Skoda უკვე მზადაა, წარმოადგინოს Superb-ის ახალი მოდელი. პრემიერა 2 ნოემბერსაა დანიშნული. Skoda-ს გადაწყვეტილება, მომხმარებელს შესთავაზოს Superb-ის როგორც ჰეტჩბეკი, ისე უნივერსალი ვერსიები, მას უფრო მეტ მიმზიდველობას ანიჭებს, ვიდრე მის მსგავს მანქანას, Passat-ს. ეს უკანასკნელი მხოლოდ უნივერსალის სახითაა წარმოდგენილი. ავტოსამყარო Superb-ის გაყიდვების დაწყებას 2024 წლის პირველივე დღეებიდან ელოდება. ამით ის შეუერთდება ახლახან გამოსულ მეორე თაობის Kodiaq SUV-ს.
როგორც ცნობილი ხდება, Superb-მა ტექნოლოგია და დიზაინი თავისი SUV ძმისგან, Kodiaq-ისგან „ისესხა”. ეს კი ჩვენ გვიქმნის მიახლოებით წარმოდგენას, თუ როგორი იქნება ეს მოდელი, როცა მისი ოფიციალური პრემიერა ჩატარდება.
ექსტერიერის სურათები, რომლებიც აქამდე გამოქვეყნდა, გვიჩვენებს Superb Estate-ს, რომელიც ნახევრად დაფარულია. მიუხედავად შენიღბვისა, გვქონდა საშუალება, დაგვენახა სამგანზომილებიანი ცხაური, რომელიც მდებარეობს ახალი თაობის LED ტექნოლოგიით განათებულ თხელ ფარებს შორის. ქვედა მხარეს არის ახალი ცხაური, რომელსაც გვერდით ჰაერის მიმღებები აქვს. ფარების უფრო რთული ფორმის გამო, ვიდრე წინა მოდელებში, მანქანის წინა მხარეც ოდნავ განსხვავებულია. უკანა განათება, რომელსაც ასო C-ის ფორმა აქვს, ახალი Fabia-ს მსგავსია. ეს სინათლის უფრო დინამიკურ გრაფიკას ქმნის და ღამით მეტად კომფორტული იქნება გზისთვის თვალის მიდევნება.
რაც შეეხება ინტერიერს, ის საკმაოდ განახლებულია. ახალ Superb-ს უფრო დიდი, 13-დუიმიანი საინფორმაციო-გასართობი ეკრანი ექნება, სადაც ციფრული ხელსაწყოები განთავსდება. აქვე არის რამდენიმე ღილაკი, რომლებიც ინტერიერის სხვადასხვა ფუნქციას აკონტროლებს. ბრენდი ამ ღილაკებს Skoda Smart Dials უწოდებს. მსგავსი ციფერბლატები ახალ Kodiaq-ზეც შეინიშნება, თუმცა დანარჩენი დიზაინი პერსონალურად Superb-ისთვისაა შეკვეთილი.
ახალ მოდელში ასევე მოთავსებულია კლიმატის კონტროლი, აუდიო სისტემა, მართვის რეჟიმის არჩევა და ნავიგაცია. Skoda-მ ასევე გაამარტივა გადაცემათა კოლოფიც – მერსედესის მსგავსად, ის ახლა საჭის სვეტზეა განთავსებული. საჰაერო ხვრელები ახლა მოდურად არის ინტეგრირებული დიზაინში, ხოლო უკანა ხედვის სარკის უკან არის USB-C პორტი კამერის ჩასართავად. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მანქანის ინტერიერი მდგრადი მასალებისგანაა შექმნილი.
ბოლოს პლატფორმაზეც გეტყვით. ახალი Skoda Superb MQB evo პლატფორმის განახლებულ ვერსიას იყენებს, იმავეს, რომელსაც VW Passat.