in

ნახვამდის Glitch, გამარჯობა Slack! – ცნობილი სამუშაო ჩატის ისტორია

სტიუარტ ბატერფილდი ცნობილი იყო, როგორც Flickr-ის ერთ-ერთი შემქმნელი. შეგახსენებთ, Flickr ფოტოების გაზიარების სერვისია, რომელიც 2005 წელს Yahoo-მ შეიძინა. სტიუარტმა გადაწყვიტა, ძალები თამაშების შექმნაში ეცადა.

istoriebi
istoriebi

თავისი ოცნების განსახორციელებლად, მან ძალები გააერთიანა კალ ჰენდერსონთან, Flickr-ის მთავარ პროგრამულ ინჟინერთან; ასევე, ერიკ კოსტელოსა და სერგეი მოურახოვთან, რომლებიც ასევე Flickr-ის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. ისინი ერთად მუშაობდნენ Tiny Speck-ში, კომპანიაში, რომელიც ქმნიდა ონლაინთამაშს.

ამ ამბიდან გავა რამდენიმე წელი და დაიბადება Slack, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანების მუშაობის წესი.

Glitch-ის ერა

Glitch იყო ჩვეულებრივი, 2D ბრაუზერზე დაფუძნებული მრავალმოთამაშიანი თამაში, სადაც მომხმარებელს ეძლეოდა ამოცანები და სხვა ადამიანებთან ერთად ე.წ. ქვესტებზე უნდა ემუშავა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბატერფილდმა და მისმა გუნდმა $10,7 მილიონი დაფინანსება მიიღო, პროდუქტის განვითარება შეფერხდა. უკვე ცხადი იყო, რომ Glitch ვერ გახდებოდა ჰიტი, ამიტომ მალევე ბატერფილდმა დაწერა Twitter-ზე (ახლანდელი X), რომ ეს თამაში მოკვდა, თუმცა ის ამით გაჩერებას არ აპირებდა.

დამშვიდობება Glitch-თან, მისალმება Slack-თან!

ჯერ კიდევ თამაშზე მუშაობის პერიოდში, გუნდი სხვადასხვა შტატში იმყოფებოდა, ამიტომ მათ სჭირდებოდათ საქმიანი ჩატი ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ და დავალებების გასავლელად. ამისთვის იყენებდნენ ხელსაწყოს IRC, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებდა კომუნიკაციის ყველა საჭიროებას. 

დეველოპერების ჯგუფი დაფიქრდა საკუთარი ხელსაწყოს მოფიქრებაზე, რადგან გააცნობიერეს, რომ მათ თავად შეეძლოთ უკეთესი და ყველა საჭიროებაზე მორგებული პროდუქტის შექმნა. 

ასე დაიბადა Slack-ის იდეა!

Slack-ის ფუნქციონალები

ძირითადი ფუნქციონალების გარდა, როგორიცაა გუნდის წევრების დამატება და ერთმანეთისთვის შეტყობინებების დატოვება Slack-ის სხვადასხვა არხში, ბატერფილდმა შექმნა ცალკე სასაუბრო ოთახი, სადაც გუნდს შეეძლო განეხილა არასამუშაო საკითხები. ამ არხს ეწოდა #random channel და ის ახლაც ჩვეულებრივ გამოიყენება Slack-ის მომხმარებელთა მიერ. 

მიუხედავად იმისა, რომ მათ საკომუნიკაციოდ სრულფასოვანი პლატფორმა შექმნეს, არ გაჩერებულან და განაგრძეს განვითარება. კერძოდ, დაიწყეს ინტეგრაციების დამატება სხვადასხვა პლატფორმასთან, რამაც გააადვილა ფაილების გაზიარება და დისტანციურად თანამშრომლობა.

Slack-ის ფლობა გუნდისთვის კიდევ ერთი უპირატესობა იყო – საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ მისი შესწორება, ფუნქციონალის დამატება, როცა რაღაც მეტს მოისურვებდნენ. 

B2B გეგმა

გუნდმა დაიწყო სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა და მათთვის Slack-ის საცდელი ვერსიის შეთავაზება. პლატფორმის შემქმნელები ხვდებოდნენ, რომ სამკაციანი გუნდი არ იყო საკმარისი ყველა დეტალის გასათვლელად და ყველა საჭიროების განსასაზღვრად. აუცილებელი იყო ახალი კომპანიების მოძიება და მათი მოთხოვნების გათვალისწინება. გუნდისთვის საინტერესო იყო ორგანიზაციების თანამშრომლობის კულტურის შესწავლა და მასზე დაფუძნებით, Slack-ის განვითარება.

Slack Technologies-ის დაბადება

2014–2015 წლებში წარმოიშვა აპლიკაცია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა სამუშაო ადგილებზე. Tiny Speck-ის გუნდმა ოფიციალურად დაარქვა კომპანიას Slack Technologies და 2014 წელს უკვე საველე პირობებში ჩაუშვა.

2015 წელს Slack-ის ინტერფეისი დესკტოპსა და მობილურზე გამოჩნდა. 24 საათის განმავლობაში ხელსაწყოს 8000-ზე მეტი რეგისტრირებული ჰყავდა, სანამ Slack ტექნიკურად ჯერ კიდევ ბეტარეჟიმში იყო. გაშვებიდან ორი კვირის შემდეგ მას უკვე 15000 მომხმარებელი ჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს Slack კიდევ უფრო მოთხოვნად ხელსაწყოდ იქცა და მსოფლიო მასშტაბით გაითქვა სახელი. დღეს მას არაერთი კომპანია იყენებს, მათ შორის საქართველოში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ მივაღწიოთ წარმოუდგენელ მიზნებს? — 6 საიდუმლო

რომის ეტიკეტი ტროპიკული ტყის ინსპირაციით შეიქმნა