ხელოვნური ინტელექტის გავრცელებამ და მისმა მიღებამ ბიზნესებისა და კომპანიების მიერ მთელ მსოფლიოში, გააჩინა იმედი, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობის დონე გაიზრდება. უამრავ ციფრულ ხელსაწყოში საუკეთესოს ამორჩევა რთულია, ამიტომ ერთ-ერთს აქ გაგიზიარებთ.
პლატფორმა, რომელიც ამ ტენდენციის სათავეშია, არის Slack, შეტყობინებების პლატფორმა, რომელსაც დღესდღეობით მილიონობით კომპანია იყენებს, რათა დაეხმაროს გუნდს კომუნიკაციასა და საქმეების შესრულებაში. ამ წლის დასაწყისში Slack-მა გამოუშვა ახალი AI ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება იმ კონტენტის შეჯამებაში, რომელსაც ისინი ცვლიან აპლიკაციის მეშვეობით. ეს კი მათ დროს მნიშვნელოვნად ზოგავს.
როგორ მუშაობს Slack-ის ახალი ფუნქცია
Slack AI ამოქმედდა მიმდინარე წლის თებერვალში და ის შექმნილია კომუნიკაციების გამარტივებისა და თანამშრომლების პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. ის აჯამებს ყველა იმ საუბარს, რომელიც შედგა ერთი კონკრეტული თემის, ე.წ. Thread-ის გარშემო, რომელიც Slack-ში სასაუბრო ხაზს ნიშნავს. ეს ფუნქცია ეხმარება თანამშრომლებს, მიიღონ საუბრის მოკლე შინაარსი და არ დასჭირდეთ ასობით გაცვლილი შეტყობინების კითხვა.
ინსტრუმენტი ხაზს უსვამს დისკუსიაში ნახსენებ ძირითად თემებს და შეუძლია მათი შეჯამება სასურველი დროის ფარგლებში, როგორიცაა, მაგალითად, ბოლო 7 დღე და ა.შ.
თანამშრომლები სარგებლობენ ამ ფუნქციით, თუ ისინი, მაგალითად, იმყოფებოდნენ შვებულებაში ამ პერიოდის განმავლობაში, ავად იყვნენ ან სხვა მიზეზის გამო არ ჰქონდათ აპლიკაციასთან წვდომა. მათ შეუძლიათ, სწრაფად გაეცნონ ყველაზე რელევანტურ თემებს, სიტუაციებსა და დისკუსიებს და არ ჩამორჩნენ სხვებს.
Slack-მა ასევე შეიმუშავა AI-ზე მომუშავე საძიებო ინსტრუმენტი, რომ გაამარტივოს კონკრეტული შინაარსის პოვნა სასურველ არხებში.
90 წუთით ნაკლები დრო
Slack AI-მ უკვე გამოიღო პერსპექტიული შედეგები. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომლები საშუალოდ კვირაში 1,5 საათს (90 წუთს) ზოგავენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით. კომპანიები, რომლებიც მას აქტიურად იყენებენ, არიან: SpotON, Uber Technologies (UBER) და სხვები. როდესაც კომპანიაში ათობით და ასობით თანამშრომელია, ეს ფუნქცია კიდევ უფრო ნაყოფიერი ხდება.
AI ხელსაწყოებს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს სამუშაო ბაზარი. ინსტრუმენტები, როგორიცაა Slack AI, ცვლის პროდუქტიულობას და ეხმარება ორგანიზაციებს, გააუმჯობესონ დროის მართვა გუნდის წევრებისთვის. ეს ინსტრუმენტები თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, ფოკუსირება მოახდინონ უფრო სტრატეგიულ, კრეატიულ ან რთულ ამოცანებზე.