როდესაც Skoda Scala პირველად გამოჩნდა არენაზე 2019 წელს, ავტოექსპერტების აღიარება მაშინვე მოიპოვა. მაშინ ის წლის კომპაქტურ საოჯახო მანქანად დასახელდა. მართვის მოხერხებულობით, პრაქტიკულობითა და ხელმისაწვდომი ფასით, ამ მოდელმა ავტომოყვარულთა გულებიც მალე დაიპყრო.
მაინც რით არის ეს მანქანა გამორჩეული? ამ კითხვაზე ის ადამიანები გვპასუხობენ, რომლებმაც Scala სხვადასხვა სიტუაციაში და ბევრჯერ გატესტეს, შემდეგ კი თავიანთი მიმოხილვა გაასაჯაროვეს.
მანქანის რამდენიმე მოდელი არსებობს – ამათგან 2, 1.0 TSI და 1.5 TSI ბენზინის ძრავებზეა, 94 და 109 ცხენის ძალის მქონე ფორმებში. მესამე, დიზელის ძრავიანი მოდელი 114 ცხენის ძალას ფლობს, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად მოთხოვნადია.
აქედან პირველი მოდელი არ არის ძალიან სწრაფი, თუმცა მაინც მშვენივრად დგას საავტომობილო გზებზე და თავის საქმეს გადასარევად ართმევს თავს. ის მოდელები, რომლებიც მეტად მძლავრია, უფრო ხანგრძლივი მგზავრობებისთვისაა. მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფების არჩევანი კი მხოლოდ მძღოლის პირად გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მანქანის ყველა მოდელისთვის დამახასიათებელი ნიშნები კონდიციონერი, LED ფარები, 6.5-დუიმიანი სენსორული ეკრანი, Bluetooth და DAB ფუნქციებია. ასევე აქვს მრავალფუნქციური საჭე, უკანა პარკირების სენსორები, კრუიზ კონტროლი, ავტომატური ფარები და საწმენდები, რვადუიმიანი ეკრანი, სიმაღლეზე რეგულირებადი წინა მგზავრის სავარძელი, ინტერიერის განახლებული მორთვა და Apple CarPlay პლუს Android Auto პროგრამა.
SE L მოდელს ასევე აქვს ელექტრო დასაკეცი კარის სარკეები, კონფიდენციალურობის მინა, ორზონიანი კლიმატის კონტროლი, ნავიგაცია და დამატებითი ციფრული ინსტრუმენტები.
როდესაც მანქანის სალონში შეიხედავთ, ადვილად მიხვდებით, რომ ის Volkswagen ჯგუფის მანქანაა. მისი სივრცის ტევადობა საშუალოზე დიდია, უკანა მხარეს არის საკმარისი ადგილი თავისა და ფეხებისთვის, სადაც ორი ზრდასრული დაეტევა. მანქანის კარები ლამაზად და მოხერხებულად იღება, რაც ამარტივებს მანქანაში მოხვედრას და გარეგნულადაც სასიამოვნო იერს აძლევს.
როგორც ყველა მანქანას, Scala-საც ჰყავს კონკურენტები თავის კატეგორიაში. ესენია: Ford Focus, Vauxhall Astra და Peugeot 308. თავად Skoda-ს მოდელებიდან კი Octavia, რომელსაც ავტომოყვარულები მის უფროს ძმას უწოდებენ.