ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines იწყებს. პირდაპირი, რეგულარული რეისები ქუთაისიდან, ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით, კვირაში ორჯერ შესრულდება. ფრენები 4 ივნისიდან დაიწყება.
ოდესიდან და ხარკოვიდან ქუთაისის რეისებზე, ბათუმის მიმართულებით ტრანსფერი, ბილეთის ფასში შედის. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, SkyUp Airlines-ის მგზავრი ქუთაისის აეროპორტიდან ბათუმში რომ მოხვდეს, ბილეთის ყიდვისას, შესაბამისი ოფცია უნდა მონიშნოს. სერვისის უფასოდ მიღება მხოლოდ SkyUp Airlines-ის ვებგვერდზე, ბილეთის ყიდვისას არის შესაძლებელი.
„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines იწყებს. ჩვენი სტრატეგიაა, ქუთაისიდან რაც შეიძლება მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი განხორციელდეს, რათა არა მარტო ტურისტებს ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსვლის საშუალება, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, ევროპაში ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ“, – ამბობს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე.
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines 2016 წელს შეიქმნა. ფრენებს კი, ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, 2018 წლის მაისიდან ახორციელებს. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში ჩარტერული რეისებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო. მოგვიანებით, რეგულარული რეისები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.