აშკარაა, რომ Skoda აკვირდება, თუ რამ გახადა მისი Fabia სუპერმინი ასეთი წარმატებული წარმოების 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გაუმჯობესებული პრაქტიკულობა, მეტი სივრცე მგზავრებისთვის და თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგია – ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომლებსაც ჩეხი მწარმოებელი განვითარების ყველა ეტაპზე აუმჯობესებს. ამით კი საკმაოდ დამაჯერებელ საერთო პაკეტს ქმნის.
თავის კატეგორიაში Fabia-ს SEAT Ibiza და Volkswagen Polo უწევენ კონკურენციას, თუმცა, როგორც მომხმარებლები ამბობენ, მკვეთრი სტილი, უსაფრთხოების ნაკრები და ფასი ის მიზეზებია, რის გამოც Fabia-ს მიმზიდველ ავტომობილად თვლიან.
სუპერმინი კატეგორიაზე ბოლოდროინდელი დაკვირვებით, ავტოექსპერტები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი სუპერმინები ისეთი კომპაქტური არ არის, როგორიც ადრე იყო. მძღოლებს დღესდღეობით გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვთ – ითხოვენ გაუმჯობესებულ ხარისხს, დამატებით სივრცესა და მეტ კომფორტს. ამ ყველაფერმა განაპირობა უფრო დიდი მოდელების დაპროექტება და ბაზარზე გამოტანა.
Skoda-ს მეოთხე თაობის Fabia სარგებლობს იგივე MQB-A0 პლატფორმით, როგორც მისი Polo და Ibiza ბიძაშვილები. ეს არქიტექტურა ასევე საფუძვლად უდევს Skoda-ს სხვა მოდელებსაც: Scala და Kamiq. ახალი Fabia უფრო მსუბუქი წონისაა, ვიდრე წინამორბედი, თუმცა, ამასთან ერთად, 111 მმ-ით უფრო გრძელია და 48 მმ-ით ფართო. მანქანას აქვს 148 ცხენის ძალის მქონე 1.5-ლიტრიანი TSI ბენზინის ძრავა.
Fabia-ს აქვს 15-დუიმიანი დისკები, LED ფარები, უკანა პარკინგის სენსორები და კონდიციონერი, DAB რადიო და უსაფრთხოების ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც, ალბათ მხოლოდ ძვირადღირებულ ავტომობილებში ნახავთ.