისი 55,000 ერთეული გაიტანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე, რაც, წინა წელთან შედარებით, 47%-იან ზრდას ნიშნავს. „ეს წარმატება უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რათა მეტად დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ მოდელი”, – განაცხადა კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის საბჭოს წევრმა, მარტინ ჯენმა.
მეტი ძალა, ხანგრძლივი დიაპაზონი და ვიზუალური შტრიხები
2024 წელს წინამორბედ 80 და 80x მოდელებს ახალი, 85 და 85x SportLine Plus ვარიანტები ჩაანაცვლებს. სპორტული vRS მოდელების მსგავსად, მათ ექნებათ უფრო ძლიერი ამძრავი სისტემა, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც შეიძლება 180 კმ/სთ იყოს. Enyaq 85-სთვის მის წინა, მოდელ 80-თან შედარებით, სიმძლავრე 60 კილოვატით გაიზრდება, სრულამძრავიანი 85x SportLine Plus კი 210 კილოვატს ფლობს, რაც ბევრად ძლიერს ხდის მას. ახალ მოდელებს თერმულად ოპტიმიზებული ბატარეაც ექნებათ, რაც მის დისტანციას 560-570 კილომეტრამდე გაზრდის.
დამუხტვის უკეთესი მაჩვენებელი
სრულამძრავიანი ვერსიები, Enyaq 85x SportLine Plus და Enyaq vRS დამუხტვის გაუმჯობესებულ დროს შემოგვთავაზებს. 10-დან 80%-ამდე დასატენად ამ ავტომობილებს მხოლოდ 28 წუთი დასჭირდება, ეს კი წინამორბედებთან შედარებით, 8 წუთით ნაკლები დროა.
დამატებითი ფუნქციები პროგრამული უზრუნველყოფისთვის
საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ახალი მოდელების პროგრამული უზრუნველყოფაც. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ბატარეის წინასწარი კონდიცირების ფუნქცია, რომელიც ამზადებს ბატარეას დამუხტვისთვის და 22%-ით აუმჯობესებს დატენის სიჩქარეს.
გარდა ამისა, მანქანების ახალ მენიუს ექნება უფრო ინტუიციური სტრუქტურა. ის საშუალებას მისცემს მძღოლებს, ავტომობილის ფუნქციები და აპლიკაციები უფრო სწრაფად და მოხერხებულად გააქტიურონ.
ნავიგაციის სისტემას აქვს რუკის ინტერფეისი და თვითონ არეალიც მეტად გაზრდილია. . მანქანის პროგრამული უზრუნველყოფის სხვა ფუნქციები მოიცავს Walkaway ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა მძღოლი მანქანიდან გადმოდის, ავტომობილის საკეტი ავტომატურად იბლოკება გასაღების გარეშე.
Laurin & Klement-ის აღჭურვილობა
აღჭურვილობის ეს პოპულარული ხაზი Škoda-ს ახალმა მოდელებმა მშვენივრად მოირგო. ის მოიცავს მატრიცულ LED განათებებს როგორც წინა, ისე უკანა მხარეს. აქვს ქრომირებული ცხაური, ალუმინის დისკები, გარე სარკეები ნატიფი დეტალებითაა გაფორმებული, ასევე დახვეწილია ბამპერები და დიფუზორები.
რაც შეეხება ინტერიერს, Enyaq L&K თავს იწონებს ისეთი ფუნქციონალებით, როგორებიცაა ვენტილირებადი წინა სავარძლები, გათბობა და მასაჟის სისტემა.
Intelligent Speed Assist მეტი უსაფრთხოებისთვის
მანქანებს აგრეთვე ექნებათ Intelligent Speed Assist-ის ფუნქციონალი, რომელიც უსაფრთხოებასა და მგზავრების კომფორტზე იზრუნებს. ის იყენებს საგზაო ნიშნების ამომცნობ და სანავიგაციო სისტემებს, რათა ავტომატურად დაარეგულიროს ავტომობილის სიჩქარე ან დაეხმაროს მას, უფრო გლუვად იმოძრაოს შესაბამის ადგილებში. მაგალითად, როდესაც დასახლებულ პუნქტში შედის, ავტომატურად დააკლოს სიჩქარე.