in

Hot Dog-ები? არა, გმადლობთ! Skoda გვირჩევს, როგორ დავიცვათ სიცხეში ძაღლები მანქანაში გადახურებისგან

Skoda ის ბრენდია, რომელიც შინაური ცხოველების მიმართ ყოველთვის იჩენს პასუხისმგებლობას. ჩვენ უკვე რამდენჯერმე გაგიზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავს ის ოთხფეხა ცხოველებზე, რა საჭიროებებს ითვალისწინებს მათთვის თავის მანქანებში და როგორ არის სხვადასხვა პროექტის მხარდამჭერი. 

დღევანდელი სტატიაც კიდევ ერთ მსგავს სიახლეს ეძღვნება. საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად ბრენდმა მიაქცია ყურადღება პრობლემას, რომელიც ცხელ ამინდებში იმ შინაურ ცხოველებს აწუხებთ, რომლებსაც მანქანით გადაადგილება უწევთ. ამიტომ ბრენდმა მიმართა ანა ვებს, რომელიც ძაღლების ცნობილი მწვრთნელი და ნუტრიციოლოგია. მასთან ერთად ის გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი შინაური ცხოველების ჯანმრთელობა ცხელ დღეებში ავტომობილის ჩახუთულობისაგან. ბრენდის აზრით, ამ თემაზე ძაღლების პატრონთა ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.

ძაღლის სხეულის ტემპერატურა ორჯერ აღემატება ადამიანის სხეულის ტემპერატურას, ამიტომ მანქანაში ისინი განსაკუთრებულად დიდ დისკომფორტს განიცდიან. ამას ისიც ემატება, რომ მანქანის სალონის ტემპერატურა ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე ამინდის პროგნოზი გვიჩვენებს. მაგალითად, თუ გარეთ 23 გრადუსია, სალონში შეიძლება 47ºC-იც კი იყოს. ეს კი ისეთივე მაღალი ტემპერატურაა, როგორც დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილად დასახელებულ Death Valley-ზე გვხვდება კალიფორნიაში. ანა ვები გვაფრთხილებს, რომ თუ ძაღლი დიდხანს გაჩერდება 40 გრადუსამდე სიცხეში, მან შეიძლება სითბური დარტყმა მიიღოს და დაზიანდეს. 

თავისი 20-წლიანი მუშაობისა და დაკვირვების შედეგად, ანა გვირჩევს, რომ ასეთ სეზონზე ძაღლის მანქანაში გასაგრილებლად გამოვიყენოთ სპეციალური, ყინულის კუბებიანი საღეჭი კანფეტები, რომლებიც იყიდება ზოომაღაზიებში სპეციალურად ძაღლებისთვის. აგრეთვე, არსებობს გამაგრილებელი ჟილეტები, რომლებიც მანქანაში ჩასმის დროს შეიძლება ძაღლს ჩავაცვათ. 

გარდა ამ საშუალებებისა, ანა იხსენებს მარტში შედგენილ სიას ძაღლებისთვის, სახელად, Happy Hounds’ playlist და გვასწავლის, რომ ფიზიკური შეგრძნებების გარდა, სიცხეში ძაღლის მშვიდ მგზავრობას მისი მენტალური მდგომარეობაც უწყობს ხელს. თუ ძაღლი რაღაცით შეწუხებულია და შფოთავს, მას კიდევ უფრო მეტად სცხელა, ამიტომ ანა ვების რჩევაა, გამაგრილებელ ატრიბუტებთან ერთად არ დავივიწყოთ ამ ფლეილისტის არსებობა.

ამას გარდა, Skoda-მ და ანა ვებმა გაგვიზიარეს რამდენიმე ზოგადი რჩევა, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებისა და მანქანების მფლობელებმა უნდა გავითვალისწინოთ:

  • გამოიყენეთ კონდიციონერი. სანამ დაიძრებით, შეამოწმეთ, რომ ის კარგად ნაწილდება უკანა სავარძლებზეც, სადაც ძაღლი ზის. 
  • ზაფხულის დღეებში, თუ შესაძლებელია, ძაღლთან ერთდ იმგზავრეთ დილით ან საღამოს, ანუ იმ საათებში, როდესაც მზე არც ისე ძლიერ აცხუნებს.
  • დაპარკინგებისას ეცადეთ, არ გააჩეროთ მანქანა მზის გულზე. მოძებნეთ გადახურული ადგილი ან ჩრდილი.
  • იყავით მგზავრობისთვის მომზადებული – თან იქონიეთ წყლის ჭურჭელი ძაღლისთვის, ზემოთ ჩამოთვლილი გამაგრილებელი საშუალებები (ერთ-ერთი მაინც) და სველი პირსახოცი. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევისთვის, თუ ძაღლს გადახურება შეამჩნიეთ, სველი პირსახოცი დაგეხმარებათ მის სწრაფად გაგრილებაში. 
  • და ბოლოს, ერთი ზოგადი რჩევა – თქვენი შინაური ცხოველისთვის კომფორტულ მგზავრობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მუდამ იქონიეთ თან მისი საყვარელი სათამაშო, საღეჭი კუბები, პირსახოცი, ფლეილისტი, დასაფენი ნოხი თუ სხვა ატრიბუტები, რომლებიც მას მანქანაში ყოფნას შეაყვარებს და თქვენს სასიამოვნო მგზავრობასაც გაამარტივებს.

ანდროიდ სისტემას ემოჯების შერწყმისა და კითხვის სწავლების ფუნქციები დაემატა

„KataLizatori“ — შუასაუკუნეებისა და თანამედროვეობის სინთეზი ილუსტრაციებში