Salesforce, ღრუბლოვანი პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი გიგანტი, აქტიურად გარდაქმნის საკუთარ ბიზნესს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. სულ ახლახან მისმა გუნდმა წარმოადგინა ამ ძალისხმევის უახლესი შედეგები: Slack-ის განახლება, რომელიც მრავალი ახალი AI-ფუნქციით არის აღჭურვილი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის AI-აგენტის, Slackbot-ის, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვერსია.
30 ახალი ფუნქცია, რომლებიც უახლოეს თვეებში გახდება ხელმისაწვდომი, მოჰყვა იანვრის განახლებას, რომელმაც Slackbot-ს აგენტური შესაძლებლობები მისცა, რაშიც შედის: ელფოსტების დაწერა, შეხვედრების დაგეგმვა და ინბოქსში კონკრეტული ინფორმაციის მოძიება.
გამოცხადებულ სიახლეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ე.წ. „მრავალჯერადი გამოყენების AI-უნარები“ (reusable AI-skills), რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ კონკრეტული დავალებები Slackbot-ისთვის. მათი შექმნის შემდეგ, ეს უნარები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სიტუაციასა და კონტექსტში. Salesforce-ის თქმით, Slackbot-ს უკვე აქვს AI-უნარების ჩაშენებული ბიბლიოთეკა, თუმცა მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი, მორგებული ვერსიების შექმნაც.
ამ უნარების დაყენების შემდეგ, თანამშრომლების სამუშაო მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია Slack-ში მარტივი ბრძანებით „შექმენი ბიუჯეტი“, დაავალოს Slackbot-ს კონკრეტული დავალება. ბოტი მოიძიებს ყველა შესაბამის ინფორმაციას კომპანიის Slack არხებიდან, ასევე დაკავშირებული აპებიდან და მონაცემთა წყაროებიდან და შექმნის პრაქტიკულ გეგმას. ამის შემდეგ ავტომატურად დაგეგმავს შეხვედრას და მოიწვევს შესაბამის თანამშრომლებს მათი პოზიციების მიხედვით.
Slackbot ახლა ასევე ფუნქციონირებს როგორც MCP (Model Context Protocol) კლიენტი, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაუკავშირდეს და კოორდინაცია გაუწიოს გარე სერვისებსა და ინსტრუმენტებს. მათ შორის არის Agentforce, Salesforce-ის AI-აგენტების განვითარების პლატფორმა, რომელიც 2024 წელს გაეშვა. ამ კავშირის საშუალებით Slackbot-ს შეუძლია „გადაამისამართოს დავალება ან კითხვები Agentforce-ზე ან სხვა აპებზე თქვენს ორგანიზაციაში“ და თავად მოძებნოს ყველაზე ეფექტური გზა ინფორმაციის გადასაცემად, ადამიანის ჩარევის გარეშე.
Slackbot-ს კიდევ შეუძლია შეხვედრების ტრანსკრიფცია და შეჯამება. თუ მონაწილეს შეხვედრაზე ყურადღება გაეფანტა და მნიშვნელოვანი დეტალები გამოტოვა, შეუძლია უბრალოდ სთხოვოს Slackbot-ს შეხვედრის მოკლე მიმოხილვა, მათ შორის დაკისრებული დავალებებით.
აგენტს ასევე შეუძლია იმუშაოს Slack-ის ფარგლებს გარეთ და აკონტროლოს მომხმარებლის დესკტოპაქტივობები, მაგალითად, თქვენი გარიგებები, საუბრები, კალენდარი და ჩვევები. ამ კონტექსტის საფუძველზე, ბოტი აკეთებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს ან ამზადებს შემდგომ ქმედებებს მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის. ამ დიზაინში ჩაშენებულია კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმები და მომხმარებლებს შეუძლიათ საჭიროებისამებრ დაარეგულირონ წვდომა.
მოკლედ, Salesforce აშკარად ცდილობს Slack გადააქციოს უბრალო კომუნიკაციის ინსტრუმენტიდან უფრო მრავალფუნქციურ პლატფორმად, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა ამოცანას მოიცავს. მისი მიზანია, AI-შესაძლებლობების ინტეგრაციით, Slack გახდეს შეუცვლელი ინსტრუმენტი ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში.













