სკოლას, ზოგადად, ძალიან დიდი როლი უკავია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა დღეს გარემოს დაცვისა და იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება სასწავლო დაწესებულებებმა სწორი ღირებულებები დანერგონ მომავალ თაობაში, მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილებით დაწყებული, პლასტმასით დაბინძურებით დამთავრებული, ჩვენი პლანეტა მზარდი ზეწოლის ქვეშაა და თუ ახალგაზრდებს სწორ მიმართულებას არ მივცემთ, სოციალურ პასუხისმგებლობას არ ჩამოვუყალიბებთ, საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება.
რატომ არის სკოლის როლი მნიშვნელოვანი გარემოსთვის ბრძოლაში
სკოლები მხოლოდ აკადემიური სწავლების ცენტრები არ არის, ეს საზოგადოებაა, სადაც ჩვევები, ღირებულებები და ქცევები ყალიბდება. თუ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან ბუნების პატივისცემას და მასზე ზრუნვას, ეს ღირებულებები მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
სკოლას მოზარდზე დიდი გავლენა აქვს, რადგან ის დღის დიდ ნაწილს სწორედ აქ ატარებს. გარდა ბავშვებისა, სკოლის ჩართულობა გარემოს დაცვაში მოტივაციას აძლევს სხვა სკოლებს, მშობლებსა და მასწავლებლებსაც.
სკოლა ის ადგილია, რომელსაც აქვს ერთგვარი ძალაუფლება, მოიპოვოს საჭირო დახმარება, თუნდაც, სახელმწიფოსგან. გამომდინარე აქედან, თუკი სკოლა გამოიჩენს ინიციატივას და მოამზადებს პროექტს, მისთვის უფრო ადვილია იქნება იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება.
როგორ შეუძლია სკოლას გარემოსთვის სარგებლის მოტანა
- მწვანე ინფრასტრუქტურისა და პრაქტიკის დანერგვა
ენერგოეფექტური განათების, გათბობისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება. შესაძლებლობის შემთხვევაში, მზის პანელების დამონტაჟება. სკოლამ უნდა გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები და მოერიდოს მავნე ქიმიკატებს.
- ნარჩენების შემცირება
ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება სასადილოებსა და ღონისძიებებში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. პირველ რიგში, სკოლები უნდა ეცადონ, ეს ქცევა შეცვალონ და გადავიდნენ მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელზე.
ყველა სკოლის შენობაში უნდა დაიდგას ნარჩენების დასახარისხებელი ყუთი, რომელიც განაცალკევებს სხვადასხვა ნაგავს.
- სკოლის ტერიტორია
დარგეთ ხეები და შექმენით მწვანე სივრცეები სკოლის ტერიტორიაზე. საუკეთესო ვარიანტი იქნება, ეს ყველაფერი თქვენს მოსწავლეებთან ერთად გააკეთოთ.
როგორ ასწავლოს სკოლამ ბავშვებს ბუნებაზე ზრუნვა
ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების დანერგვა არ ნიშნავს მშრალი ფაქტების დამახსოვრებას, აუცილებელია მათი ჩართვა ემოციურად და პრაქტიკულად.
მაგალითებით სწავლება
მასწავლებლებმა და პერსონალმა უნდა მისცენ მოსწავლეებს მაგალითი გარემოსდაცვითი ქცევის შესახებ. ეს შეიძლება იყოს მრავალჯერადი გამოყენების ნივთები, ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა, ენერგიის დაზოგვა და ყველა სხვა აქტივობა.
ბავშვების ჩართვა რეალურ პროექტებში
ძალიან კარგი და სახალისო აქტივობაა ბავშვების ჩართვა დასუფთავების აქტივობებში. მაგალითად, სკოლამ შესთავაზოს მათ ეზოს დალაგება, ნარჩენების დახარისხება, მაკულატურის მოგროვება და ჩასაბარებელ პუნქტში წაღება და ა.შ. ამ მონაწილეობით ბავშვები თავიდანვე გამოიმუშავებენ საჭიროების შეგრძნებას და სამომავლოდ ბუნებაზე ზრუნვა მათი ცხოვრების ნაწილი გახდება.
მჭიდრო კავშირი ბუნებასთან
როცა კარგი ამინდი იქნება, სასურველია, მასწავლებლებმა ეზოში გაიყვანონ მოსწავლეები და გარეთ ჩაატარონ გაკვეთილი. ასევე, მნიშვნელოვანია ექსკურსიებისა და ლაშქრობების დაგეგმვა.
ამ აქტივობებით ბავშვები მეტად იყვარებენ ბუნებას და იაზრებენ მის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში.
მეტი სიმწვანე საკლასო ოთახებში
კვლევების მიხედვით, ოთახის მცენარეები ბუნებრივად ასუფთავებს ჰაერს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კარგი იქნება, დერეფნებსა და საკლასო ოთახებში მაქსიმალურად ათვისებულ იქნეს სივრცე და დაიდგას ქოთნის ყვავილები, რომლებსაც შემდგომ არა მარტო მასწავლებლები და დამლაგებელი, თავად ბავშვებიც მოუვლიან, მორწყავენ და სასუქით გაამდიდრებენ. შეიძლება დაწესდეს მორიგეობა, თუ ვინ მოუვლის ოთახის მცენარეებს ყოველდღიურად და ბავშვებს ეს ჩვევა გამოუმუშავდებათ.
ეკოკლუბები
სკოლებში ხშირად გვხვდება ლიტერატურის კლუბი, საფეხბურთო კლუბი და ა.შ. ამავდროულად, შეიძლება იყოს ეკო ან მწვანე კლუბი (თქვენი ნებაა, რასაც დაუძახებთ). ამ კლუბში მოხალისეები გაწევრიანდებიან და განიხილავენ გამოწვევებს, შეადგენენ სამოქმედო გეგმას და გადაინაწილებენ მოვალეობებს.
რომ შევაჯამოთ, სასწავლო გეგმაში მდგრადი განვითარების ინტეგრირებით, ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის დანერგვითა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ხელშეწყობით, სკოლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს მისცენ საშუალება, გახდნენ პლანეტის დამცველები. ერთი სკოლის მაგალითიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მას სხვებმაც მიბაძონ.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.














