in

“ქართველ გეიმერებს შემოსავლის მიღებაში ვეხმარებით” – Sky5-ის სერვისი

Sky5 ეხმარება გეიმერებს, რომლებიც ფართო მასშტაბზე სათანადო ტექნიკის არქონის გამო ვერ გადიან

Startauperi
Startauperi

“კიბერსპორტი ჩვეულებრივ სპორტად ყალიბდება და პანდემიის პერიოდმა წინა წლებთან შედარებით, აქტივობა გააორმაგა. კიბერსპორტის სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება და შესაბამისად, იზრდება საპრიზო ფონდები და მონეტიზაციიდან გამომუშავებული თანხები.”

იყო დრო, როდესაც გეიმერები თამაშს თავიანთ დროს, უბრალოდ, გასართობად უთმობდნენ. დროთა განმავლობაში, გეიმინგის სფერო ფინანსური დაინტერესების საგნად იქცა. გეიმერებმა შემოსავლის თამაშიდან მიღების არაერთი გზა გამოძებნეს, თამაშის Live ჩართვიდან დაწყებული, ტურნირებით დასრულებული.

საქართველოში კიბერსპორტი საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, მონდომებისა და კარგი უნარების მიუხედავად, გეიმერები შემოსავლის მიღებას ნაკლებად ახერხებენ. ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის არქონა და იმ არხების შესახებ ცნობადობის ნაკლებობა, საიდანაც საერთაშორისო ბაზრის მოთამაშეები დიდ თანხებს გამოიმუშავებენ. სწორედ ამიტომ, სამმა მეგობარმა, დავით მესხმა, სანდრო მეძმარიაშვილმა და სანდრო ჭანტურიამ, გადაწყვიტეს კიბერსპორტის ქართული კომუნა გაეძლიერებინათ და ეს შემოსავლის წყაროდაც ექციათ. გეიმინგი სამივეს აინტერესებს, თამაშობენ კიდეც და ერთობლივად წამოწყებული ბიზნესის – Sky5-ის – საქმებს სამსახურის პარალელურად უძღვებიან.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, ნიჭიერ გეიმერებს საკუთარი რესურსებით დავეხმაროთ სათანადო ტექნიკური ეკიპირების მოპოვებაში, ლაივსტრიმების საშუალებით გავზარდოთ მათ შესახებ ცნობადობა. საბოლოო ჯამში, გვინდა ამ ადამიანებს განვითარებაში დავეხმაროთ, ხალხს გავაცნოთ და გარდა კარგი მოთამაშეებისა, კონტენტის შემქმნელებადაც იქცნენ, რა პრაქტიკაც, გეიმინგის საერთშორისო ბაზარზე კარგა ხანია არსებობს.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ იმ ძალიან ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს, რომლებიც ფართო მასშტაბზე, ერთი მხრივ, ენობრივი ბარიერის, მეორე მხრივ კი, სათანადო ტექნიკის არქონის გამო ვერ გადიან.”

ბიზნესმოდელი საერთაშორისო პლატფორმა Faze-ის მაგალითზე ააწყეს. პირველი ნაბიჯები Call Of Duty-ის სტრიმინგით დაიწყეს, რისთვისაც Call Of Duty-ის საუკეთესო ქართველი მოთამაშე მიიწვიეს და სულ მოკლე დროში, აუდიტორიას ზრდა დაეტყო. ახლა, PUBG Mobile-ის სტრიმინგის დამატებასაც გეგმავენ.

M: როგორია გამოხმაურება გეიმერების მხრიდან?

არ მოველოდით, იმდენად კარგი უკუკავშირი მოყვა ამ ყველაფერს. ოთხ ადამიანს უკვე დავეხმარეთ, ასევე, ვათამაშებთ საჩუქრებს და ვცდილობთ ეს კარგი ტემპი არ დავაგდოთ.

დაახლოებით, 9000 ლარი ჯდება Call Of Duty-ის ერთი მოთამაშის სრულად აღჭურვა. ყურადღებას ვაქცევთ, რომ ყველაფერი ხარისხიანი იყოს, რადგან წინ ვიყურებით და საერთაშორისო მასშტაბზე გვინდა გავიდეთ.

M: როგორია შემოსავლის მიღების მექანიზმი?

შემოსავალი რამდენიმე მიმართულებიდან შემოდის. ერთია სტრიმი. სტრიმისთვის სამი პოპულარული პლატფორმა არსებობს: Facebook, YouTube და Twitch. Twitch-ს ჯერ არ ვიყენებთ, რადგან ქართველი მაყურებელი არ იცნობს. ამიტომ, Facebook-ს მივანიჭეთ უპირატესობა. თუმცა, არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, ორ პლატფორმაზე ერთდროულად გაეშვება ლაივი. ამ სამივე არხზე მუშაობს მონეტიზაცია და სტრიმის ყოველ გარკვეულ ნახვაზე შემოდის თანხა. აქაც, მნიშვნელობა აქვს, საიდან გიყურებს მაყურებელი – მაგალითად, ამერიკელი მაყურებელი უფრო ძვირად ფასობს.

ფინანსების ერთ-ერთი წყაროა დონაცია – მოთამაშე აკეთებს სტრიმინგს და მისი მაყურებლები, მხარდაჭერის მიზნით, თანხას ურიცხავენ. ეს გამოცდილი პრაქტიკაა საზღვარგარეთ, უბრალო ხალხი, ვინც სტრიმერს თვალს ადევნებს, მხარდაჭერის მიზნით, ურიცხავს თანხას. ეს უკვე ჩვენთანაც სწრაფად იკიდებს ფეხს.

ამას გარდა, არის ტურნირები. თუკი, დაახლოებით, 20 წლის წინ, მოთამაშე 1000 ლარისთვის იბრძოდა, დღეს იგებს, დაახლოებით, 3 მლნ დოლარს. მხოლოდ, 2020-ში, მაგალითად, Dota 2-ის საპრიზო 40 მლნ დოლარი იყო. ამ წლის საპრიზო ფონდი 50 მლნ იქნება.

M: რამდენად საინტერესოა სტრიმერისთვის, ფინანსური თვალსაზრისით?

სტრიმერისთვის ფინანსურად ძალიან მიმზიდველია მონეტიზაცია. YouTube დადებული ვიდეოს ნახვებიდანაც იხდის თანხას. ტოპ-სტრიმერების ვიდეოებს, სულ მცირე 500 000 ნახვა აქვთ, რაც თანხობრივად, ყოველი ვიდეოსთვის $1500-ს ნიშნავს. ანუ, სხვა თუ არაფერი, თვეში $45 000-ს მარტო აქედან იღებენ. ამას გარდა, არის Placement, რაშიც ცალკეული კომპანიები იხდიან თანხას.

ასევე, არის დიდი და შედარებით მცირე ტურნირები, რომლებიც რეგულარულად ტარდება. ყოველ შაბათს $300-500-ს იგებს მოთამაშე, რაც ქართულ რეალობაზე რომ გადმოიყვანო, საშუალო ხელფასზე მაღალი ანაზღაურებაა.

ქართველი გეიმერებისთვის, ჯერჯერობით, ეს ცოტა უცხოა, თუმცა, ეჩვევიან. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენს გუნდს ვქმნით. არა. ჩვენ ვქმნით კონტენტს, რომელიც გეიმერებს განვითარებაში ეხმარებათ.

M: სამომავლოდ…

გვინდა, მუდმივად აქტიური იყოს გვერდი – სულ იყოს ჩართული სტრიმი. გეიმერებს დროები გაუნაწილდებათ. საინტერესოა, რომ მაყურებლების აქტივობა არ იკლებს ღამითაც. ამდენად, ეს ჩართულობას ბევრად გაზრდის.

როდესაც პანდემია შესუსტდება, გვინდა გავხსნათ გეიმინგ კლუბი, სადაც რამდენიმე კარგად აწყობილი კომპიუტერი იქნება და სტრიმერებს მაუწყებლობისა და კონტენტის შექმნის საშუალება მიეცემათ. დაიგეგმება და შეიქმნება მთელი მექანიზმი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

General Motors და Cruise, თვითმართვადი მანქანების კომერციალიზაციისთვის, Microsoft-თან თანამშრომლობენ

ნახეთ: ვულკან ეტნას ამოფრქვევის საოცარი კადრები