in

სკოლას გადარჩენილი ბავშვები – ეკო ჩუბინიძე

სკოლაში, მშვიდობიანი დემონსტრაციის ორგანიზება ისწავლეთ ისტორიაში ან სამოქალაქო სამართალში?

BOG
BOG

სტატიის ფორმატი ინტერაქციის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანის პასუხი იდენტური იქნება – „არა.“ არცერთ ჩვენგანს, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში დავამთავრეთ სკოლა, თუ მსოფლიოს რომელიმე სხვა წერტილში, სკოლაში არ გვასწავლიდნენ იმას, რაც არსებული სისტემის, სახელმწიფო მოწყობის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. დიდად არც კითხვების დასმას გვასწავლიდნენ, მაგრამ მოდი, ამჯერად ვიკითხოთ – საერთოდაც, რასაც გვასწავლიდნენ და როგორც გვასწავლიდნენ, რისთვის გვასწავლიდნენ?

მაშინ, როცა ამერიკაში ინდუსტრიალიზაცია მძვინვარებდა, საჯარო სკოლების სისტემა ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა: მოემზადებინა სამუშაო ძალა ქარხნებისთვის და განევითარებინა „კონსუმერიზმი“ ადამიანებში.

ოდნავ განსხვავებული, მაგრამ ისეთივე დიადი მიზნები ჰქონდა საბჭოთა კავშირის სასკოლო სისტემას – მორჩილ პროლეტარებთან ერთად ქვეყანას სამეცნიერო ცოდნა სჭირდებოდა ახალ-ახალი იარაღების შესაქმნელად, რომელსაც თავის მხრივ სასკოლო პროგრამის უფრო და უფრო გართულება მოყვებოდა. შედეგად, ერთეულები ხდებოდნენ მეცნიერები, მასები კი სკოლის პროგრამას ჩამორჩენილები.

პოსტ საბჭოთა ქვეყნებს, და მათ შორის ჩვენც, მაშინდელი სისტემის დამახინჯებული მოდელი შემოგვრჩა – სკოლა, უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოსამზადებელი წარმონაქმნი.

ამერიკელი ავტორი Seth Godin თავის ერთ-ერთ ბლოგპოსტში „What is school for?” სკოლის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ოცდაათამდე მიზანს ასახელებს. ამ ვერსიებში შეხვდებით ირონიასაც, სევდასაც და იმედსაც, მაგ: სტანდარტული ტესტების წარმატებით ჩაბარებისთვის, ბავშვების დაკავება/გართობისთვის მანამ, სანამ მშობლები მუშაობენ, ემოციური ინტელექტის გასავითარებლად, ინფორმირებული მოქალაქის გასაზრდელად და ა.შ. ამ ოცდაათ პასუხს კიდევ ათი იმდენი რომ დავუმატოთ, მათი უმეტესობის მთავარი იდეა მაინც ბავშვების მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება იქნება.

მეოცე საუკუნის ორ განსხვავებულ სამყაროშიც, ამერიკასა და საბჭოთა კავშირშიც საჯარო სკოლა ბავშვებს მომავლისთვის ამზადებდა, რომელიც განსხვავებული, თუმცა ორივეგან წინასწარ დაგეგმილი და „ნათელი“ იყო. დღეს კი ერთადერთი რამ, რაც მომავლის შესახებ ვიცით არის ის, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცით.

ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა შემომჩივლა, ციფრულ მარკეტინგში ლექციებს ვკითხულობ, ცოტაც და კვირიდან კვირამდე მოძველდება ხოლმე ის მასალები, რითიც სილაბუსი მაქვს აწყობილიო. ახლა წარმოიდგინეთ თქვენი სკოლა (მართლა წარმოიდგინეთ, მთელი სიცხადით), რომელიც მინიმუმ ორი წლის წინ, მაქსიმუმ კი იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის დროს დაწერილი წიგნების დაზეპირებით ზრდის ბავშვებს, რომლებმაც ერთი, ორი, სამი ან ოთხი კი არა – ათი, ოცი, ოცდაათი, ორმოცი წლის შემდგომ მსოფლიოში უნდა იცხოვრონ. არც ისეთი „ნათელია“ ეს მომავალი, როგორც ხუთწლიანი გეგმების ეპოქაში იქნებოდა ხო?

რა სიმბოლურია და მართლა ხუთი წელია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ინდუსტრიაში, სარეკლამო ინდუსტრიაში ვარ. ვაკვირდები ბრენდებს და იმ გარემოს, სადაც ისინი არსებობენ, ტენდენციებს და მომხმარებლებს, რომლებიც ბრენდებისგან სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვენ და ვხვდები, რომ ერთადერთი რამ, რითიც შეიძლება ყველაზე მოულოდნელი გამოწვევებიც კი შესაძლებლობებად აქციო პრობლემების არასტანდარტულად გადაჭრის უნარი, ანუ შემოქმედებითი აზროვნების უნარია.

საიდან მოდის შემოქმედებითი აზროვნება და სად მიდის?

ბავშვი ყველაზე შემოქმედებითი არსებააო, მაშასადამე, ეს უნარი დაბადებიდანვე მოგვყვება ყველას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სადღაც ითრგუნება და იკარგება. და სად, თუ არა სკოლაში, სადაც ზრდასრულ ასაკამდე ბავშვი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს და სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ შემოქმედებითად კი არა, საერთოდაც არ ვიაზროვნოთ.

შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად გვჭირდება:

პრობლემების სხვადასხვა გზით გადაჭრის შესაძლებლობა.

ალბათ, ყველამ ზუსტად იცით, რატომ დაწერა შოთა რუსთაველმა „ვეფხისტყაოსანი“ და თუ განსაკუთრებით მონდომებული მოსწავლე იყავით, ისიც გეცოდინებათ თითოეული სტრიქონის უკან ზუსტად რას გულისხმობდა ავტორი.

ცნობისმოყვარეობა და მისი მთავარი იარაღი – შეკითხვის დასმა.

გეოგრაფიაში ყველა ქვეყნის დედაქალაქის, მათი მთავარი მდინარეების ჯერ წყალუხვობის, მერე კი სიგრძის მიხედვით დაზეპირების შემდეგ დრო და ენერგია გრჩებოდათ თქვენი თავისთვის მაინც გეკითხათ, ეს ყველაფერი რაში გჭირდებოდათ ?

შეცდომების დაშვების შესაძლებლობა.

ადამიანი ყველაზე რთულად დასწავლად უნარებს, ლაპარაკს და სიარულს მაშინ ითვისებს, როცა შეცდომების დაშვების არ ეშინია, რადგან არავინ გაკიცხავს, პირიქით, მონდომებისთვის შეაქებენ კიდეც. multiple choice-ების მომგონი ნამდვილად იმსახურებს შექებას გამსწორებლების შრომის შესამსუბუქებისთვის.

თავისუფლება

თავისუფლება საკუთარი თავის ცოდნაა – რა მოგწონს, რა გაინტერესებს, რა გამოგდის კარგად, ვინ ხარ და საერთოდაც, რატომ ხარ. თუმცა, თვითშემეცნების ამ არამატერიალურ განზომილებებს ვინღა დაეძებს მაშინ, როცა ანატომიის გაკვეთილზე სასქესო ორგანოების ქვეთავს  მასწავლებლის ინიციატივით ვუვლიდით გვერდს.

 

ზუსტად ამიტომ, შემოქმედებითი ინდუსტრია ჩემს აღქმაში სკოლასთან „ტვინჩართულ“ ბრძოლაში გადარჩენილი ბავშვების სამყაროა, რომელიც იმდენად განსხვავდება დანარჩენი სამყაროსგან, რომ თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად მკაფიო საზღვრების შემოვლება უწევს. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ჩვენს რეალობაში შემოქმედებითი ადამიანები ძირითადად ხელოვნებისა და კომუნიკაციების სფეროებში არიან დამკვიდრებული.

არადა, იმისათვის, რომ ბიზნესში და სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესში ჩვენი შეზღუდული რესურსები და არასტაბილური გარემო შესაძლებლობად ვაქციოთ, შემოქმედებითობა უნდა გასცდეს კომუნიკაციების საზღვრებს და უნდა იქცეს ორგანიზაციების მართვის ღერძად, რადგან შემოქმედებითობა არის “Building universes out of nothing.” – Danny Sullivan.

 

ეკო ჩუბინიძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

“ტურისტს ვურჩევთ, როგორ დაზოგოს მოგზაურობისას” – GITA-ს გამარჯვებული სტარტაპი Travel Guide

პაემანი წარმოუდგენელია Diet Coke-ის გარეშე!