Škoda UK-მ, ძაღლების მწვრთნელთან და ნუტრიციონისტთან, ანა ვებთან ერთად იმ სიმღერების სია შეადგინა, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მანქანით მშვიდად გადაადგილებას ეხმარება. ფლეილისტს ეწოდა Happy Hounds და ის ახლა უკვე Spotify-ზეა ხელმისაწვდომი.
ფლეილისტის შესადგენად Škoda-მ კვლევა ჩაატარა, რომლიდანაც გაირკვა, რომ ყოველი 10 ძაღლიდან 6 მაინც განიცდის შფოთვას მანქანით მოგზაურობის დროს. ამას ისიც ემატება, რომ მძღოლებს, რომლებიც ასეთ ძაღლებთან ერთად მგზავრობენ, ყურადღება ეფანტებათ ძაღლის საქციელის გამო. ჯამში ბრენდის გამოკითხვამ 1000-მდე მძღოლი მოიცვა, რომელთა 60%-ც წუხდა იმაზე, რომ როცა ძაღლს ვერსად ტოვებენ და თან წაყვანა უწევთ, ცდილობენ, შორ დისტანციებზე არ გაემგზავრონ, რადგან მათთვის ეს დიდი დისკომფორტია.
მანქანაში ძაღლის შფოთვის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: თავად სივრცე, რომელიც მისთვის უჩვეულოა, ხმები, რომლებიც ქუჩიდან შემოდის, ტემპერატურა, წინა ცუდი გამოცდილება და მოძრაობისგან გამოწვეული გულისრევის შეგრძნება. ანა ვები უკვე 20 წელია ძაღლთა ქცევას იკვლევს, მათთან მუშაობს და იძლევა რჩევებს, თუ როგორ შევაყვაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მანქანით მოგზაურობა. მისი რჩევების მოსმენაც Spotify-ზე შეიძლება, თუ ჩავწერთ: Top Tips for Happy Hounds with Anna Webb and Škoda.
ზოგადად რომ შევაჯეროთ, ანა ვები გვირჩევს, სანამ მანქანაში მოვათავსებთ, დავრწმუნდეთ, რომ ძაღლი თავს კომფორტულად გრძნობს თავის აღჭურვილობაში, მუსიკა იყოს ჩართული დაბალ ხმაზე და ტემპერატურა 20 გრადუსს არ აღემატებოდეს.
როგორც ანა ვები გვიხსნის, მუსიკა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ძაღლების გულისცემას ითვალისწინებდეს. მაგალითად, ლეკვებისა და პატარა ზომის ძაღლების გულისცემა 120-დან 160 დარტყმამდე მერყეობს წუთში. ისეთი ჟანრები, როგორებიცაა მძიმე მეტალი და მისთანები, ცნობილია, რომ ძაღლის ძილის რეჟიმს არღვევს და მის შფოთვას იწვევს, ამიტომ ფლეილისტი, რომელიც ანამ Skoda-სთან ერთად შეიმუშავა, მათ დამშვიდებაზეა ორიენტირებული.
გარდა იმ ღონისძიებებისა, რაც Skoda-მ ფლეილისტის შესაქმნელად გაატარა, მან გადაწყვიტა, რამდენიმე ადამიანთან და მათ შინაურ ცხოველებთან გაეტესტა ახალი გამოცდილება და დაჰკვირვებოდა ძაღლის რეაქციებს. შედეგი საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა. ტესტერებმა განაცხადეს, რომ Skoda-ს მუსიკალურ ათეულთან ერთად მგზავრობა გაცილებით ეფექტური გამოდგა, ვიდრე მის გარეშე.